[ლელა კობერიძე]
მეწარმეების დაჭერა-დარეკეტების ახალი ხანა იწყება. ახალ საგადასახადო კოდექსის მუხლების გაგება მეწარმეებისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ექსპერტებს ეს არც უკვირთ, ვინაიდან, მათი თქმით, კოდექსის ბევრი მუხლი მკაფიო არ არის, შესაბამისად, მისი გაგება ისეა შესაძლებელი, როგორც საგადასახადო ინსპექტორს სურს. ბიუჯეტის შესავსებად მთავრობას საერთაშორისო ფინანსური დახმარებები შეუმცირდა და ისინი ახალი კოდექსით დაჯარიმებულმა მეწარმეებმა უნდა ჩაანაცვლონ. ასე რომ, ბიზნესმენებს ახალ სისტემებში გარკვევა, ახლებურად შემოწმება და, შესაბამისად, ახლებური დაჯარიმება მოუწევთ.
საგადასახადო კოდექსში მალე ცვლილებები შევა და ბუღალტერიის წარმოება მიკრო და მცირე ბიზნესსმენებსაც დაეკისრებათ. დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონში მცირე და მიკრო მეწარმეების მიმართ საჯარიმო სანქციები ჩადებულია. „მრეწველი“ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ახალი კოდექსით ფინანსთა სამინისტროს უფლებები ძალიან იზრდება, შესაბამისად, მეწარმე და სახელმწიფო ახალი კოდექსის მიხედვით გაცილებით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება, ვიდრე არსებული კოდექსით.
კერძოდ, ახალი კოდექსით ხელისუფლებას მინიჭებული აქვს საგადასახადო განაკვეთების დადგენის უფლება, გადასახადებისგან გათავისუფლება და სხვა. ტყემალაძის თქმით, ეს მუხლები კონსტიტუციის 94-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
ასევე მთავრობას უფლება აქვს დაამტკიცოს საგადასახადო ომბუდსმენი, განსაზღვროს მისი უფლებები. ტყემალაძის განცხადებით, ომბუდსმენი უნდა იყოს მთავრობის ოპონენტი, კოდექსით კი პირიქითაა. ასეთი ომბუდსმენის ინსტიტუტი მეწარმის უფლებებს ვერ დაიცავს. ასევე ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება გამოსცეს კანონქვემდებარე აქტები.
„თუ ეს აქტი კანონთან შეუსაბამობაში იქნება, მაშინ კანონი ყველაფერზე მაღლა დგას და საკითხი კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. გარდა ამისა, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, თუ მოხელის ბრალეულობით მოქალაქეს ზიანი მიადგა, იგი იმ ორგანიზაციამ უნდა აანაზღაუროს, სადაც მოხელე მუშაობს, ანუ ეს საკითხებიც დაუხვეწავია. ყველაფერთან ერთად, ახალი კოდექსით იზრდება ჯარიმები, სანქციები, გადასახადები“, - ამბობს ტყემალაძე.
ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ბევრ ადგილას არის მითითებული, რომ ესა თუ ის საკითხი უშუალოდ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. შესაბამისად, გამოვა უამრავი ქვენორმატიული აქტი და ამ ნორმატიული აქტებით დამტკიცდება მრავალი ცნება, რომელსაც ბიუროკრატიულ და აღრიცხვის საბჭოურ სისტემამდე მივყავართ იმის მაგიერ, რომ ბიზნესისთვის ეს პროცედურები შედარებით მარტივად გადასალახავი იყოს.
რაც შეეხება მეორად კანონმდებლობას, ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე აღნიშნავს, რომ რაც ნაკლები იქნება მეორადი კანონმდებლობა, მით მეტად შეიქმნებოდა სტაბილური ბიზნესგარემო და გახდებოდა პროგნოზირებადი გარკვეული მიმართულებები.
„გულსატკენია, რომ დაჩქარებული რეჟიმით და რამდენიმეთვიანი „პიარით“ მოხდა ცალკეული გადასახადების მატება, საგადასახადო ბაზის გაზრდა და ეს ყველაფერი დაკანონდა 1-ლი აგვისტოდან, რასაც ვერ ვიტყვი იმ ლიბერალურ მიმართულებებზე, რომელიც ჩაიდო კოდექსში. ნამდვილად გვქონდა დრო მიგვეღო რეალურად დახვეწილი საგადასახადო კანონმდებლობა, პარტნიორობაზე დაფუძნებული - როგორის დეკლარირებაც ხდებოდა თავის დროზე“, - აღნიშნა ისაკაძემ.
ექსპერტის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, მართალია, ზოგიერთი ჯარიმა მცირდება, მაგრამ კოდექსში ბევრად მეტი უარყოფითია.
„უარესდება დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის წესები, ასევე უარესდება საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის წესები. ზოგიერთ პროდუქტზე აქციზი იზრდება. უარესდება საურავის დარიცხვის წესები“, - ამბობს შავიშვილი.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, რომლის შემცირებასაც მთელი საქართველო მოელოდა, მთავრობამ მინიმუმიც ვერ დათმო, საშემოსავლო გადასახადი თუნდაც 20-დან 18%-მდეც არ შეამცირა.
სხვათა შორის, უმრავლესობის წევრებიც აღიარებენ, რომ საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის გამო, ბევრი ბიზნესმენი თავს დაუცველად მიიჩნევს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მეწარმეთა ნაწილს გადასახადების ადმინისტრირების წნეხის გამო რჩება შეგრძნება, რომ დაუცველები არიან.