საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობა [შუალედურ არჩევნებზე] არის განსაკუთრებით დასაფასებელი, იმიტომ რომ ეს იყო პასუხი რადიკალური ოპოზიციისთვის, ეს იყო მათთვის ცივი წყლის გადავლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან.
„საზოგადოება ძალიან ჯანსაღად აკეთებს არჩევანს სტაბილურობას, პასუხისმგებლობიან და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ ხელისუფლებასა და ქვეყნის დამაზიანებელ ოპოზიციას შორის. საზოგადოებამ დააფასა ასევე ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ მიიღო კონკრეტულ კანონპროექტზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ დესტაბილიზაციის მაღალი რისკები და ჩვენ გადავდგით საზოგადოების ინტერესების შემხვედრი ნაბიჯი და გავიწვიეთ კანონპროექტი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საზოგადოებამ დაინახა, რომ საქართველო ყველა პლატფორმით დაუდგა გვერდში უკრაინას და შეეწინააღმდეგა ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით იმ აგრესიას, რომელიც რუსეთიდან მიმდინარეობს უკრაინაში და თავისი პოლიტიკური პოზიცია ცხადად და ღიად წარმოაჩინა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობა [შუალედურ არჩევნებზე] არის განსაკუთრებით დასაფასებელი, იმიტომ რომ ეს იყო პასუხი რადიკალური ოპოზიციისთვის, ეს იყო მათთვის ცივი წყლის გადავლება. იმ ფონზე, რა პიარკამპანიაც რადიკალურმა ოპოზიციამ აწარმოვა, იმ აჟიოტაჟის ფონზე, თითქოსდა ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან აღარ ჰქონდა მხარდაჭერა, ეს იყო ძალიან ღირსეული პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, რომ ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა არის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი და რომ საზოგადოება არჩევს ცალსახად მშვიდობას, განვითარებას და ჩვენი ქვეყნის შემდგომ ღირსეულ ევროინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში“, - აცხადებს გივი მიქანაძე.