დანიგანი დეგნანს რომ შევადაროთ, უკეთესი ელჩი იყო, მაგრამ ეს წასვლა ცოტა უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ თავად თქვა, რომ წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.
„როდესაც ელჩები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დიპლომატიური საქმიანობა აწარმოონ სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც პენსიაზე გასვლას აპირებდნენ, უნდა დაასრულონ ის პერიოდი იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობა უწევთ და შემდეგ წავიდნენ. ამიტომ მეეჭვება, რომ მისი წასვლა პირადი მიზეზით ყოფილიყო. მე მგონია, რომ ის საელჩოდან გაუშვეს და იმედი მაქვს, რომ უკეთესი ელჩი იქნება დანიშნული, რომელიც უფრო ადეკვატურ დიპლომატიურ საქმიანობას გაწევს საქართველოში“, - აღნიშნა პიმენ ყურაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი ელჩი.
„საელჩო ქარდებით არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს არჩევნების დროს. დიპლომატია უნდა რჩებოდეს დიპლომატიურ ჩარჩოში, როგორც ადრე იყო. დღეს ყველაფერი შეცვლილია. ხანდახან მეჩვენება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უფრო დიპლომატიურად იქცევიან, ვიდრე თვითონ დიპლომატები საჯარო პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ამის გამოსწორება მოხდება ამერიკის მხრიდან“, - დასძინა ყურაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობა 5 ივნისს დატოვა.