ავტოსადგურების რეგულაციას უკვე პრემიერი ითხოვს. როგორც ჩანს, ამ სფეროში ყველაფერი იმდენად ქაოსურია, რომ რეგულაცია გარდაუვალი და აუცილებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში. ამიტომ მთავრობა ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს.
„ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ტურისტების, ვიზიტორების და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას. ძალიან დიდი პრობლემები არსებობს იგივე თუნდაც ავტოსადგურებში, მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული, ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროებს სახელმწიფოს ჩარევას.
ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, ჩვენ ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას, პერიოდს, იმისთვის, რომ გამოასწორონ ეს პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობა ძალიან მალე მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს.
სხვათა შორის, ავტოსადგურები ცვლილებებს სულაც არ ეწინააღმდეგებიან. ისინი ვითარების მოწესრიგებას წლებია ითხოვენ. მათ შორის ერთ-ერთია დიდუბის ავტოსადგურის დამფუძნებელი ნესტორ მიქატაძე, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერი რეგულაციის შესასრულებლად, თუ უკანონო მგზავრთგადაყვანებიც შეიზღუდება.
„ამაზე საუბარი დღეს არ დამიწყია, წლებია ვამბობ, რომ ეს სფერო მოსაწესრიგებელია და წლებია ეკონომიკის სამინისტროს ვწერ წერილებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის, მაგრამ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ კანონპროექტი შემუშავების ეტაპზეა. ახლა პირველი ნაბიჯები გადაიდგა მოწესრიგებისთვის. ავტოსადგურების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ან რეგისტრირებულია, მაგრამ აღარც ფუნქციონირებს. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს.
დიდუბის ავტოსადგური მზად არის ახალი რეგულაციების მისაღებად. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი რეგულაცია, იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ კანონიერად მომუშავე ავტოსადგურებზე არ გავრცელდება და დარეგულირდება უკანონო მგზავრთგადაყვანაც, რაც სექტორისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად გვიწევს არასამართლიანი კონკურენციის პირობებში მუშაობა და კონკურენციის გაწევა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც არ უხდიან სახელმწიფოს არც ერთ გადასახადს, მათი ავტომობილები არ გადიან ინსპექტირებას და არც მძღოლებს ამოწმებს ვინმე. როგორც აღვნიშნე, ჩვენი წინადადებები მიწოდებული გვაქვს არაერთხელ. ბოლო სამუშაო ჯგუფში კი ჩართული არ ვყოფილვართ“, - აღნიშნა ნესტორ მიქატაძემ.
ავტოსადგურებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში. მათი აზრით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს. ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებობს ბევრი თვითორგანიზებული ავტოსადგური, საიდანაც მგზავრები ისეთ მძღოლებს გადაყავთ, რომელთაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ.
„სამწუხაროდ, მძღოლების ნაწილი ვერ იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და ეს არის რეალობა. ეს სტატისტიკა ძირითადად ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც გადაჰყავს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა. მათი ძირითადი წილი, სავარაუდოა, რომ ე.წ მარშუტკებსა და ავტობუსებზე მოდის, რომლებიც საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას ახორციელებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ტრანსპორტს ვალდებულება აქვს წელიწადში ორჯერ გამოცხადდეს ინსპექტირების ცენტრში, არადა ერთხელაც არ მისულან. ამას კი ხელს უწყობს ის საკანონმდებლო ხარვეზები თუ ჩავარდნები, რაც დღეს არსებობს.
პირველ რიგში, ეს პრობლემა იწყება ავტოსადგურებიდან, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი და უკანონო სადგურები. კანონიერის შემთხვევაშიც კი მონიტორინგი არაა საკმარისი, რაც შეეხება უკანონო ავტოსადგურებს, ეს არის თვითორგანიზებული სადგურები, საიდანაც გადიან ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები. მსმენია იმის შესახებ, რომ ამ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, იმდენად გამოსულია ეს სფერო საერთოდ კონტროლის ჩარჩოებიდან“, - აღნიშნა მესხიშვილმა.