საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წელს ზევით და შესაბამისი სერტფიკატის მქონე პირები შეძლებენ. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ივნისში დაიწყება და წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.
ახალი კანონპროექტით, სავალდებულო უნდა გახდეს ყველა ძაღლის დაჩიპვა და იდენტიფიცირება. რაც შეეხება მოსაკრებლის ოდენობას, თუ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სპეციალური გადასახადის დაწესება, ამ შემთხვევაში პირველი ძაღლის ყოლისთვის მოქალაქეებს 20 ლარის ოდენობის მოსაკრებლის, მეორე ძაღლის შემთხვევაში - 200, ხოლო ყველა მომდევნოზე 100 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ.
„აუცილებელია ჯარიმები იყოს, როგორც ცხოველის გაგდებაზე, ასევე მისი ჯანმრთელობის დაზიანებაზე, საბოლოოდ, იმას რომ კანონი არ გვაქვს, მივყავართ ჰიპერპოპულაციის საკითხამდე და იმ დაავადებებამდე, რაც არის ცოფი, ჭირი და ა.შ. ეს პრობლემები, გარკვეულწილად გადაიჭრება კანონით, რომელიც კანონპროექტის სახით არსებობს ახლა.
ამასთან, ჩემი ინიციატივაა, რომ ჯიშიანი ძაღლების ასე გამრავლება შეჩერდეს და გაკონტროლდეს. მთელ მსოფლიოში ძაღლების და კატების სელექცია მიმდინარეობს და საქართველოშიც ასე უნდა მოხდეს, უნდა გამრავლდეს, მხოლოდ კარგი წარმომადგენლები, რომ არ იყოს გენეტიკური პრობლემები. ამ სფეროსთვის კანონის არსებობა უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ვეტერინარმა, კანონპრექტის ინციატორმა მარიკა ჩხიკვიშვილმა.
კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს, რომლის განხილვების დაწყებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„ვგეგმავთ, ივნისში ინიცირება მოვახდინოთ კანონპროექტის, რომელზეც მუშაობა და განხილვები გაგრძელდება. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას, თუმცა მანამდე ბევრი სამუშაოა, არის საკითხები, სადაც სპეციალისტების ფართო წრის ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წელს ზევით და შესაბამისი სერტფიკატის მქონე პირები შეძლებენ. პროექტის თანახმად, იგეგმება, რომ განისაზღვროს მომეტებული რისკის მქონე და დეკორატიული ჯიშის ძაღლები.
პროექტის არსებული ვარიანტის თანახმად, მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლის ყოლა/გამრავლება დასაშვებია 25 წლის ასაკიდან, ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობებისა და კინოლოგიური დაწესებულებიდან მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასეთი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2 თვეზე ნაკლები.
პროექტის თანახმად, მომეტებული რისკის ჯგუფის ძაღლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; 2. ფილა ბრაზილეირო; 3. ბულტერიერი; 4. ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; 5. არგენტინული დოგი; 6. ტოსა ინუ; 7. ამერიკული ბულდოგი; 8. კანგალი; 9. კანე კორსო; 10. დობერმანი; 11. კავკასიური ნაგაზი; 12. შუააზიური ნაგაზი; 13. აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; 14. ბერძნული ნაგაზი; 15. კრაშის ნაგაზი; 16. გერმანული ნაგაზი; 17. რუმინული ნაგაზი; 18. მასტიფები; 19. ბორდოული დოგი; 20. კანარის დოგი; 21. როტვეილერი; 22. რიზენშნაუცერი; 23. ლეონბერგერი; 24. მარემა; 25. მოსკოვური საყარაულო; 26. კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); 27. სტაფორდშირ ბულ ტერიერი; 28. ბანდოგი; 29. გულდონგი; 30. მგლის ჰიბრიდები.