საქართველომ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა საზღვარგარეთაა დასაქმებული, ხოლო ქვეყნის შიგნით მათი წილი მცირდება. ადგილზე მუშაობა ბევრ ადამიანს აღარ სურს. სწორედ ამაზე მეტყველებს ემიგრაციის მზარდი ნაკადი და აქ შექმნილი კადრების დეფიციტი.
ეკონომისტ სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 860 000-ის ფარგლებშია, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, 950 000 ადამიანი.
„საქართველო თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი იმ უიშვიათესი სახელმწიფოთაგანია, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებით დასაქმებული უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 860 000-ის ფარგლებშია (ბოლო მონაცემებით), ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ალბათ 950 000 ადამიანი.
სწორედ მათ ხარჯზე ქვეყნის შიგნით, გარკვეულწილად, იზრდება მოთხოვნილება, გადახდისუნარიანობა და ამას გარკვეული როლი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. თუმცა, ეს ადამიანები, თავის ცოდნით და გამოცდილებით, საქართველოსთვის ადგილზე უფრო მეტის მომტანნი იქნებოდნენ“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ გადაცემაში „საქმე“.
რამდენიმე დღის წინ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. ასევე, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. იმ ადამიანთა მაჩვენებელი, რომლებიც მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წასვლას მოსალოდნელად მიიჩნევდნენ, 2019 წელს 76% იყო, 2023 წელს კი 82%-ია.
ვითარების სირთულეს ბიზნესიც ადასტურებს. კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძის აზრით, ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებაა.
„ბიზნესს ქმნიან ადამიანები. ფული და მანქანები ბიზნესს არ აკეთებენ. ეს უნდა ვთქვათ ხმამაღლა და გავაგებინოთ ყველას - ჩვენ ვკარგავთ ყველაზე აქტიურ ადამიანებს.
იმედი უნდა ჩავუსახოთ ადამიანებს, რომ 4-5 წელიწადში აქ ყველაფერი კარგად იქნება... შარშან 100 000 ქართველი დავკარგეთ - მათ საქართველო დატოვეს. აქედან 84% შრომისუნარიანი იყო. ამის მიზეზი არაა მხოლოდ სოციალური ყოფა... ამ საკითხით ფსიქოლოგებიც უნდა დაინტერესდნენ. მე ვურჩევდი დღევანდელ მთავრობას, რომ ისევ აღადგინოს დასაქმების სამინისტრო, რომელმაც უნდა შეისწავლოს რატომ გარბის ეს ხალხი საქართველოდან, როგორ შეიძლება დავაკავოთ, რა პროფესიები უნდა განვავითაროთ, თორემ რა დავრჩებით? ხინკლის და ღვინის ქვეყანა! მე არ მინდა ასეთი ქვეყანა.
ვინც იქნება პრემიერ-მინისტრი, მისი ყველაზე დიდი ფუნქცია და პრეროგატივაა, რომ შექმნას ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ხალხს კი არ გააქცევს, არამედ იმედს შეუქმნის, რომ 10 წლის შემდეგ საკმაოდ კარგი შემოსავალი ექნებათ“, - თქვა გადაცემა „წერტილში“ პაატა ტრაპაიძემ.
ნორმალური საკონსერვო ქარხნის აშენების ნებასაც კი არ მოგვცემენ, თუ ასე თავწახრილები, გადამხმარი ბალახის ძოვას, კმაყოფილი სახით დავჯერდებით.
ჩვენი მოსახლეობა ან აქ უნდა მოემსახუროს მათ (ტურისტებს), ან იქ უნდა წავიდეს მათი მოხუცების მომვლელებად. ტურიზმით და მოსამსახურეობით აშენებული ქვეყანა და ღირსეული საზოგადოება უნახავს ვინმეს?
მეტნაკლებად ნორმალური სამუშაო, რაც ჩვენ შეიძლება დაგვრჩეს ეს იქნება მეღვინეობა, მეხილეობა (სამრეწველო გადამუშავების გარეშე) და პორტების მომსახურება.
რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებულთა რაოდენობას, ამაში სომხეთს ნამდვილად ვერ გავუსწრებთ. განსხვავება ის არის რომ, ისინი რესურსების სიმწირის გამო არიან იძულებული წავიდნენ ქვეყნიდან, ჩვენ საკმარისი რესურსები ნამდვილად გაგვაჩნია მაგრამ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სამუშაო ძალა გაიქცეს ქვეყნიდან. იმედია ეს სახადიც ოდესმე ჩაივლის. ბევრი უკვე ხვდება, რომ იქ მხოლოდ მონური არსებობა ელოდებათ და დასავლური სამოთხით იმედგაცრუებულები უკან ბრუნდებიან.