შეხვედრა ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციასთან

შეხვედრა ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციასთან

2013 წლის 15 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავდაცვის მინისტრს მიმართა წერილით, რომელშიც წერდა, რომ თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ საინჟინრო სამსახურის სამი თანამშრომელი სამსახურიდან მხოლოდ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მათ ივნისში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, რაც თანამდებობის პირებმა შეურაცხყოფად მიიღეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ამ პირებმა გათავისუფლებულ თანამშრომლებს პირდაპირ უთხრეს, რომ მათ პროტესტის გამო უშვებდნენ. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ „დელტა“ თანამშრომლებთან ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებს აფორმებდა, რაც თანამშრომლების შრომით უფლებებს არღვევდა და ადამიანის ძირითად უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ საკითხების განსახილველად მინისტრს შეხვედრა სთხოვეს. შეხვედრა 21 აგვისტოს დაინიშნა. თავდაცვის სისტემის მხრიდან მასში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ და „დელტას“ ხელმძღვანელმა მიიღეს.

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდეს და მათთან კომენტარები თავდაცვის სამინისტროს წინ, შეხვედრის დაწყებამდე და წერილში მათ მიერ დასმულ კითხვებზე განმარტებების მიღებამდე გააკეთეს. ტელევიზიით გასულ კომენტარში მათ აღნიშნეს, რომ შეხვედრის მიზანი უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ სამინისტროს ინფორმირება და იმაზე შეთანხმების მიღწევა იყო, რომ ისინი უკანონოდ, საჯაროდ პროტესტის გამოხატვის გამო იყვნენ გათავისუფლებულები.

ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ „დელტა“ თანამშრომლებს ერთთვიან ხელშეკრულებებს სპეციალურად უფორმებდა, რათა მათი დათხოვნა ნებისმიერ დროს შესძლებოდა. სამწუხაროა, რომ ეს კომენტარები მანამდე გაკეთდა, სანამ ორგანიზაცია ინფორმაციას სამინისტროში გადაამოწმებდა და სამინისტროს პოზიციას გაეცნობოდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და „დელტას“ ხელმძღვანელმა „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ „დელტას“ სამი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი არა მათ მიერ გამოთქმული პროტესტი, არამედ ის გარემოება გახდა, რომ ისინი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად იყვნენ დაქირავებული და სამუშაოს დასრულების და კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ მათთან ახალი კონტრაქტები აღარ გაფორმდა. იმავე პერიოდში, მანამდე და ცოტა მოგვიანებით „დელტას“ არაერთი სხვა თანამშრომელიც გათავისუფლდა. „დელტას“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (ის, ძირითადად, სამშენებლო სამუშაოებით არის დაკავებული), თანამშრომელთა ცვლა საკმაოდ ხშირად ხდება, რადგან მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე საწარმოს სხვადასხვა სპეციალობის მუშახელი სჭირდება.

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით, გათავისუფლებული სამი თანამშრომლის ადგილზე იმავე სპეციალობების სხვა პირები დაინიშნენ, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ამ სპეციალობების მუშახელი „დელტას“ სამსახურში არ აუყვანია, რადგან ამ ეტაპზე საწარმოს ამ სპეციალობის თანამშრომლების საჭიროება არ უდგას.

რაც შეეხება ერთთვიან კონტრაქტებს, ასეთი პრაქტიკა „დელტაში“ წლების მანძილზე არსებობდა, თუმცა ამჟამად საწარმოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია (ეს პროცესი ახლო მომავალში დასრულდება), რის შემდეგაც თანამშრომლებთან უფრო გრძელვადიანი კონტრაქტები გაფორმდება. კონტრაქტის ხანგრძლივობა შესასრულებელ სამუშაო იქნება დამოკიდებული. თუ ის პროექტი, რომელშიც დაქირავებული მუშახელი იქნება ჩართული ექვსთვიანი იქნება, ექვსთვიანი იქნება მათთან გაფორმებული კონტრაქტიც, თუ პროექტი ერთწლიანი იქნება, ერთწლიანი იქნება კონტრაქტიც და ა.შ. შესაბამისი გადაწყვეტილება „დელტამ“ აგვისტოს დასაწყისში მიიღო და მისი აღსრულება სექტემბრიდან დაიწყება.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას დაინტერესებისა და დახმარების სურვილისთვის და მიმართავს მათ თხოვნით, დასკვნებისა და საჯარო შეფასებების გაკეთებამდე, სხვა მხარის ბრალდებებთან ერთად, სამინისტროს პოზიციასაც გაეცნონ და უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.