თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში,

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში, "ვირტუსმა" ევროლიგაზე გამოსვლა დაასრულა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. სერჯო სკარიოლოს გუნდი ბოლო ტურში იტალიურ დერბიში „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა, რომელიც 89:84 დაამარცხა.

ბოლონიელები პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულით აგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა, რითაც მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა და 10 პასი დააგროვა.

„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის რეგულარული სეზონი 14 მოგებით და 20 წაგებით დაასრულა, რაც პლეი-ოფისთვის საკმარისი არ გამოდგა. იტალიურმა გუნდმა მე-14 ადგილი დაიკავა.