მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მეფარიძე ესწრებოდა. დღეს დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. დაკითხეს ბრალდების მხარის მოწმე. პროკურატურა მეფარიძეს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება, მომღერალი კი ბრალს არ აღიარებს. მომდევნო პროცესი პირველ ივნისს გაიმართება.
„საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, როგორც მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, ასევე როგორც აღვნიშნეთ არაერთხელ, ვიდეოჩანაწერები, რომელიც არის ყველაზე ობიექტური მტკიცებულება, არის ასახული გარემოებები, თუ რა ქმედებებს აქვს ადგილი არჩილ მეფარიძის მიმართ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა.
არჩილ მეფარიძის ადვოკატის ლევან ზაქრაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდება.
საქმე ეხება 2022 წლის 7 აპრილს, ვაკეში მომხდარ ფაქტს. მომღერალს ძალადობაში ქალბატონი ადანაშაულებს, რომელიც ჰყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა. მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა.