ევროპული ქვეყნების მმართველთა შორის ყველაზე მდიდარი იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გახლავთ. მისი ქონება 9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია და, შესაძლებელია, სენიორ ბერლუსკონი გაცილებით მდიდარი იყოს, რადგან მსგავსი მაღალი თანამდებობის პირებს, ხშირად, საერთო ეროვნულ შემოსავალზე ხელი ცუდად მიუწვდებათ და პოსტზე მოხვედრამდე თავიანთი ბიზნესის დიდ ნაწილზე კონტროლს ფორმალურად სხვა პირებს გადასცემენ ხოლმე.
მეთექვსმეტე საუკუნეში უდიდესმა ფლორენციელმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა ნიკოლა მაკიაველიმ დაწერა განთქმული ნაწარმოები „ხელმწიფე“, რომელშიც სახელმწიფოს ერთიანი მართვის ზოგადი პრინციპები მიმოიხილა. ამბობენ, ბევრი უზურპატორისათვის იტალიელის ქმნილება სამაგიდო წიგნი იყო. არავინ იცის, შეისწავლა თუ არა თავისი თანამემამულის შემოქმედება იტალიის
პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ მის ცხოვრებისეულ გზაზე თვალის გადავლება გვაფიქრებინებს, რომ მაკიაველისეული იდეები მისთვის ძალზე ახლობელია.
შემოქმედება და იღბალი
სილივიო ბერლუსკონი დაიბადა მილანში 1936 წლის 29 სექტემბერს საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში. მისი მამა საბანკო კლერკი იყო, დედა კი დიასახლისი. იმ დროს იტალიის საზოგადოება მილიტარისტული იდეებით იყო გამსჭვალული. მუსოლინის ხელმძღვანელობით ქვეყანა ეთიოპიაში კოლონიზაციურ ომს აწარმოებდა და გერმანიასა და იაპონიასთან მჭიდრო კავშირისათვის აქტიურად ემზადებოდა.
მომავალი პოლიტიკოსის ბავშვობამ მეორე მსოფლიო ომის ფონზე ჩაიარა. მოკავშირეთა ჯარებისაგან ოკუპირებულ იტალიაში თავის გატანა ძალიან ჭირდა. სწორედ მაშინ მოიფიქრა ყმაწვილმა სილვიომ თავისი ხელით დამზადებული თოჯინებით თეატრალური წარმოდგენების მოწყობა, რითაც ორიოდე გროშს შოულობდა. შემდეგ საკრუიზო ლაინერის მეპატრონეს თავისი ვოკალური მონაცემები მოაწონა და მომღერლად მოეწყო.
ფულის შოვნა ბავშვობიდანვე მისი ოცნება იყო. „მე ვერავინ შემედრება“, - იტყვის იგი მოგვიანებით. კაცმა რომ თქვას, თავისი თანატოლებისაგან მართლაც გამოირჩეოდა. გონიერი იყო, შავ სამუშაოს არ ერიდებოდა და ყველაფერს გამორჩენის კუთხით უყურებდა. როცა მილანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თანაკურსელებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საშინაო დავალებას უწერდა. გარდა ამისა, ფოტოგრაფად მუშაობდა, რითაც იხდიდა კიდეც სწავლის საფასურს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მილანის უნივერსიტეტში სწავლა მის საქმიან და პოლიტიკურ კარიერას განსაკუთრებით იმით წაადგა, რომ სწორედ იქ დაუმეგობრდა იტალიის მომავალ პრემიერ-მინისტრს ბენიტო კრაკსის. როგორც ჩანს, სილვიოს შინაგანმა ხმამ უკარნახა, რომ ბენიტოს დიდი მომავალი ელოდა და ხშირად დავალებას უფასოდ უწერდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სილვიომ მამამისთან ბანკში მუშაობაზე უარი თქვა, რადგან უძრავი ქონებით ვაჭრობის დაწყება სურდა. საბოლოოდ, ბანკებში რამდენიმეთვიანი სირბილის შემდეგ მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა შეძლეს კრედიტის აღება გარეუბან „მილანო 2“-ის მშენებლობისათვის. ასე დააარსა სილვიომ 1962 წელს პირველი თავისი კომპანია „ედილნორდი“.
