[გიორგი ბექაური]
პრეზიდენტი რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აღიქვამს, ამაზე თავად სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს. სწორედ ამის დასტურია ისიც, თუ რა მონაცემებს ფლობს პრეზიდენტი ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით.
სააკაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა საერთო მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემებით 2010 წლის დეკემბერში, 2009 წლის დეკემბერთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა, ზრდა დაახლოებით 0,7% იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამდენი დევნილი გვყავს, სიღარიბის მაჩვენებელმა, დაახლოებით, 60%-ით დაიწია, ამ მხრივ ჩვენ კვლავ წარმოუდგენელი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა გვაქვს დაუცველობის პრობლემა. ჩვენზე ძალიან მოქმედებს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენ გვამოძრავებს - ის, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც სჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ. ის, ვინც მზად არის, მხარში ამოგვიდგეს და მორალური დახმარება გაგვიწიოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი - ფინანსური“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე სააკაშვილმა განცხადება ამერიკაში ვიზიტისას გააკეთა. ცხადია, რომ თავის მოწონების მიზნით ასეთი განცხადების გაკეთება აკრძალული არ არის, თუმცა ციფრებს შორის სხვაობა რეალობასთან მიახლოებული უნდა იყოს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელმა 60%-ით დაიწია, ამავდროულად, მისივე მთავრობის ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელსაც სწორედ ასეთი ადამიანების ბედი აბარია, სულ სხვა მონაცემებს აქვეყნებს.
მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის დეკემბერში უმწეოთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 1,773,294 ადამიანი, ანუ 12 103 ადამიანით მეტი, ვიდრე 2009 წლის დეკემბერში. მაშინ უმწეოთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 1,761,191 ადამიანი. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა არა თუ კლებას, არამედ ზრდას და ეს ზრდა, დაახლოებით, 0,7% იყო. საერთო ჯამში კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უმწეოთა ბაზაში მთელი მოსახლეობის 40,5%-ია რეგისტრირებული.
როგორც ჩანს, პრეზიდენტს მოსახლეობა შეცდომაში კიდევ ერთხელ შეჰყავს. პიარკამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გზები იგება და იქ ხალხი საქმდება, სასურველ მიზანს ვერ აღწევს. ამიტომ საქმეში ერთვება ახალი „მონაცემი“. უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, სააკაშვილი გულდაგულ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მეთოდურად მცირდება და თანაც ამას მსოფლიო მასთაბით ღაღადებს.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა ასეთივე ტიპის განცხადება ადრეც გააკეთა, მაგრამ არა ამერიკაში, არამედ საკუთარ სამშობლოში. მაშინ ის ასევე საგულდაგულოდ ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მისი პრეზიდენტობის პერიოდში 54%-დან 20%-მდე დავიდა. მაშინაც და დღესაც სააკაშვილის ციფრებსა და ოფიციალურ სტატისტიკას შორის სხვაობა საკმაოდ მაღალი იყო.
რის ხარჯზე მცირდება ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, ამაზე პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არც ახლა და მით უმეტეს, არც მაშინ გაუცია. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე კი ირწმუნება, რომ ამ მაჩვენებლის შემცირება წლების განმავლობაში სამუშაო ადგილების შექმნამ და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ გამოიწვია.
სამაგიეროდ, გაუგებარია, თუ რის ხარჯზე მოხდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირება ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილისთვის. ექსპერტს სააკაშვილის ეს განცხადება ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟს აგონებს და სვამს შეკითხვას:
„მაინტერესებს, ერთი და იგივე არითმეტიკის მასწავლებებლი ხომ არ ჰყავდათ სააკაშვილსა და თათქარიძეს? პრეზიდენტის მიერ, ბოლო პერიოდში პროცესების ანალიზის ლოგიკა ნაკლებად დამაჯერებელია. ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, მას ჰგონია, რომ საქმეში ჩახედული ადამიანი შეცდომაში შევა. ის ქვეყანა, სადაც იმპორტი სამჯერ მცირდება, ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია. ჩვენ კი გვიმტკიცებენ, რომ კრიზისი არაა.
ასევეა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით. თუ ასე უჩუმრად ღარიბი ადამიანების რიცხვი მცირდება, მაშინ იქნებ ავუხსნათ მსოფლიოს ამ ეკონომიკური სასწაულის საიდუმლობებები და მსოფლიო ამ ქართული ნოუჰაუს გამოყენებით კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ვუთხრათ ყველას თუ როგორ უნდა დავძლიოთ სიღარიბე.
რიცხვები და რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ამიტომ, სწორედ ამ რიცხვებთან და ფაქტებთან ცოტა მორიდებით უნდა ვიყოთ, მით უმეტს, სახელმწიფოს პირველი პირი. ის ადამიანები კი, რომლებიც ასეთ ინფორმაციას აწვდიან სააკაშვილს, ნუ ფიქრობენ, რომ ამით საკუთარი კეთილდღეობას უზრუნველყოფენ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.