შალვა პაპუაშვილი: ყველა იმ განცხადების ავტორს, რომლებიც პირდაპირ, თუ შეფარულად ცდილობდნენ გაემიჯნათ ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი და თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას

შალვა პაპუაშვილი: ყველა იმ განცხადების ავტორს, რომლებიც პირდაპირ, თუ შეფარულად ცდილობდნენ გაემიჯნათ ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი და თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას.

„ის, რასაც ცდილობდა ოპოზიცია, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში პროპაგანდისტული მეთოდები დაემკვიდრებინა, ქართველმა ხალხმა ამას გასცა პასუხი და თქვა, რომ ასეთ ცრუ ნარატივებს არ აჰყვება. ის საკითხები, რომელსაც ცდილობდნენ ამ თვეების განმავლობაში წამოეწიათ, დაწყებული უკრაინის მიმართ სოლიდარობით, იქნებოდა ეს სტატუსთან დაკავშირებით, და ა.შ., ყველა ეს ყალბი ნარატივი მოსახლეობამ უარყო და უპასუხა იმით, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას მხარი. ეს არის როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია, როდესაც დემოკრატიული მანდატი გაიცემა სწორედ არჩევნების გზით და ამ არჩევნებზე, რომელიც გადანაწილებული იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ჩრდილოეთის, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო მაღალდემოკრატიულ მანდატს აძლევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას. ასე რომ, ის მცდელობები, რომელიც შიგნიდან და გარედან იყო და თუ აკვირდებოდით ბოლო თვეებში, მცდელობა, საქართველოს მოსახლეობა განეწყო საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, და მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობა გაემიჯნა ხელისუფლებისგან, სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო ეს საუბრები პირდაპირ თუ ირიბად იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართველი ხალხი არის ერთ მხარეს და ხელისუფლება - მეორე მხარეს. ეს ისმოდა როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. სწორედ ამ პროპაგანდამ განიცადა კრახი და ყველა იმ განცხადების ავტორს, რომლებიც ასე პირდაპირ, თუ შეფარულად ცდილობდნენ გაემიჯნათ ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი და თქვა, რომ ის სრულად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.