ბერლუსკონიმ ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად შეიძინა. მის ზემოთ თვითმფრინავები დაფრინავდნენ და არც შეიძლებოდა ძვირი ყოფილიყო. მაგრამ, როგორც კი სილვიომ ორ წელში შენობები წამოჭიმა, თვითმფრინავებმაც მოულოდნელად ფრენა შეწყვიტეს და იმ ტერიტორიას ოქროს ფასი დაედო. უკვე იმ დროისათვის შეეძლო ახალგაზრდა ბიზნესმენს სხვადასხვა ინსტანციების
ხელმძღვანელებთან საერთო ენის გამონახვა. ჯერ კიდევ მაშინ ბერლუსკონი ჩინოვნიკების მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
სენიორ სილვიოს ბიზნესში საოცრად უმართლებდა. 1975 წელს მის მიერ შექმნილი ჰოლდინგი „ფინინვესტი“ 150-მდე ფირმას აერთიანებდა და მილიარდობით დოლარს ატრიალებდა. მისი კომპანია „მედიასეტი“ კი რამდენიმე ტელეარხს აკონტროლებდა. ამ პერიოდში გაუჩნდა ბერლუსკონის პოლიტიკაში ფეხის მოკიდების სურვილი.
თუმცა, მას კარგად ესმოდა, რომ იტალიაში საკმარისი არ არის იყო კარგი ბიზნესმენი, ან პოლიტიკოსი. ყველაფერთან ერთად საჭიროა მოდური და გარეკლამირებულიც იყო. თავისი ბრენდის პოპულარიზაცია მან რამდენიმე გაზეთის და ტელეარხის ყიდვით დაიწყო, 1986 წელს საფეხბურთო კლუბი „მილანი“ შეიძინა, რომელიც იმ პერიოდში მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. მის ასაღორძინებლად ბერლუსკონიმ უმალ 21 მილიონი დოლარი გამოყო, რაც იმ პერიოდისათვის დიდძალი ფული იყო. შედეგად, „მილანმა“ ძველი დიდება დაიბრუნა, 2 წლის შემდეგ ჩემპიონთა თასი მოიგო, რამაც ბერლუსკონი მთელს ქვეყანაში მეტად პოპულარულ პიროვნებად აქცია. თავის მხრივ, სენიორ სილვიოს სწორი პოლიტიკის წყალობით „მილანმა“ დიდძალი მოგების მოტანა დაიწყო.
მას შემდეგ, რაც 90-იანი წლების დასაწყისში იტალიაში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლა გაჩაღდა, სენიორ სილვიომ გადაწყვიტა, თავად გამხდარიყო კანონი და კიდევ ერთი, ამჯერად პოლიკური სიმაღლე დაეპყრო. მან დაარსა მოძრაობა „ფორცა იტალია“ (წინ იტალია). ეს დასახელება გულშემატკივართა სლოგანი გახლავთ, რამაც მემარჯვენე პარტიათა კოალიციას დიდი პოპულარობა და 1994 წლის არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მოუტანა. საბოლოოდ ბერლუსკონი პრემიერ-მინისტრი გახდა.
ფული პოლიტიკის სუნით
თუმცა, პოლიტიკური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, კოალიციური კაბინეტი 226 დღეში დაიშალა, ახალ, რიგგარეშე არჩევნებზე მემარცხენეებმა გაიმარჯვეს და ბერლუსკონის მძიმე დრო დაუდგა. ოპონენტებმა იგი კორუფციასა და მაფიასთან კავშირში დაადანაშაულეს, გაიხსენეს მის მიერ გამომცემლობა „მონადადორის“ შეძენის და ტელესივრცეში გაბატონების ამბავი, რომლის შემდეგაც ბერლუსკონის ერთ-ერთმა კომპანიამ იტალიის მაშინდელი მთავრობის მეთაურის, ბენიტო კრაკსის ანგარიშზე 10 მილიონი დოლარი გადარიცხა.
1995 წლის შემდეგ ბერლუსკონი არაერთხელ, დაახლოებით 90-ჯერ წარსდგა სასამართლოს წინაშე და რამდენჯერმე დამნაშავედაც კი სცნეს გადასახადების დამალვის, ქრთამის მიცემისა და აღების, მაფიასთან კავშირის და ბენიტო კრაკსის წინასაარჩევნო კომპანიის უკანონო დაფინანსების ბრალდებით. მაგრამ მის ადვოკატებს ყოველთვის აპელაცია შეჰქონდათ და არასაკმარისი სამხილის არსებობის თუ სხვა მიზეზების გამო იმარჯვებდნენ.
ბერლუსკონის პრობლემები მხოლოდ იტალიაში როდი შეექმნა. მოსამართლე ბალთაზარ გარსონმა, რომელიც თავის დროზე ჩილეს დიქტატორ პინოჩეტის წინააღმდეგ ილაშქრებდა, ბერლუსკონი გადასახადების დამალვასა და ესპანური კანონების დარღვევაში დაადანაშაულა. საქმე ის გახლდათ, რომ სენიორ სილვიო სატელიტური ფირმის მეშვეობით ესპანური ტელეარხ „ტელესინსოს“ 80%-ს ფლობდა, არადა, ესპანური კანონმდებლობით უცხოელს ადგილობრივი ტელეკომპანიის მხოლოდ 25%-ის გაკონტროლების უფლება აქვს.
