ვის და რას ჩუქნიდა პრეზიდენტი 1 ლარად

ვის და რას ჩუქნიდა პრეზიდენტი 1 ლარად

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევები, ძირითადად, 2007-2012 წლებში ფიქსირდება. ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება, 1 ლარად არის გასხვისებული. უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს, ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც, ალბათ, გამოძიების საგანი უნდა გახდეს. თუმცა, ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო, გარკვეული პირობით, თუ უპირობოდ გასცემდა სხვადასხვა სახის ქონებას კონკრეტულ პირებზე.

სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ ინფორმაციით, სახელმწიფო ქონებები ერთ ლარად გადაეცა: თბილისის მერის გიგი უგულავას ძმის ირაკლი უგულავას კომპანია შპს „ჯეო ლენდს“; შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას; შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს ლევან ქარდავას; ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს „ქროსვეისს“; ქონება ასევე უსასყიდლოდ გადასცეს შპს „ვანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გროუპ“-ს, რომლის წილის 25%-ს მფლობელია ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი. ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ დირექტორი იყო.

სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს „ახალ ოფისს“, რომლის დამფუძნებელიც კომპანია „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია“. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ეკუთვნის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2007 წელს სახელმწიფო ქონების ჩუქების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს. ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები).

2008 წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა 19 მაისის გამოსცა ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინი ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2008 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს საპატრიარქომ ერთ ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. 13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 4 971.44 მ2 და მასზე დამაგრებული 2272 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კინოთეატრ „ხულოს“ შენობა მიიღო, 486.1 მ2 საერთო სასარგებლო ფართობით და მასზე დამაგრებული 462 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2010 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით საპატრიარქოს საკუთრება გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე ჯამში 8200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1310 მ2 შენობა ნაგებობები. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას პრეზიდენტის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა დიდ დიღომში მდებარე ბინა. ხოლო, 2010 წელს სახელწიფო ქონება (გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე 21 მიწის ნაკვეთი) საპრივატიზაციო პირობის გარეშე, 1 ლარად მიიღო „ააიპ „თელეთი 2009“-მ.

2011 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. კერძოდ - ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.¹3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა 12 (საერთო ფართობით 78.50კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი);

ზურაბ შამათავას (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ. 3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა 43 (საერთო ფართობით 132კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ.5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).

ამასთან, სახელწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე 1 ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი)

სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისება თავისთავად კანონდარღვევა არ არის, კანონმდებლობა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ქონების სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემას. შესაბამისად, მოქმედი კანონდებლობით საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლება აქვს. მაგრამ, ჩნდება კითხვა, რამდენად სამართლიანი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილელები და რამდენად შეესაბამებოდა სოციალური სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებს.

პროფესორი, სამართალმცოდნე გია მეფარიშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური სამართლიანობის საკითხი და ამაზე უნდა იყოს შესაბამისი კვლევა ჩატარებული. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძებო კომისია, რომელიც სამართლებლივ და პოლიტიკურ შეფასებას მისცემს იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განვამლობაში განვითარდა სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი პრობლემური საკითხებია, რომელიც დაკავშირებულია ოქროყანაში, წყნეთში საქრთველოს სხვადასხვა ადგილებში „უხვად“ გაცემულ საკუთრებასთან დაკავშირებით. ამას შესაბამისი სამართლებლივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. რატომღაც ჩვენს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას ვიღაცა კონკრეტული პიროვნების მკვლელობის ან გაუპატიურების საქმეზე, მაგრამ ეს არაა პარლამენტის საქმე.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაინტერესებული უნდა იყოს ერთი მიმართულებით. ამ შეთხვევაში ეს უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრების სიმბოლურ ფასებად გადაცემის საკითხი. გამოიძახონ თანამდებობის ის პირებს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და გააკეთონ შეფასება.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტი ამას ვერ გააკეთებს, ამის შნო არ გააჩნია. როცა საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღე მუძღვნა ბუსუსებიანი პრეზერვატივების წარმომავლობას და არ მონახა დრო ძალიან საერიოზულ საკითხებზე, ალბათ, ჩვენ უნდა ველოდოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ალბათ, ეს გამართლებულიც იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისება თავისთავად კანონდარღვევა არ არის, თუმცა, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრების უფლების სიმბოლურ ფასად მიღება ღიად უნდა მოხდეს, რადგან შესაძლებელია სხვა კომპანიამ უკეთესი საინვესტიციო პირობა წამოაყენოს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი.

მათივე მტკიცებით, გამჭვირვალობის კუთხით, არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონის მიზანსა და მოთხოვნებს. ასევე აუცილებელია, რომ ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების შემდეგ საინვესტიციო პირობების შესრულებაზე განხორციელდეს კონტროლი, რის შესაბამისადაც დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირსა თუ კომპანიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება. სახელმწიფო ქონების გასხვისება კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, კერძოდ იგი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და მისი ეფექტურობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების უზრუნველყოფასა და ა.შ. ქონების გასხვისებისას სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ინვესტორს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ქონების გადაცემისთვის დადგინდეს გარკვეული კრიტერიუმები და პირობები. რისკის შემცველია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგად ქონების განკარგვა ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე მოხდა“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ში.

ეკონომიკის ექსპერტი ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ თუ დარღვეულია გარკვეული კანონი და შეიმჩნევა პიროვნული თუ კორუფციის ნიშნები, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვის. როგორც ექსპერტი ამბობს, მისთვის მიუღებელი იყო და ასევე მიუღებელია დღესაც სახელმწიფო ქონების 1 ლარად გადაცემა კონკრეტულ პიროვნებებზე.

„არ ვიცი რატომ განასხვავებდა მიხელ სააკაშვილი თანამოქალაქეებს, როდესაც მან 1 ლარად აჩუქა სახელმწიფო ქონება იმ ადამინებს, რომლებიც მის პოლიტიკურ კართან იყვნენ დაკავშირებული და რომლებიც მერე ვირთხებივით გაექცნენ მას პოლოტიკური გემიდან და არაჩვეულებრივ მოქალაქეს. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწოფო დაადგა სამართლებლივ გზას და არა წართმევის გზას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი და აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ეს საქმეები დეტალურად შეისწავლოს.

პრემიერ მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხების შესწავლა დაწყებულია.

„მე მქონდა ამაზე საუბარი. საკმაოდ რთული სამართლებლივი საფუძვლები აქვს, რადგან პრეზიდენტს კანონმდებლობით ასეთი ქმედებების ჩადენის უფლება ჰქონდა. იმისათვის, რომ ეს პროცესები უკან დავატრიალოთ, ამისათვის, ალბათ, საჭიროა, მინიმუმ, ის, რომ ვინც ამ აქტებს ხელს აწერდა ის დაიკითხოს. ჯერ ის პერზიდენტია, დაველოდოთ არჩევნებს. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი საქმე, რაზეც მიხეილ სააკაშვილს მოუწევს განმარტებების მიცემა“, - აღნიშა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.