საქართველოს გადაუხდელი ვალები რომ დაუგროვდა, გაზის უქონლობითაც ახსენდება მოსახლეობას. ჩრდილში დარჩენილმა მევალეებმა მივიწყება ითაკილეს და თავი შეგვახსენეს.
ბელორუსიამ 1992-93 წლებში მოწოდებელი კრედიტის გადახდა მოითხოვა, თუმცა იგი ყველაზე ლოიალური აღმოჩნდა და ქართულ მხარეს შესთავაზა თავად აერჩია ბელორუსთა მომზადებული ვალის გადახდის პირობებიდან მისთვის ყველაზე მისაღები.
უფრო მკაცრად ეკიდება საქმეს სომხეთი და დაუზარებლად გვაცნობს კიდევ რამდენი პროცენტით გაგვეზარდა ვალი. 1993 წელს სომხეთმა 3440 მლრდ კრედიტი გამოგვიყო, რომელზედაც გადაფორმებული იყო 1992-93 წლების სავაჭრო დავალიანება. მაშინვე 1 დოლარის 310 რუბლთან შეფარდებით გამოყვანილი იქნა კრედიტის სავალუტო ექვივალენტი 10,6 მლნ დოლარი. მისი საპროცენტო ბაზა დღეისთვის უკვე 33%- მდე გაიზარდა.
1994 ივლისისათვის ახალი სომხური ვალების პროცენტული განაკვეთი 10,6%- დე გაიზარდა და ჯამში 1992-94 წლებში მიღებულმა კრედიტმა თავისი პროცენტული მომსახურებით შეადგინა 19, 254 მლნ. დოლარი. კიდევ რამდენად გაიზრდება ეს თანხა, სანამ საქართველო ვალების გადახდას დააპირებს, არავინ უწყის. მაგრამ ადრე თუ გვიან, როგორც სომხეთის, ასევე თურქმენეთის ვალების გასტუმრება უფრო მომსახურებითაა მოსალოდნელი: როგორც გაირკვა, მათ სულ დაჰკარგვიათ ჩვენი „განსაკუთრებული“ ხარისხის მქონე პროდუქციის მიღების სურვილი. გამონაკლისები აქაც ხდება და 1994 წელს სომხეთმა ჩვენგან 100 ცალი ელექტრო ძრავი მიიღო, რომელთა ღირებულება 128000 დოლარს შეადგენს. სანაცვლოდ საქართველომ სომხური წარმოების 6600000 წყვილი ფეხსაცმელი შეიძინა, სულ 132000 დოლარის ღირებულების და ვალის გასტუმრებას ვინღა ჩივის, უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც წამოიგდო მხრებზე.
რაც შეეხება რუსეთისადმი დავალიანებას, აქ ჯერ ჭაობი არ ამღვრეულა. რუსეთი სსრკ-ს ვალების მემკვიდრედ აღიარებას უცდის და დანარჩენი რესპუბლიკების შეცილებისაგან თავის დასაღწევად მათ მისდამი ვალებისგან გათავისუფლებას ჰპირდება. მაგრამ უკრაინა და ბელორუსია ასეთი გემრიელი ლუკმის დათმობას არ აპირებენ და კვლავ ჯიუტად სურთ სსრკ-ს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ვალების ძმური განაწილება. მართალია, ამ დონის ცილობაში საქართველოს მასშტაბის ქვეყანა ძნელად თუ წყვეტს რამეს, მაგრამ მინისტრთა კაბინეტმა მაინც დაიჭირა თადარიგი.
26 დეკემბრის დადგენილებით შეიქმნა კომისია ყოფილი სსრკ-ს საშინაო ვალის ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებზე განაწილების საკითხის მოსაგვარებლად, რაც განხილულ იქნება მოსკოვში სახელმწიფო ეროვნული ბანკების ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შედიან ფინანსთა მინისტრი (იაკობიძე) ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (ჯავახიშვილი) და ექსიბანკის პრეზიდენტი (სიორიძე)
ასე რომ სანამ არ გადაწყდება სსრკ-ს ვალების მემკვიდრეობის საკითხი, რუსეთისადმი საქართველოს ვალზე ადრეა საუბარი. მით უმეტეს რომ საქართველო შესაშური სიდინჯით ეკიდება თავის ვალებს. არც გაემტყუნება.ხანდახან მამა-პაპის ნაქებ სიდინჯეს მართლაც სასიამოვნო სიურპრიზები მოაქვს. ასე დაემართა 5 მლნ. დოლარის ჩინურ კრედიტს. სანამ მინისტრთა კაბინეტი ერთი წლის მანძილზე იმას არკვევდა, რაში გამოეყენებინა მიღებული თანხა, ჩინურ იუანს ინფლაციამ დარია ხელი და ჩვენი ვალი დოლარებში გადაანგარიშებით 3 მლნ.-დე დავიდა.