მსგავსი პრობლემები შეექმნა მას შვეიცარიაშიც, მაგრამ პოლიტიკური მოღვაწეობისათვის თავის დანებებას იგი არ აპირებდა და თავისი პარტიიდან ევროპარლამენტის წევრიც გახდა. 2001 წელს ბერლუსკონი კვლავ იტალიის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნდა. წინასაარჩევნო კამპანიისას იგი ხალხს გადასახადების შემცირებას, 1,5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, პენსიების გაზრდას და დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის გამკაცრებას დაპირდა.
მან შეძლო პარლამენტში მაღალი რანგის თანამდებობის პირთა იმუნიტეტის შესახებ კანონის გატანა. ეს სწორედ დროული იყო, რადგან 1985 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ქარხნის უკანონოდ შეძენისათვის მის წინააღმდეგ ახალი გამოძიება იწყებოდა.
2003 წელს ევროკავშირის მართვის სადავეები იტალიას და მის პრემიერ-მინისტრს გადაეცა. ბებერი კონტინენტი უმალ სკანდალმა შეძრა, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები ევროპის სათავეში ცბიერი, თავის ქვეყანაში რეპუტაციაშერყეული საქმოსნის მოსვლას აპროტესტებდა. განსაკუთრებული აღშფოთება ბერლუსკონის მიერ, ლიბიის დიქტატორ კადაფისთან კონტაქტის დამყარების და ლიბიის პორტების იტალიის მიერ გაკონტროლების მცდელობას მოჰყვა. საბოლოოდ, პოლიტიკური გარიგება არ შედგა, თუმცა თავად
ბერლუსკონიმ ლიბიასთან საქმიან ურთიერთობებზე ხელი გვარიანად მოითბო. და საერთოდ, სენიორ სილვიოს მილიარდებს უკვე აშკარად პოლიტიკის სუნი ასდის და არა ბიზნესის.
შეიძლება ითქვას, დიდ, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ბერლუსკონიმ ფიასკო განიცადა. იგი კვლავ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გადაერთო და იტალიელებს განუცხადა: „მხოლოდ მე შემიძლია ქვეყანას საჭირო მიმართულებით გავუძღვე“. ამასთან იგი ახალგაზრდობისდროინდელ გატაცებასაც არ ივიწყებს. 4-იოდე წლის წინ გამოუშვა დისკი, რომელზეც თავად პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი და შესრულებული სიმღერებია ჩაწერილი. სწორე იმ პერიოდში მან თმა გადაინერგა და, როგორც აღნიშნა, 20 წლით მაინც გაახალგაზრდავდა.
ამასთან, იგი გულმოდგინედ იბრძვის თავისი გავლენის გასაფართოვებლად და მეტად მწვავედ ილაშქრებს კრიტიკოსთა წინააღმდეგ. ყოველი მესამე იტალიელი ისედაც ბერლუსკონის მფლობელობაში მყოფ ტელეარხებს უყურებს, მაგრამ, ამასთან, მედიის ყველა საშუალება მთავრობის მიერ კონტროლდება და ოპოზიციური შინაარსის გადაცემები ხშირად იხურება. ამასთან, მან სრული კონტროლი დაამყარა იტალიურ სასამართლოზე. ანუ, ფაქტობრივად, ბერლუსკონი ჭეშმარიტ დიქტატორად მოგვევლინა. ამიტომაცაა, რომ იტალია ევროკავშირის ქვეყნებს შორის დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მიხედვით უკანასკნელ ადგილზეა.
ყველაფერ ამას დაუმატეთ პუტინთან მეგობრობა და დიაცთმოყვარეობა. საერთოდ, სენიორ სილვიოს მიერ სუსტი სქესისადმი მომეტებული ლტოლვა საყოველთაოდ გახლდათ ცნობილი, მაგრამ ბოლო დროს მას არასსრულწლოვნებთან გარყვნილებაში დასდეს ბრალი, რაც სერიოზული საკითხია.
ბევრი თვლის, სენიორ სილვიო ჩაუშესკუსავით დაამთავრებს. ცხადია, საქმე სისხლიან დაპირისპირებამდე არ მივა, უბრალოდ, თვლიან, რომ ბერლუსკონის თავისი 9 მილიარდი, თუ კიდევ მეტი, ოხრად დარჩება. თუმცა ამისთვის მას ჯერ სერიოზული ოპოზიცია არ ჰყავს.