ინვესტორების უარი თიზ-ს

ინვესტორების უარი თიზ-ს

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს ამოქმედება არ უწერია. ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ამ ქვეყანაში თიზ-ი სარგებელს ვერავის მოუტანს. ამას ადასტურებს ბოლო დროს მიმდინარე პროცესებიც.

 

ქართულ-ებრაული კომპანია „ტერა 1“–ს აეროპორტის მიმდებარედ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოსაწყობად შესაბამის ლიცენზია ამ დრომდე არ მიუღია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ებრაული კომპანია „ტერა ჯგუფი“ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას და გარკვეული დეტალების შეთანხმებას ამ დროისთვისაც აწარმოებს, თუმცა გარიგების დეტალების შესახებ კომპანიაში არ საუბრობენ.

 

რამდენიმე თვის წინათ „ტერა 1“-ის ლიცენზიის მიუღებლობის მიზეზად 250 ათას ლარიან საბანკო გარანტიას ასახელდება, რომელსაც სახელმწიფო კომპანიისგან ითხოვდა. თუმცა კომპანიის მენეჯმენტი დღეს აცხადებს, რომ საბანკო გარანტიის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია, რადგანაც ახალი კანონმდებლობით წარსადგენი საბანკო გარანტიის მოცულობა 5-ჯერაა შემცირებული.

 

2008 წელს „ტერა 1“-მა აეროპორტის მიმდებარედ 45 ჰექტარი მიწა, 30 მლნ დოლარად, იმ პირობით შეიძინა, რომ 10 ჰექტარზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მოაწყობდა, თუმცა მთავარ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული გაუგებრობის გამო პროექტი დროებით შეჩერდა.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობაზე 2010 წლის აგვისტოში ოფიციალურად განაცხადა. როგორც მაშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, აეროპორტის მიმდებარედ შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 

როგორც ჩანს, ინდუსტრიული შემართება არც ქობალიას უვარგა და მაინც და მაინც, არც ინვესტორები იჩენენ დიდი ინტერესს.  მაგალითად, ასეთივე გაურკვეელი ვითარებაა რუსთავის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებითაც. მისი მშენებლობისთვის ესტონურმა ბიზნეს ჯგუფმა რუსთავის ყოფილი ქიმ-ბოჭკოვანი ქარხნის ტერიტორია ჯერ კიდევ 2007 წელს შეიძინა. თუმცა, ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე აქტიური პროცესები ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

პარალელურად თურქული კომპანია აჭარაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნით ინტერესდება. აჭარის მთავრობა ხელვაჩაურში 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მოლაპარაკებებს ინვესტორებთან რამდენიმე წელია აწარმოებს.

 

პროექტის თანახმად, ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში 2 წელიწადში უნდა მოეწყოს.  თუკი ქვეყანაში საერთო ეკონომიკური ვითარება არ შეიცვალა, სავარაუდოდ, ხელვაჩაურის სახით კიდევ ერთი განუხორციელებელი თიზ-ი შეგვემატება.

 

ქართველი ექსპერტები მეტად სკეპტიკურად უყურებენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მომავალს. „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ წარმომადგენლის მათე გარდავას განცხადებით, მსოფლიოში დღეს არსებული 3000-ზე მეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან, მხოლოდ 20%-ია ეკონომიკურად წარმატებული.

 

გარდავას შეფასებით, უცხოელი ინვესტორები „ცარიელ ადგილზე“ არ მოდიან. ისინი თავისუფალი ზონით ინტერესდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქ უკვე არის სათანადო ინფრასტრუქტურა, ან მისი შექმნის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.  ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯები კი ზოგჯერ მთლიანი ინვესტიციის თითქმის, 75%-ს შეადგენს.

 

ექსპერტის შეფასებით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თიზ-ები საქართველოში დიდ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოგვცემს.  მით უფრო, რომ მსგავსი ზონების შექმნით ფერხდება კონკურენცია ზონაში არსებულ დარეგისტრირებულ ფირმებთან, რომლებიც მრავალი შეღავათით ისარგებლებენ.

 

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი დავით ონოფრიშვილი ასევე ეჭვის თვალით უყურებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტს და ამბობს, რომ ინვესტორისთვის მთავარია კერძო საკუთრების დაცვის გარანტია, ლიბერალური გარემო და თავისუფალი ბაზარი. სწორედ ასეთ პირობებში იქმნება, დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობები და არა იზოლირებული, „საოცნებო“ ზონების შექმნით.