„სამშობლოსათვის დაეცა, ომში!“

„სამშობლოსათვის დაეცა, ომში!“

აჭარის ერთი მთიანი სოფლის ბიჭები სწუხდნენ: „ფესვებში“ რომ მშვენიერი ბიჭი თამაშობდა მთავარ როლს, ის დაიღუპაო. ასე გავიგე შენი დაღუპვის ამბავი, ლევან. დასაფლავებასაც ვეღარ ჩამოვუსწარი. ახლა კი შენს მომხიბვლელ სახეს ვუყურებ, ასე რომ იმზირება შენი სახლის კედლებიდან.

დედის - ქალბატონ მანანა ხიდაშელის, პაპის - ბატონ შალვა ხიდაშელისა და ვახუშტი კოტეტიშვილის მძიმედ ნათხრობ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მონათხრობს ვემყარები, როცა ამ პატარა მოსაგონარს ვწერ.

პაპას, შენ და დედა საუბარში გართულები დაუტოვებიხართ. ასე სცოდნია ბათუმში მიდიოდი, იქიდან კი გემით ოდესაში, გადაღებებზე. შენ ხომ ერთდროულად სამ ფილმში იყავი დაკავებული. არადა, ამ დროს დედასთან ხანგრძლივი საუბარი გქონია, იქ, საქართველოს ცხელ წერტილში შენი წასვლის აუცილებლობაზე დაგთღენებიათ ამ საქმიან კამათში.

„ - დედა! სხვებსაც ხომ ჰყავთ დედები, იქ რომ მიდიან და იღუპებიან?!“. ამ სიტყვებს საბოლოოდ გადაუწყვეტია ყველაფერი. ნუგეშიც გიცია მისთვის - „ყველაფერი კარგად დამთავრდება, პაპაც მალე გამოჯანმრთელდება, განა ამაზე უარესი არ გადაუტანიაო“.

კვირა დღეს წასული ორშაბათს ბრძოლაში ჩაბმულხარ და დაღუპულხარ კიდეც. ამ მოკლე დროში „მოწინააღმდეგის“ ქალსაც გადაფარებიხარ და სამშვიდობოზე გამოგიყვანია კიდეც. თანამებრძოლებს, რომლებთანაც ორდღიანი ნაცნობობა გქონდა, თითქოსდა სიყრმის მეგობრები ყოფილიყვნენ, ისე გაუცილებიხართ სამუდამო გზაზე.

პაპა იმას დაიჩივლებს დროდადრო, რომ შენს სახელზე აღარავინ რჩება. დამწუხრებულ დედას ხანდახან ამაყნარევად უნათდება სახე და ერთადერთ სანუგეშოს ჩაილაპარაკებს თავისთვის „სამშობლოსთვის დაეცა, ომში!“.

ვახუშტი შენს განუმეორებლობაზე, თავისებურობაზე და მოუსვენრობაზე ლაპარაკობს გამუდმებით...

ერეკლეს - შენი ძმის - უსიტყვობა და სევდიანი თვალები არანაკლებს გვეუბნებიან შენზე, ლევან.

უმრავლეს ფილმებში სევდიან, ბედისაგან განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩაყენებულ გმირებს თამაშობდი. როგორც ჩანს, განგება არც თუ იშვიათად ადამიანს თავის ბედთან ათამაშებს აშკარად თუ მინიშნებით.

მთავარი კი მაინც ერთი რამაა, რაც ნუგეშად უნდა წაადგეს ყველას. როცა სამშობლოს ასე უჭირს, როცა სიცრუეს, ორპირობას, ღალატსა და კიდევ ვინ იცის, რას აღარ დაუსადგურებია ჩვენში, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილთაგან მრავალი სამშობლოსათვის თავს სწირავენ. სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ გამუდმებით ქარტეხილებში ჩვენი გადარჩენის საიდუმლო.

იქ რომ არ წასულიყავი, ამისათვის ყველა საფუძველი გქონდა, გარდა ერთისა: ეს ერთი კი მთავარია: კრიტიკულ ჟამს დადგე სამშობლოს სადარაჯოზე. აკი დადექი და შეეწირე კიდეც.

შუა გზამდე ვერ მისული შეჩერდა შენი სიცოცხლე. განუხორციელებელი დარჩა ვინ იცის, რამდენი ჩანაფიქრი. დარჩა დაუმთავრებელი ფილმები, სადაც ვერავინ შეგცვლის... მაგრამ ამასთანავე დარჩა საქართველოსათვის შეწირულ მრავალთაგან ერთი ლამაზი სახელი, რომელსაც ჰქვია - ლევან აბაშიძე.

მიხეილ მახარაძე