რადიკალური ოპოზიციის გეგმებში არ შედის ის, რომ აჩვენონ ფაქტობრივად მარცხი, საზოგადოების მხარდაჭერის არქონა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებას საპირისპიროში არწმუნებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.
მან განმარტა, თუ რატომ არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატები რადიკალებმა.
„თუ რატომ არ დააყენა ოპოზიციამ კანდიდატურები საარჩევნო ოლქებში, ეს აიხსნება ერთადერთი გარემოებით, რა თქმა უნდა, მათ გეგმებში არ შედის ის, რომ აჩვენონ, ფაქტობრივად მარცხი, საზოგადოების მხარდაჭერის არქონა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებას არწმუნებენ საპირისპიროში. როდესაც გამოაშკარავდა მათი არასწორი პოზიციები, ასეთ დროს უხდებათ, სახის შესანარჩუნებლად რაღაცა გარემოებები მოიყვანონ, ფაქტორები დაასახელონ. ამ შემთხვევაში, მაგალითად, უთითებენ, პიარულად ცდილობენ, ეს წარმოაჩინონ როგორც ერთპარტიული არჩევნები. კითხეთ, რატომ იყო ერთპარტიული არჩევნები? ერთპარტიული იყო არჩევნები მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - მათ თავი შეიკავეს კანდიდატურების წარმოდგენისგან“, - განაცხადა სარჯველაძემ.