საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაყოფის პირველი მცდელობა მოდის პუტინისგან, რომელიც წლების განმავლობაში ამბობდა, რომ მას თურმე ქართველს ხალხთან აქვს ძალიან კარგი და თბილი დამოკიდებულება და ქართულ ხელისუფლებასთან ვერ აგვარებს საკითხებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„სამწუხაროს, პუტინის დანერგილი ეს პრაქტიკა წარმატებით გადაიღეს არა მხოლოდ ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის გარეთ. საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს სწორედ ხალხი და ბოლო 9 არჩევნებზე ამ ხალხმა, მათ შორის უდიდესმა ნაწილმა იმ ადამიანების, რომელთა სახელითაც ლაპარაკობენ, რომ ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, სწორედ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს“.