ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხეთქილება გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხეთქილება გრძელდება

უკვე რამდენიმე დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკრებულოსა და გამგეობას შორის განხეთქილებაა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ჩაანაცვლა ნაციონალი თავმჯდომარე, დღეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სარგებლობს, მიდის რა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

საქმე ისაა, რომ მან თვითნებური გადაწყვეტილებით, საკრებულოს დეპუტატებთან შეუთანხმებლად, გასულ კვირას, პროცედურების დარღვევით გაათავისუფლა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ფალავანდიშვილი და დროებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მურმან ყურაშვილი, რასაც შემდგომში საკრებულოს დეპუტატების მხრიდან მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, მურმან ყურაშვილს, მალხაზ ერაძეს, ლალი ციხელაშვილს, დავით გამყრელიძესა და თემურ სვანიძეს შეუჩერდათ პარტიული სტატუსი.

დაპირისპირება ამით არ ამოწურულა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებლის - მურმან ყურაშვილის ბრძანების საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს გამგებლის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩართოლანი.

ჩართოლანი აცხადებს, რომ ეს ბრძანება არის მორიგი უკანონობა, ვინაიდან სულ ცოტა ხნის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უკანონოდ გაათავისუფლა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ფალავანდიშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე არ დაემორჩილა არავის და ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო, რის გამოც მას შეუჩერდა „ქართული ოცნების“ პარტიული სტატუსი.

ბოლნისში უკვე ღიად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ნამდვილ მხარდამჭერებზე ხორციელდება ზეწოლა. კონკრეტულად, ბოლნისის პარტიის დამფუძნებლის - ელისო ხვედელიძის შესახებ უკვე გაავრცელეს ბინძური ცილისმწამებლური ტექსტებით შეთხზული პროკლამაციები ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, თითქოსდა, იგი სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის სახელით, რადგან მისი თანაკლასელია.

სინამდვილეში, არსებული ინფორმაციით, ელისო ხვედელიძე არის „ქართული ოცნების“ უერთგულესი მხარდამჭერი. თუმცა საქმე მარტო ელისო ხვედელიძით არ ამოიწურება. „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრზეც მიმდინარეობს ორგანიზებული ზეწოლა და აქტივისტებს ულახავენ რეპუტაციას. მოსახლეობის გადასაბირებლად კი ყველანაირ ხერხს მიმართავენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.

ამდენად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ შექმნილი მდგომარეობა სხვა პოლიტიკური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს და კლანური და კორუფციული ინტერესები მოქმედებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლნისი ეროვნული უმცირესობებით დასახლებული ერთ-ერთი რთული რეგიონია, ჩვენ დავინტერესდით, რა შეიძლება მოიტანოს ორ მნიშვნელოვან რგოლს შორის დაპირისპირებამ, როგორიცაა საკრებულო და გამგეობა.

ამისთვის დავუკავშირდით მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონალურ კოორდინატორს ნინელი ფუტკარაძეს. მან აღნიშნა, რომ მათი დეპარტამენტი გარკვეულ მონიტორინგს ახორციელებს საკრებულოებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებით და გარკვეულ პოლიტიკასაც წარმართავენ რეგიონში. მეტიც, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ ხელთ აქვთ შესაბამისი მასალები. ამდენად, საკრებულოს მიერ გამგებლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მათ გაარკვიეს, რომ აღნიშნულ საქმეში გარკვეული იურიდიული გადაცდომები არსებობს.

ამიტომ მთავრობის კანცელარიის აღნიშნული დეპარტამენტის რეკომენდაციაა, რომ ბოლნისის საკრებულომ კიდევ ერთხელ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და კანონთან შესაბამისობაში მოაქციოს ეს ყველაფერი.

უფრო მეტიც, ნინელი ფუტკარაძის ინფორმაციით, მალხაზ ერაძის მიერ ყოფილი გამგებლის - ლევან ფალავანდიშვილის გათავისუფლების გამო სასამართლოში შესულია ადმინისტრაციული სარჩელი.

