კერძო სექტორი ტურიზმის აღდგენის დინამიკით კმაყოფილია და 2023 წელს უკეთეს შედეგებს ელის. მართალია ზამთრის სეზონი ჩავარდა, მაგრამ ახლა ყველაზე დიდი იმედი საზაფხულო ტურიზმზე მყარდება. ამიტომაც წელს საზღვაო სეზონი ჩვეულებრივზე ადრე გაიხსნება და ამისათვის სახელმწიფო და კერძო სექტორი პარალელურად ემზადებიან.
როგორც კომპანია „რადარის“ დამფუძნებელმა მაია მახათაძემ განაცხადა, კერძო და სახელმწიფო სექტორის საინტერესო აქტივობები დადებით შედეგს მალე მოიტანს. საქართველოს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე შეუძლია წარმოჩინდეს, როგორც მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ასევე იმ დამატებითი მომხიბვლელობით, როგორიცაა კულტურა და გასტრონომია.
„ქვეყანა იძენს და იღებს ისეთ საინტერესო მიმართულებებს, როგორიცაა გასტრონომია, მისი ავთენტურობა, კულტურა. უკვე აქცენტი აღარ კეთდება მხოლოდ ქვეყნის ლამაზ ბუნებაზე. მართალია, ბუნებრივი რესურსები მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებით როლს იძენს კულტურული მახასიათებლები და სხვადასხვა ტიპის ავთენტურობა.
ქართველებს უკეთ შეგვიძლია ჩვენი სიმდიდრის წარმოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე. ამის მაგალითი იყო ITB Berlin, როგორ წარმოჩინდა იქ საქართველო, როგორი პრეზენტაცია იყო ქვეყნის სახელით. იქ საუბარი იყო მის უძველეს არქეოლოგიურ მონაცემებზე, ისტორიაზე და იმავე დროს საუბარი იყო კულტურასა და გასტრონომიაზე. ანუ საქართველოს წარმოჩენა შეუძლია არამხოლოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსების, არამედ იმ დამატებითი მომხიბვლელობის წყალობით, რომელსაც კერძო სექტორი, ქვეყანა და სახელმწიფო უწევს პოპულარიზაციას.
ბიზნესგარემო ყოველდღიურად იცვლება. ინოვაციური სერვისები შემოდის აქტიურად. ასევე ეს ინოვაციური პლატფორმები ქვეყანაში აქტიურად ინერგება. ახლახან დავბრუნდი აშშ-დან და მინდა გითხრათ, რომ როგორც მოგზაურისთვის ბევრი სერვისი საქართველოში უფროა მობილურად ხელმისაწვდომი, ვიდრე ვთქვათ აშშ-ში. ამიტომ ამ ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ტურიზმის სექტორში“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ მაია მახათაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს. განსაკუთრებული ზრდაა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 83.8%-ს შეადგენს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ციფრებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ მოგზაურებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, ყაზახეთიდან.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიის ტურისტულ ბაზარს, საიდანაც განსაკუთრებით მზარდია ტურისტული ვიზიტები და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ჩვენს ქვეყანაში.
ტურიზმის დინამიკის კვალდაკვალ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა ავიაციის ინდუსტრიაში. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში. განსაკუთრებით გამოსაყოფია ევროკავშირის წევრი ქვეყნები. სასიხარულოა, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით ავიარეისების რაოდენობა 22%-ითაა გაზრდილი. რაც დადებითა აისახება ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე ისევე როგორც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
რაც შეეხება წლევანდელ საზღვაო სეზონს, იგი ადრიანად, უკვე ივნისის დასაწყისში ოფიციალურ გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ ზოიძის თქმით, ტურისტული სეზონი საზღვაო ფესტივალით გაიხსნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი.
„საზღვაო სეზონი წელს ადრე, ივნისის დასაწყისში ოფიციალურ გაიხსნება, რადგან ინტერესი მეტია. იქნება საზღვაო ფესტივალი, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებინ კერძო სექტორის წარმომადგენლები და მათთან ერთად გავაკეთებთ ახალი პროექტების ანონსს, რომლითაც ვიზიტორებს დავხვდებით“, - განაცხადა ზოიძემ.