„ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ,
რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“
ილია ჭავჭავაძე
მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა სულ უფრო მეტად ექცევა მსოფლიო საზოგადოებრიობის, მთავრობებისა და მედია-საშუალებების ცენტრში. აღნიშნული განპირობებულია როგორც მოსახლეობის ზრდით, ისე სულ უფრო გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმებითა და კორონა ვირუსის პანდემიით. ზემოთქმულს დაემატა ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანა მსოფლიო ხორბლის 25% მწარმოებელი და ექსპორტიორიაა. ეს ფაქტორი სერიოზულ დაღს დაასვამს ხორბლის სტაბილურ მოსავალს და უმწვავეს სასურსათო კრიზის გამოიწვევს მრავალ ქვეყანაში.
FAO-სა და მსოფლი ბანკის პროგნოზით, 2022-25 წლებში სურსათზე ფასები სულ მცირე 35%-ით გაიზრდება, ხოლო მოშიმშილეთა რაოდენობა მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს გადააჭარბებს.
ბოლო ორი წლის მანძილზე მსოფლიოს ბირჟებზე ხორბლის ფასი მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა (240$-დან 450$-მდე).
ხორბლის ტრადიციულად ექსპორტიორმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი სასურსათო რესურსების გაფრთხილება, მარაგების ზრდა და უარს არც დამატებითი საექსპორტო ბარიერების შემოღებაზე ამბობენ. ამასთან, ბევრმა ქვეყანამ – როგორც ექსპორტიორმა, ისე იმპორტდამოკიდებულმა (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვ.) შემოიღო სუბსიდირების პროგრამები, რამდენიმემ კი სურსათზე დამატებული ღირებულების გადასახადიც კი შეაჩერა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნების მიზნით.
რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, სრულიად არადამაკმაყოფილებელია! მხოლოდ სასურსათო დანიშნულებით გვჭირდება მაქსიმუმ 600 000 ტონა ხორბალი და ვაწარმოებთ მხოლოდ 100-120 ათას ტონას. შედარებისათვის: ახალ ზელანდიას 5-ჯერ მეტი მოსავალი მოჰყავს 1 ჰექტარზე (12,0 ტონა). მინიმალური რენტაბელობის მისაღწევად ჩვენ 2023-2025 წლებში გვჭირდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის სულ ცოტა 3.0 ტონამდე გაზრდა (70-80 ათას ჰექტარზე). უნდა მომზადდეს მაღალრეპროდუქციული მეთესლეობის ბაზა და გატარდეს თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას. პირველი რიგის ამოცანად უნდა დავისახოთ, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია და 2027-2028 წლისათვის 100-110 ათას ჰა-ზე ქვეყნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო ხორბლის 60-65% წარმოება.
სახელმწიფო მდგრადობისთვის სტრატეგიულ დარგებს მუდმივი ყურადღება და არსებითი დახმარება ესაჭიროება. პრიორიტეტი უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტები.
საქართველოში მოქმედებს ფქვილის და პურის ტექნიკური რეგლამენტი. სამწუხაროდ, იგი არ სრულდება. მაგალითად, ფქვილის სინესტის მაჩვენებელი თითქმის ყოველთვის აღემატება სტანდარტს, ხოლო წონა, პირიქით - დაბალია, რაც პურის მრეწველობისათვის არა მარტო დისკრიმინაციული, არამედ დამაზიანებელიცაა, - 14-15%-ის ზევით ფქვილი შედის რეაქციაში სინესტესთან და პურის მოცულობაზე აისახება.
ფქვილისა და პურის ტექნიკური რეგლამენტის დაცვა გამოიწვევს, ერთ მხრივ, მაღალი ხარისხის ფქვილისა და პურის წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ - მათზე ფასების ზრდას. საქართველოში 2021 წლის 1 ივლისიდან შეწყდა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რამაც გამოიწვია პურზე ფასების ზრდა. პურის საცალო ფასი მარკეტებში 70-90 თეთრით გაიზარდა და ეს პროცესი ბოლო დრომდე გრძელდება. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს არა დაბალხარისხიანი ფქვილისა და პურის წარმოების სუბსიდირება დაბალი ფასების შენარჩუნებისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის (პურის ბარათის სახით, რაც სახელმწიფოს ყოველთვიურად არაუმეტეს 4 მლნ. ლარი დაუჯდება) გაცემა, რათა მათ შეძლონ მაღალხარისხიანი პურ-პროდუქტების შეძენა, და ამით საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და შემოსავლების გაზრდა.
