„თუ ჩვენ იარაღს მივიღებთ, რუსეთი ომისთვის მზადებას დაიწყებს“

„თუ ჩვენ იარაღს მივიღებთ, რუსეთი ომისთვის მზადებას დაიწყებს“

ობამა–სააკაშვილის შეხვედრა მოსკოვის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 
რუსული რეაქცია კლასიკურია და იგი დიდი ხანია არ იცვლება – „თუ თბილისი ვაშინგტონისგან ახალ შეიარაღებას მიიღებს, ეს კრემლის რეაგირების გარეშე არ დარჩება“.

რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრის ექსპერტების განცხადებით, „რუსული არმია მზად უნდა იყოს თავის მეზობლებთან კონფლიქტებისთვის“. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს განცხადება ერთგვარ გაფრთხილებად შეიძლება ჩაითვალოს. მათივე თქმით, მოსკოვის მხრიდან კონფლიქტისთვის მზადებაზე საუბარი პირველ რიგში დასავლეთსა და აშშ-ზე ზეწოლაზეა გათვლილი.

„რუსული არმია მზად უნდა იყოს თავის მეზობლებთან კონფლიქტებისთვის. მათ შორის მათთან, რომლებიც არცერთ სამხედრო ბლოკში არ არიან გაერთიანებული“, - აცხადებს სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრის ექსპერტი ანტონ ლავროვი.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსული არმია ისეთი უნდა იყოს, რომ მეზობლებს ბრძოლის სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ. აღნიშნული განცხადებები ლავროვმა მოსკოვში წიგნის „რუსეთის ახალი არმია“ პრეზენტაციზე გააკეთა. როგორ რუსული მედია იუწყება, წიგნი უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობითაცაა შედგენილი.

„მიმაჩნია, რომ ჩვენი რუსული არმია მზად უნდა იყოს ჩვენს ნებისმიერ მეზობელთან კონფლიქტისათვის. მათ შორის მათთან, რომლებიც არცერთ სახედრო ბლოკში არ შედიან. ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატოსთან ჩვეულებრივი შეიარაღებით, ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩინეთთან ჩვეულებრივი შეიარაღებით, მაგრამ პრაქტიკულად ნებისმიერ მეზობელთან, როგორც ახლო წარსულმაც გვაჩვენა, არა ახლა, არც 5 წლის შემდეგ, არც 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზოგადად, შესაძლოა, რაღაც პრობლემები წარმოიქმნას“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზად უნდა იყოს წინ აღუდგეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, მაგრამ პირველ რიგში იგი მზად უნდა იყოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კონფლიქტების განმეორებისათვის, ასევე - შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ცენტრალური აზიიდან შემოჭრა არ გვემუქრება, მაგრამ იქ ისეთი არასტაბილური სიტუაციაა, რომ რუსეთი შესაძლოა კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდეს, მათ შორის შიდა კონფლიქტებშიც“, - აცხადებს ექსპერტი და უკრაინასთან ამ სცენარის განვითარების შესაძლებობაზე საუბრობს:

„არმია ნებისმიერი მეზობლის საფრთხის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობები გვაქვს მასთან. მომავალში მე ვერ ვხედავ უკრაინასთან კონფლიქტის ალბათობას“.

ანტონ ლავროვი ასევე ამბობს, რომ უკრაინის „წინა რეჟიმის“ შენარჩუნების შემთხვევაში იხატებოდა საკმაოდ დაძაბული თარიღი 2017 წელი, როდესაც შეიძლებოდა შექმნილიყო პრობლემები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოყვანასთან დაკავშირებით.

„რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილებადაც და იმ ადამიანების ნათქვამადაც, რომლებიც ინფორმაციას ბოლომდე არ ფლობენ“, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„რადიკალურად სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რაზე იყო საუბარი ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დროს. აქედან გამომდინარე, რთულია საუბარი იმაზე, რა კონტექსტში შეიძლება შეეხებოდნენ ორი ქვეყნის პირველი პირები იარაღისა და ჩრდილოეთ კავკასიის თემებს“, - აღნიშნა არეშიძემ.

მისივე თქმით, ერთის მხრივ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ჰაერსაწინააღმდგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება უნდა მიაწოდოს და მეორეს მხრივ, საუბარია იმაზე, რომ მსგავსი თემა პრეზიდენტების შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა და პენტაგონი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.

„რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის საკითხს, საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ობამამ ამ მიმართულებით პოლიტიკა მოუწონა და თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა სააკაშვილი გააფრთხილა, რომ ჩრდილო კავკასიაში აქტივობა შეწყვიტოს. ამიტომ ძნელის საბოლოო შეფასება გააკეთო ამ შეხვედრის შესახებ, რადგან ბოლომდე არ ვიცით, რაზე იყო საუბარი. ამის გათვალისწინებით, კი რუსი ექსპერტების განცხადება შეიძლება ჩაითვალოს როგორც გაფრთხილებად, ასევე მომზადებად და იმ ადამიანების განცხადებადაც, რომლებმაც ბოლომდე არ იციან რა მოხდა შეხვედრაზე“, - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობისთვის უხერხულიც კი იქნებოდა, არ შეხვედროდა ისეთი ტიპის ქვეყნის ლიდერს, რომელიც სამშვიდობო ოპერაციაში ძალიან აქტიურად არის ჩართული.

„შეხვედრის თემა გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველო უაღრესად აქტიურია სამშვიდობო ოპერაციებში. ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, საქართველოს სიდიდით მესამე კონტიგენტი ჰყავს და აშშ-ის ხელმძღვანელობისთვის უხერხულიც კი იქნებოდა ასეთი ტიპის ქვეყნის ლიდერს რომ არ შეხვედროდა“, - აღნიშნა არეშიძემ.

ამის გათვალისწინებით, ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთში ობამა-სააკაშვილის შეხვედრას გაღიზიანება არ უნდა გამოეწვია. „ძალიან კარგია, რომ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა გაიმართა, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რაზე ისაუბრეს კონკრეტულად პრეზიდენტებმა და ეს დიალოგი რა ტონალობაში მიმდინარეობდა“, - აცხადებს არეშიძე.

„რუსეთის მხრიდან სამხედრო კონფლიქტისთვის მზადებაზე საუბარი დასავლეთზე და აშშ-ზე პოლიტიკურ ზეწოლაზეა გათვლილი, – მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს - რუსეთის მხრიდან საქართველოში რაიმე ფართო მასშტაბიანი აგრესია მოსალოდნელი არ არის, ყოველ შემთხვევაში ამაზე დღევანდელი ფაქტებიც მეტყველებს. ეს განცხადებები კი უფრო პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია, ვიდრე რეალური“.

მისივე შეფასებით, რუსული მხარის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას შეხვედრის ერთგვარი გამოხმაურება იყო.

„სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველო ამერიკისგან იარაღის შეძენას გეგმავს. ამას კი რუსული მხრიდან მოჰყვა რეაქცია და ისინი აცხადებენ, რომ თუ ჩვენ იარაღს მივიღებთ, მაშინ რუსეთი ომისთვის მზადებას დაიწყებს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ობამას 15 იანვარს ვაშინგტონში შეხვდა, სადაც პრეზიდენტებმა საქართველო-აშშ-ის შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს, ამ დრომდე არ ვრცელდება.