დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ასეთი განცხადებების ავტორს სურდეს რაიმე სახის სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, სტატუსის მონიჭება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა არამეგობრული განცხადებებით საქართველოს მიმართ, რადგანაც ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა მაშინ, რომელიც სწორედ ხალხის მაღალი ნდობითა და ლეგიტიმაციით სარგებლობს, ეს არის ფაქტობრივად, არამეგობრული განცხადებები უშუალოდ საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ასეთი განცხადებების ავტორს სურდეს რაიმე სახის სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, სტატუსის მონიჭება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს“.