ფაქტობრივად, არ არსებობს მოცემულობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებას შეცვლის. რეგიონში საომარი ვითარებაა, რუსეთი სანქციების ქვეშაა და ორ ქვეყანას შორის ექსპორტიცა და იმპორტიც დიდი სისწრაფით იზრდება.
რაც მეტად ვაძლიერებთ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირს, მით უფრო კარგავს ქვეყანა ბაზრების დივერსიფიკაციის შანსს და უსაფრთხოების რისკებიც მატულობს. როგორც PMCG კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი პაპავა აღნიშნავს, განსაკუთრებით დამაფიქრებელია ექსპორტთან დაკავშირებული გარემოება.
„რუსეთიდან იმპორტი ფასების გამო უფრო ხელსაყრელია, ვიდრე განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან, ეს ფაქტია. სავარაუდოდ, იმპორტის ზრდა ამითაც არის განპირობებული. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. ბუნებრივია, მათაც გარკვეულწილად შეაქვთ წვლილი რუსეთიდან იმპორტის გაზრდილ მოთხოვნაზე. ბუნებრივია, რომ ასე მოხდა, მაგრამ ნამდვილად დამაფიქრებელია ექსპორტთან დაკავშირებული გარემოება, რაც ჩემთვის ძნელად ასახსნელია. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სხვა ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ.
ამ დროს საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ „თავსმოხვეულ“ შესაძლებლობას, რაშიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო აღმოჩნდა“, - განაცხადა პაპავამ და დასძინა, რომ საგარეო ვაჭრობაში არსებული მდგომარეობა გრძელვადიან პერიოდში საქართველოს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
„ხშირად არის საუბარი, რომ სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო არის გააქტიურებული. ეს ფაქტორი ისედაც იყო, მაგრამ პარალელურად ალტერნატიულ ბაზრებზე უფრო აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა. მნიშვნელოვანია, ახალი ბაზრების პოვნა და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი. ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. რუსეთის ეკონომიკა ან დასუსტდება იმდენად, რომ მიმზიდველობას დაკარგავს, ან თვითონ დაგვიწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში დიდ ბზარს შეიტანს და დაგვაზარალებს.
მიმდინარე ტრენდიც ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდება, უფრო მოკლევადიანი ტენდენციაა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რისკებს გაგვიზრდის. რაც მეტ ხანს ვიქნებით რუსეთზე დამოკიდებული, მით გვიან გავალთ ალტერნატიულ ბაზრებზე და გვიან გავეცნობით ახალ შესაძლებლობებს, ამასობაში ბაზრების დივერსიფიკაციის შანსს ვკარგავთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა „ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას.
რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, კერძო სექტორშიც რისკი სათანადოდ აქვთ შეფასებული, თუმცა საუბრობენ, რომ ქართული ბაზარი ახალი შესაძლებლობების საპასუხოდ მზად არ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი პროდუქტის სტანდარტია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნას ჯერ კიდევ ვერ პასუხობს.
საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი დაუფარავად ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით სურსათის ექსპორტს უჭირს.
„სიტყვით ქართული ბიზნესი ევროკავშირზეა ორიენტირებული, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. როდესაც შემაფერხებელ გარემოებებზე ვსაუბრობთ, საყურადღებოა ტექნიკური ხასიათის პრობლემა. ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო ჩვენი წარმოება ევროპულ სტანდარტს ვერ პასუხობს, იმ მოთხოვნას, რასაც ევროპა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეტანაზე აწესებს. ექსპორტისთვის დიდი გამოწვევაა ტექნოლოგიები და ინვესტიციები სექტორში. ელემენტარულად ვერ მივაღწიეთ, რომ პლასტმასის შეფუთვა მოხმარებიდან ამოვიღოთ, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის მიუღებელია.
ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და აუცილებლად სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება მუშაობის გააქტიურება. ბევრი მუშაობაა საჭირო, წლები დაგვჭირდება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტო მოცულობების ზრდა შევძლოთ, მანამდე ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს სექტორი“, - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, 177 მილიონამდე გაზარდა. აღნიშნულ პერიოდში 79%-ით, 490 მილიონამდე გაზარდა საქართველომ რუსული საქონლის იმპორტი, შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 667 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ მაჩვენებლით რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მესამე პოზიციას 376 მილიონი დოლარის ბრუნვით ჩინეთი იკავებს.