[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
საყოველთაოდ განთქმული Gucci ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა 2009 წელს ყველაზე სასურველ და პოპულარულ ბრენდად დაასახელა. რამდენადაც ცნობილი და პოპულარულია მისი ნაწარმი, იმდენად საინტერესო გახლავთ მისი მრავალწლოვანი ისტორია, რომლის შესახებაც ფილმებიც კი გახლავთ გადაღებული.
ლეგენდის დაბადება
კომპანიის დამაარსებელი გუჩიო გუჩი დაიბადა 1881 წელს ფლორენციაში. მამამისი ტიპიური იტალიული ხელოსანი იყო, ჩალის ქუდებს აკეთებდა და შემდეგ ყიდდა. ჰოდა, ბავშვიც პატარაობიდანვე ეხმარებოდა. 23 წლის რომ გახდა, გუჩიომ ცხენის მოსართავების დასამზადებელი საკუთარი სახელოსნო გახსნა და „გუჩის სახლი“ დაარქვა.
თუმცა, ამ სახელოსნოს დიდ ხანს არ უარსებია. მალე გუჩიო მამას ეჩხუბა და სამშობლოდან გადაიხვეწა. იგი ლონდონში დასახლდა, სადაც სასტუმროში ჯერ მტვირთავად, შემდეგ კი მელიფტედ მუშაობდა. სწორედ მაშინ დაებადა მას აზრი, რომ ჩემოდნები და ჩანთები ადამიანის სტატუსს და მის კასტასთან მიკუთვნებას
შეიძლება განსაზღვრავდეს.
1921 წელს გუჩი სამშობლოში დაბრუნდა, დაქორწინდა და ლონდონში მოქუჩებული ფულით სახელოსნო გახსნა, სადაც ჩემოდნებს, ცხენის მოსართავებს და ჟოკეის ტანსაცმელს ამზადებდა და შემდეგ საკუთარ მაღაზიაში ყიდდა. ნატურალური ტყავისაგან დამზადებულმა ნაკეთობებმა სახელი მალე გაითქვა და გუჩის მაღაზიას მხედრები ლამის მთელი ევროპიდან მოაწყდნენ. მამას საქმეში ექვსივე ვაჟი ეხმარებოდა, რომელთაგან უფროსმა ალდომ 1933 წელს ოჯახური ფირმის ლოგოტიპი მოიგონა.
1937 წელს სახელოვნო ფაბრიკად იქცა, რომელიც ჩემოდნებს, ქალის ხელჩანთებს და ხელთათმანებს ამზადებდა. ერთი წლის შემდეგ რომში გაიხსნა გუჩის საფირმო მაღაზია. მოახლოებული ომის მიუხედავად, გუჩის ბიზნესი იფურჩქნებოდა და 1940 წელს საფირმო მაღაზიები თითქმის მთელ იტალიაში გაიხსნა. ეს ალდოს დამსახურება იყო, იგი ყველათერს აკეთებდა იმისთვის, რომ კომპანია გაფართოებულიყო და ნაწარმის ასორტიმენტიც მრავალფეროვანი გამხდარიყო. სწორედ მისი ინიციატივით დაწყო ოჯახურმა ფირმამ ჰალსტუხების და საათების წარმოება. ბამბუკის სახელურიანი საკულტო ხელჩანთის დამზადების იდეა მას შემდეგ ეწვია, რაც ომმა ტყავი დეფიციტად აქცია.
40-იანი წლების დასაწყისში ალდო ერთ-ერთი პირველი ევროპელი მეწარმე გახდა, რომელმაც ამერიკას მიაშურა. იანკთა ქვეყანა აღტაცებული დარჩა Gucci-ის პროდუქციით. 1953 წელს აშშ-ში პირველი საფირმო მაღაზია გაიხსნა.