„თუკი საკრებულოს აქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ მისი გადაწყვეტილება არგუმენტირებული იყო და კანონთან შესაბამისობაში მოდიოდა, ეს ყველაფერი გამოჩნდება სასამართლოზე“, - გვითხრა ნინელი ფუტკარაძემ.

For.ge გამგებლის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს - ლევან ფალავანდიშვილსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ბოლნისში ყოველთვის იყო ხალხი, რომლებიც ყველა დროს ერგებოდნენ და ცდილობდნენ, მოქცეულიყვნენ ხელისუფლების სათავეში. ისინი ჯერ „მოქალაქეთა კავშირში“ იყვნენ, შემდეგ - „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ყოველთვის დროულად სხდებოდნენ ახალი ხელისუფლების მატარებელში. რატომღაც მათ მიაჩნდათ, რომ გამუდმებით უნდა ემართათ ბოლნისი და ახალი სახეები ბოლნისში არ უნდა გამოჩენილიყვნენ.

ლევან ფალავანდიშვილი ამ ადამიანების ვინაობასაც ასახელებს: ლალი ციხელაშვილი, თემურ სვანიძე, დავით გამყრელიძე... მისი მტკიცებით, ისინი აქტიურად მუშაობდნენ, რათა მალხაზ ერაძეზე ზეგავლენა მოეხდინათ, თორემ მანამდე ლევან ფალავანდიშვილსა და მალხაზ ერაძეს შორის დაძაბულობა არ ყოფილა. მეტიც, ფალავანდიშვილი ირწმუნება, რომ მალხაზ ერაძეს ძალიან უჭირდა ერთპიროვნული ბრძანების დაწერა.

„სწორედ ამ ხალხის მიერ იყო ორგანიზებული კანონდარღვევით, სასაცილო ბრალდებით ჩემი გათავისუფლება თანამდებობიდან, თითქოს, სათანადოდ არ ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. წინა პარასკევს მათ წამომიყენეს ათპუნქტიანი ნუსხა, რომელზეც პასუხი უნდა გამეცა, თუმცა ორშაბათს ისე დანიშნეს ბიურო, რომ არ დამიძახეს და არ მკითხეს არაფერი. ეს იყო გარკვეული ჯგუფის კერძო ინტერესი. ამიტომ სასამართლოს მივმართე“, - აღნიშნა ლევან ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მალხაზ ერაძეს აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ ამ ყველაფერს ადმინისტრაციული წარმოება უნდა უსწრებდეს და გარკვეული ბრალეულობა უნდა იკვეთებოდეს.

ლევან ფალავანდიშვილი არ მალავს, რომ ზემოხსენებულ პერსონებს უნდოდათ, მას ის ხალხი დაენიშნა თანამდებობებზე, რომლებიც აწყობდათ, რათა გარანტიები ჰქონოდათ საკრებულოში და განესაზღვრათ პოლიტიკური კლიმატი. თუმცა მასთან ვერაფერს მიაღწიეს და იგი, მალხაზ ერაძის მეშვეობით მოიშორეს.

რაც შეეხება მის პოსტზე დანიშნულ მურმან ყურაშვილს, ლევან ფალავანდიშვილი მას ნაკლებად იცნობს. უბრალოდ, აცხადებს, რომ ყურაშვილის შესახებ შეუძლია მხოლოდ მისი ბოლო განცხადების მიხედვით იმსჯელოს, როცა ყურაშვილმა გამგებლის სტატუსით დაწერა ბრძანება, მაშინ, როცა იგი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ.

„სხვათა შორის, მალხაზ ერაძის მოქმედებით მარტო მე არ ვარ უკმაყოფილო. დეპუტატთა ნაწილმაც შეიტანა მის წინააღმდეგ განცხადება“, - გვითხრა ლევან ფალავანდიშვილმა.