ტაქსებისთვის დედაქალაქში გადაადგილება თანდათან უფრო მოსახერხებელი ხდება. „ა“ კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება. მათ პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.
ეს უკვე მეორე ინიციატივაა, რომელიც თბლისის მერიამ წელს ტაქსებისთვის აამოქმედა. 1 თვის წინ თეთრი ფერის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის უფლება მიეცათ.
„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ „ა“ კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.
ამ ეტაპზე „ა“ კატეგორიის ნებართვა 35 000 ტაქსის მძღოლზეა გაცემული, თუმცა საავტობუსე ზოლში გადაადგილების მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მანქანის ასაკი 10 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მხოლოდ 3 500 მანქანა აკმაყოფილებს.
„იდენტიფიცირების მიზნით შემოვიღეთ სპეციალური სტიკერი, რომელიც განთავსება საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში. სტიკერი არ არის დაშვების უფლება, დაშვების უფლება არის „ა“ კატეგორია და მანქანის ასაკი, რომელსაც ვიდეო სათვალთვალო კამერით ჩვენ ვხედავთ. სტიკერი არის იმისთვის, რომ მგზავრმა ამოიცნოს, ეს ტაქსი წავა თუ არა ავტობუსის ზოლით“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ტაქსებისთვის ავტობუსების ზოლში მოძრაობს უფლება დადებითი გადაწყვეტილებაა და ეს ცვლილება მგზავრისთვის კომფორტის შექმნასთან ერთად, მოძრაობის განტვირთვასაც შეუწყობს ხელს. ასე ფიქრობს ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“ დამფუძნებელი ლევან თავართქილაძე.
„ევროპაშიც და ამერიკაშიც ტაქსებს აქვთ უფლება, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, რათა მათ მგზავრები შეფერხების გარეშე აიყვანონ და უფრო თავისუფლად იმოძრაონ. რაც შეეხება იმას, ხომ არ გადატვირთავს ეს ცვლილება „ბასლაინებს“, ცხადია, ასე არ მოხდება, რადგან ეს ზოლი საკმაოდ თავისუფალია და საცობები მათ გვერდითა ზოლებშია, რადგან გზის დანარჩენი ნაწილები უფრო გადატვირთულია“, - განაცხადა თავართქილაძემ.
არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მას უფრო პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. პარტია „ლელოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის საბა ბუაძის აზრით, გადაწყვეტილება გაუაზრებელი და მავნებლურია. იგი მერიას მოუწოდებს, წარმოადგინონ გათვლები და კვლევები, რომლის მიხედვითაც ტაქსებს ავტობუსის ზოლში გაადგილების უფლებას ანიჭებენ.
„ეს არის მორიგი გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივა, რომელიც მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და დამატებით პრობლემებს შექმნის. მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას, ავტობუსის ზოლების დახაზვას და 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას ელოდება, იმისთვის, რომ თბილისში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ადამიანები სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდნენ, თბილისის მერმა შემოიტანა ახლა მორიგი პოპულისტური ინიციატივა.
ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც არის თბილისში. ეს ქაოსი გავრცელდება ავტობუსის ზოლებზე, რომელიც, წესით, ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე უფრო მოწესრიგებული და გამართული ნაწილი უნდა იყოს“, - განაცხადა ბუაძემ.
უკვე მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში სპეციალური სტიკერების დარიგება დაიწყება „ა“ კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ.