"ლენინს უყვარდა ბავშვები, ბავშვებს კი - კაკლის მურაბა"saqa

ქართულ პოლიტიკაში ბავშვების ფაქტორი, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მეტად აქტუალური გახდა. ხელისუფლებაში ლამის თინეიჯერი მინისტრებისა თუ პარლამენტარების გამოჩენასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდით ყოველთვის ჩანან ბავშვები, რომელთა მომავალზე ზრუნვის აუცილებლობაზე უამრავ პოლიტიკურ განცხადებას ვისმენდით. თუმცა ამას, თავდაპირველად, არ ჰქონდა ისეთი მასშტაბური ხასიათი, როგორიც დღეს აქვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, ტელეეკრანიდან არ ჩამოდის და უმეტესწილად სწორედ ბავშვების გარემოცვაში ჩნდება. მას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თუ სკოლის მოსწავლეები შეძახილით: "მიშა, მიშა", ეგებებიან და ისიც არაფერს იშურებს მათდამი სიყვარულის სადემონსტრაციოდ. სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომელზეც აღბეჭდილია, რა გულმოდგინედ ავარჯიშებენ ბავშვებს "მიშა, მიშას" დასაძახებლად. ეს გადამდები აღმოჩნდა მინისტრებისთვისაც, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციის ყოველ ახალ შენობას სწორედ ვარდებითა და დროშებით შეიარაღებული ბავშვებით გარშემორტყმული ხსნის, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტელეეკრანებზე ხან კალათბურთს თამაშობს ბავშვებთან ერთად და ხან - ფეხბურთს, თუმცა ეს მაინცდამაინც გასაკვირი არ არის, ბოლოს და ბოლოს, განათლების მინისტრია... ასევე ბავშვების გარემოცვაში ტელეკამერების წინ საკმაოდ ხშირად პოზირებს თბილისის მერი გიგი უგულავაც. საქმე ისე მიდის, რომ მალე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ციხეში დანერგილ ყოველ სიახლეს მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით გაგვაცნობს. გარდა ამისა, ბავშვებს იდეოლოგიურად ამზადებენ იმისთვის, რომ მათგან ხელისუფლების ერთგული და მორჩილი მოქალაქეები მიიღონ. უკვე არაერთხელ ითქვა იმ სასკოლო თემებზე, რომელსაც ბავშვებს აწერინებენ, მაგალითად, სახელწოდებით: "ჩემი პრეზიდენტი". ჩვენ ასევე ვნახეთ მუსიკალური კლიპი პოლიციაზე, რომელშიც ბავშვები ჩანან. სამიოდე თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ყველაზე პოპულარული ბავშვებში ვარ. ჩემი მთავარი ელექტორატი სწორედ ბავშვებია. პარლამენტში კანონის გატანის შანსი თუ გამომიჩნდა, სამი-ოთხი წლის ბავშვებს აუცილებლად უნდა მივცეთ ხმის უფლება. მაშინ სულ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. ვხუმრობ, ამას ნამდვილად არ ვაპირებ", - იქვე დაგვამშვიდა პრეზიდენტმა, თუმცა როგორც ამბობენ, ყოველი ხუმრობა სიმართლის მარცვალს შეიცავს და, გამორიცხული არ არის, პრეზიდენტი მსგავს კანონზე მართლაც ფიქრობდეს.

ტოტალიტარულ საბჭოთა ქვეყანაში ნაცხოვრებ ადამიანებს ბავშვებისადმი ხელისუფლების გადაჭარბებული სიყვარული ძალაუნებურად ახსენებს იმ საბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ასევე "ბავშვების სიყვარულში ათენ-აღამებდნენ". ამის სადემონსტრაციოდ ვრცელდებოდა ფოტოები, იქმნებოდა ლექსები, ნახატები. მოკლედ, იქმნებოდა მითები ლენინზე, სტალინზე, ხრუშჩოვზე და ა.შ. არადა, საბჭოთა სისტემა ერთ-ერთი იყო იმ რეჟიმებს შორის, სადაც ადამიანებს ყველაზე არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ასეთივე მითები არსებობდა ადოლფ ჰიტლერზეც, რომელიც კამერის წინ დიდი ხალისით პოზირებდა, მას არც იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი ჩამოუვარდებოდა.

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი: "ამა თუ იმ ხელისუფლებაში გავრცელებული ჰუმანურობის სიმბოლო - ბავშვის სიყვარული - ფსიქოლოგიურად შეიძლება ავხსნათ, როგორც არაჰუმანურობის გადაფარვის მცდელობა. სწორედ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მილიონობით ადამიანის ბედს განაგებდნენ, თანაც დაუნდობლად, ამის საკომპენსაციოდ ბავშვებისადმი სიყვარულის წარმოსაჩენად ყველაფერს აკეთებდნენ. ამით ცდილობდნენ საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ისინი ლმობიერები და ჰუმანურები არიან.

საკუთარი იმიჯისთვის ბავშვის გამოყენებას ყველაზე ხშირად ის ხელისუფალნი მიმართავდნენ, რომლებიც ადამიანებს უსასტიკესად ეპყრობოდნენ.

რაც შეეხება ამ ფორმულას დღევანდელ საქართველოში, სააკაშვილის ხელისუფლებას ბრალად ედება ადამიანების მიმართ დაუნდობლობა. ამის სიმბოლოდ 2011 წლის 26 მაისი იქცა. თუმცა მანამდეც არაერთი რამ ვნახეთ, მაგალითად: კერძო საკუთრების ხელყოფა; სამსახურებიდან ადამიანების უაპელაციოდ გაყრა; შერჩევითი სამართალი; გახმაურებული მკვლელობები, როდესაც მკვლელები სწორედ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდნენ; ნულოვანი ტოლერანტობა და ა.შ. ამ ყველაფერმა ერთად კი გააჩინა არაჰუმანურობის განცდა. იცის სააკაშვილმა, იციან მისმა პოლიტტექნოლოგებმაც და ამიტომ აქციეს ბავშვები ლამის ქართული პოლიტიკის ნაწილად. ამან განსაკუთრებული მასშტაბი ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო, რაც წინასაარჩევნო პერიოდით აიხსნება, მით უფრო, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ფიგურა, რომლის სახელთანაც სწორედ ჰუმანურობა და ადამიანებზე ზრუნვა ასოცირდება, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლო ხანს ბავშვებთან ასე ხშირად ჩნდება, შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც კი იყოს ამ პროცესთან დაკავშირებული.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის იმიჯში ასეთი მზრუნველობის დეფიციტია, არ გამოვრიცხავ, რომ მისი პიარტექნოლოგები ამგვარი სიმბოლოებით ცდილობდნენ პრობლემების მოგვარებას".

ოდესღაც ამტკიცებდნენ, რომ "ლენინს უყვარდა ბავშვები", თუმცა როგორც ამბობენ, იმ სასტიკ საბჭოთა ეპოქაშიც კი ბედავდნენ ადამიანები ხუმრობას და ჩუმ-ჩუმად ამ პროპაგანდისტულ ლექსებსაც გადააკეთებდნენ ხოლმე, მაგალითად ასე: "ლენინს უყვარდა ბავშვები, ბავშვებს კი - კაკლის მურაბა".