ოჯახური განხეთქილება
იმავე, 1953 წელს გარდაიცვალა გუჩიო გუჩი. ეს ოჯახური ფირმის დაღმასვლის დასაწყისი აღმოჩნდა. ძმები ქონების გაყოფაზე ვერ მორიგდნენ და მათი დავა სასამართლოებში კარგა ხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, სასამართლომ 50 პროცენტი ალდოს მიაკუთვნა, რომელიც კომპანიას სათავეში ჩაუდგა. შემდეგ ალდოს წინააღმდეგ სასამართლოს უკვე მისმა ვაჟმა პაოლომ მიმართა.
მიუხედავად ყველაფერი ამისა, 60-70-იანი წლები ფირმისათვის წარმატებული აღმოჩნდა. მის ასორტიმენტს შეემატა ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და სუნამოები. დაარსდა შვეიცარული განყოფილება Gucci Timepieces, რომელიც საათებს და საიუველირო ნაწარმს უშვებდა.
ამასობაში, პაოლომ მამის წინააღმდეგ კომპრომატები მოაგროვა, ამერიკელ სამართალდამცველებს გადასცა და 1986 წელს ალდო გუჩი გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების ბრალდებით ამერიკულ ციხეში აღმოჩნდა. ამბობენ, რომ პაოლოს ამგვარი საქციელისაკენ ბიძაშვილმა მაურიციომ უბიძგა, რომელიც 1989 წელს ფირმის პრეზიდენტი გახდა.
შედეგად, კომპანიის საქმე უკან წავიდა. მაურიციომ არაერთი არასწორი ბიზნეს-სვლა გააკეთა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Gucci-ის საფირმო ლოგოტიპით პროდუქციის გამოშვების უფლება რამდენიმე წვრილ ფირმას მიყიდა. 90-იანი წლების დასაწყისში Gucci-ის ნაწარმი უკვე დაბალ დონედ ითვლებოდა და კომპანია თითქმის გაკოტრების პირას იყო.
ფირმის თანამფლობელებმა - გუჩიოს შვილიშვილებმა გადაწყვიტეს თავიანთი კაპიტალი გადაერჩინათ და კუთვნილი აქციები ბაჰრეინულ კომპანია Investcorp-ს მიყიდეს. ახალმა მფლობელებმა სიტუაციის გამოსწორების მიზნით ეკონომიკურ დირექტორად დომენიკო დე სოლო მოიწვიეს, რომელმაც, თავის მზრივ, ამერიკელ დიზაინერს ტომ ფორდს უხმო, რომელიც შემოქმედებით დირექტორად დანიშნა.
Gucci გუჩის გარეშე
1993 წელს მაურიციომ თავისი წილიც ბაჰრეინელებს მიყიდა. ასე რომ, კომპანიაში გუჩის ოჯახის წარმომადგენელი აღარ დარჩა. ერთი წლის შემდეგ მაურიციო თავისი მილანური ოფისის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. როგორც გამოიძებამ რამდენიმე წლის შემდეგ დაადგინა, ქილერი გარდაცვლილის მეორე ცოლმა დაიქირავა, რომელსაც მაურიციოს მესამედ დაქორწინების გამო შური ეძია.
დე სოლეს და ფორდის სწორი პოლიტიკის წყალობით კი გასული საუკუნის ბოლოს Gucci კვლავ მოდის სამყაროს ლიდერად იქცა. სეზონიდან სეზონამდე საქმე სულ უფრო და უფრო კარგად მიდიოდა და Gucci იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ კონცერნად იქცა.
2004 წელს კომპანია Gucci Group ფრანგულმა კორპორაცია Pinault Prin-temps Redoute-მ შეიძინა. ახალ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ფირმა დატოვეს მისმა გადამრჩენებმა - დე სოლემ და ფორდმა. თითქოს კრიზისი გარდაუვალი იყო, მაგრამ ფორდის შემცვლელად მოიწვიეს ალექსანდრა ფაკინეტი, რომელმაც პროდუქციას ახალი ხიბლი შესძინა. მალე იგი ფრიდა ჯანინიმ შეცვალა, რომელიც კომპანიაში დღემდე მუშაობს. სწორედ მისი და განთქმული პინოს მენეჯმენტის წყალობით გაიფურჩქნა კვლავინდებურად Gucci და ახალი სიმაღლეები დაიპყრო.