საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია და ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა.
„არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკო-ს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.