„ახალმა მინისტრებმა ვითარება ჩვენზე კარგად მოირგეს“

„ახალმა მინისტრებმა ვითარება ჩვენზე კარგად მოირგეს“

ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას მოუწოდებს - საჯარო მოხელეები საარჩევნო კამპანიას ჩამოაცილოს. ოპონენტთა ბრალდებების საპასუხოდ, უმრავლესობა საჯარო მოხელეებს მიმართავს აგიტაციის გაწევისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი ინტენსიურ ფაზაში შედის და გიორგი მარგველაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას ხვდება.

მისი განმარტებით, კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ - პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებს, ასევე მათი მთავრობის თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, გამგებლებს, მერებს, გუბერნატორებსა და საქართველოს პრეზიდენტს.

„ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ პირებს, საარჩევნო კოდექსის თანახმად, უფლება არ აქვთ, აგიტაციაში ჩართონ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი პირები, აგრეთვე, მათ არ აქვთ უფლება გამოიყენონ - სახელმწიფო ავტომანქანა, საწვავი, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებსაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება. აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან შვებულებაში, ან არის არასამუშაო საათები“, - აცხადებს იმერლიშვილი.

კანონმდებელის განმარტებით, აგიტაციაში მონაწილეობის მიღება სრულად ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრებს, ასევე მოსამართლეებს, შსს-ს, თავდაცვის, პროკურატურის, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატთან გორში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფო მოხელე, მათ შორის გამგეობის თანამშრომელი დაფიქსირდა, რაც დაუშვებელია. აგიტაციისგან სახელმწიფო მოხელეებმა თავი უნდა შეიკავონ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო და ვარაუდი არსებობდა, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან აგიტაცია აიკრძალებოდა, თუმცა, ცვლილებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

„ამ ეტაპზე, დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ. დიდი იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი აიკრძალებოდა, მაგრამ ჯერჯერობით, რეფორმა არ ჩანს. გასულ წელს, გვაკრიტიკებდნენ, მინისტრები რატომ ეწევიან აგიტაციას, რატომ მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში და ა.შ. მაგრამ ახალმა მინისტრებმა ყველაფერი ჩვენზე კარგად მოირგეს და შეირგეს კიდეც! მინისტრები და გამგებლები მარგველაშვილის არცერთ შეხვედრას არ ტოვებენ. ადრეც ვამბობდი, რომ არასამუშაო დროს, პოლიტიკური თანანმდებობის პირს შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია, თუ ის საწვავს თავისი ხარჯით ჩაასხამს, მაგრამ მაშინ, ალბათ, ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლის პათოსი გახსოვთ, რომელიც ამბობდა, რომ მანქანებიც ავკრძალოთო. მათი განცხადებების შემდეგ, რა შეიცვალა?! - ბევრი არაფერი შეცვლილა, პირიქით, მათი მოქმედებები ახლა უფრო თვალშისაცემია“, - აცხადებს მაჭავარიანი.

კანონმდებელის შეფასებით, საჯარო მოხელეთა ქმედებები უკვე ხელისუფლებასაც აწუხებს, რის გამოც, მათი მხრიდან მოწოდებები ისმის.

„როგორც ჩანს, მათმა მოქმედებებმა ხელისუფლებაც შეაწუხა, მაგრამ ამ საჯარო მოხელეებმა რეგიონებში, საკრებულოებისა და გამგებლების პოსტები აიღეს და მათ ახლაც, თავის გამოჩენა სურთ. ვინც წლების წინ გვაკრიტიკებდა, ახლა, ისინი აგიტაციას ჩვენზე უკეთ ეწევიან. გამგეობებსა და სამინისტროებს რა დავალებებიც აქვთ მიღებული, ეს ხომ არ დაიმალება?!“, - დასძენს მაჭავარიანი.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი საარჩევნო კამპანიებში გამგებლების მონაწილეობას აპროტესტებს და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს არსებულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს.

ახვლედიანიას განცხადებით, სოფლის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი 50 მლნ ლარი მაისში, მაქსიმუმ, ივნისში უნდა დახარჯულიყო, თუმცა, ეს თანხა დღესაც არ არის დახარჯული და ამ თახების ხარჯვა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

„ეჭვი გვაქვს, რომ ეს თანხები მისადაგებული იქნება საარჩევნო კამპანიასთან. ისევე როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე დღესაც, გამგებლები სახელისუფლებო კანდიდატის კამპანიაში მონაწილეობენ და ეს ფაქტი დაფიქსირდა სენაკშიც. თუ ვითარება არ შეიცვალა, იგივე გაგრძელდება, რასაც ადგილი მთელი ცხრა წლის მანძილზე ჰქონდა. კამპანიებში გამგებლების მონაწილეობა გავაპროტესტე, თუმცა, უწყებათშორის კომისიაში განმიცხადეს, რომ კანონით, გამგებლებს კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ. თუ ეს კომისია ქმედითი არ იქნება, მაშინ მას დიდი ბოქლომი უნდა დავადოთ და ჩავკეტოთ“, - აცხადებს ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე უწყებათშორის კომისიაშიც ისაუბრეს, რომლის ხელმძღვანელიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

მინისტრის მტკიცებით, კომისიაში მისი თავმჯდომარეობის დროს არავის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პროვოკაცია არ დაერქმევა.

„გამგებელს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწლეობას კანონი არ უკრძალავს, თუმცა, თუ გამგებელი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებით დაკავდება, ეს უკეთესი იქნება“, - აცხადებს მინისტრი, რომლის ინფორმაციითაც, კომისიის რიგით მეორე სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება, სადაც რეკომენდაციების პროექტი დამტკიცდება.