ძალიან სამწუხაროა, რომ იმ სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება იჩენს ამ მძიმე პერიოდში უკრაინის მიმართ, დღემდე არ არის დანიშნული უკრაინის ელჩი საქართველოში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით არახამიას განცხადებას საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შესახებ.
„მე იმედი მაქვს, რომ ეს ნაკლი, რომელიც შემოტანილია ჩვენს ურთიერთობებში, მალე აღმოიფხვრება. არ მგონია, რომ წინაპირობების დაყენება აქ სწორი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ და ამ დამოკიდებულების აღდგენის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
არახამიას თქმით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის პირადად სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დანიშვნას. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.