მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე: ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ

მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე: ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ

ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ მხარში ამოუდგნენ საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს, ახლა საუბარი წამოიწყეს, რომ ერთმანეთისგან გამიჯნონ ხალხი და ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

„საკითხის ამგვარად დაყენება მცდარია, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და აქ რაიმეს მომიზეზება, რომ ცალკეულ პოლიტიკოსებს აქვთ ანტიპათია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და იმიტომ რომ ისინი მხარს უჭერენ სააკაშვილს ან რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის, ეს ვერ ახსნის საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიუღებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს“.