თუ სახელმწიფოს მიზანია პურ-პროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ეკონომიკურად ძლიერი დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება, პურზე დღგ-ს ტარიფის 7%-მდე შემცირებისა ან საერთოდ განულებისა.
ამით ასევე მოწესრიგდება პურის ვაჭრობის საკითხებიც. როგორიცაა გაუგებარი ქეშბექები, რეტრობონუსები, სავაჭრო დათმობები და აქტივობები (ამ ფასდანამატებმა პურის ღირებულება 50-55 პროცენტით გაზარდა, ეს იმ დროს, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ფასდანამატი არ აღემატება 3-5 პროცენტს, რაც უზრუნველყოფილია შესაბამისი ნორმატიული აქტებით) და გაყიდული პურის უკან დაბრუნების სისტემა.
სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი, ფინანსურად, ორგანიზაციულად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი ორეტაპიანი (3-5 წლიანი) პროგრამა –,,მარცვალი“ (100-110 ათას ჰექტარზე, 3,5-4 ტ/ჰა საშუალო მოსავლიანობით, პირველ ეტაპზე 350 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, ხოლო მეორე ეტაპზე - 400-420 ათასი ტონა ხორბლის წარმოება), რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება საკუთარი ელიტური თესლის წარმოების ღონისძიებები.
მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც მოკლე და საშუალო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. აღნიშნულს მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სურსათით უზრუნველყოფის ამოცანა.
ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისთვის, მისი მოყვანის უნარ-ჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე (მითუმეტეს, რომ იმპორტირებული ხორბალი ძირითადად უხარისხო და საფურაჟეა). სადღეისოდ, მართალია, საქართველოში რუსეთიდან ხორბალი აღარ შემოდის, რომელიც ჩაანაცვლა ამ ქვეყნიდან ფქვილის იმპორტმა. რუსეთის ფედერაციის სატარიფო პოლიტიკის გამო წარმოიშვა ე.წ. „ფასების საექსპორტო მაკრატელი“ გაძვირებულ ხორბალსა და შედარებით იაფ ფქვილს შორის, რამაც პრობლემები შეუქმნა საქართველოში ხორბლის მწარმოებლებს. - მათ 2022 წელს რეკორდულად მაღალი მოსავალი მოიწიეს (157.4 ათასი ტონა 54 ათას ჰა-ზე), მაგრამ წისქვილკომბინატებმა ზემოხსენებული იაფი, ფაქტობრივად დემპინგური რუსული ფქვილის იმპორტის გამო შეწყვიტეს ადგილობრივი მწარმოებლებისაგან ხორბლის შესყიდვა, რის გამოც ადგილობრივი მწარმოებლების არარეალიზებული ხორბლის მოცულობამ 30-35 ათას ტონას მიაღწია. შედეგად - ხორბლის ქართველი მწარმოებლები ორგვარ ზარალს განიცდიან - მათ, ერთი მხრივ, უხანგრძლივდებათ საწყობების იჯარის დრო, შესაბამისად უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, მეორეც, ეს საწყობები არაა გათვალისწინებული პროდუქციის გრძელვადიანი შენახვისათვის, იქ ხორბალი კარგავს სამომხმარებლო კონდიციას, მათ შორის მღრღნელებისაგან.
თუ წისქვილკომბინატები არ მიიღებენ ადგილობრივ ხორბალს, ეს კატასტროფული იქნებოდა არა მარტო ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, არამედ მთელი დარგისათვის, სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის სასურსათო და ზოგადად, ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული.
დაუშვებელია, ისეთი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანა – საქართველო რომლის ბიოგეოკლიმატური პიტენციალი, სულ მცირე, 10 მილიონი ადამიანის გამოკვებაა, ხელგაწვდილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ეს აუცილებელია არსებული რეალობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
პრობლემის დაძლევა მთავრობის ძალისხმევითა და პოლიტიკური ნებითაა შესაძლებელი.
სახელმწიფო ვალდებულია, აწარმოოს ხორბალი, არანაკლებ მისი მოთხოვნილების 60 %-სა, დაიცვას აგრომეურნე, პურის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული წვრილი და საშუალო ბიზნესი და მომხმარებლების ინტერესები.
ეს ხელეწიფება ქართულ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას!