განაწყენებული მინისტრის საჩუქარი თუ დესანტი მტრის ბანაკში?!

განაწყენებული მინისტრის საჩუქარი თუ დესანტი მტრის ბანაკში?!

ირაკლი ალასანიას პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა for.ge -ს განუცხადა, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდა აქტივისტები ნინო ბურჯანაძის ბანაკში გადაბარგებისთვის ემზადებიან. წყაროს თქმით, აღნიშნულ თემაზე საუბარი „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისებში საკმაოდ ღიად მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თავად ირაკლი ალასანიას მისი მხარდამჭერების ბურჯანაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. რესპონდენტის თქმით, ახალგაზრდების დაბნეულობას ისიც უწყობს ხელს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბოლო დროს, მათ მართლაც არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ პარტიის ლიდერებთან და ისინი თავს უფუნქციოდ მიიჩნევენ.

„დაბნეული აქტივისტი“ აცხადებს, რომ ახლო მომავალში „თავისუფალი დემოკრატების“ ასზე მეტი აქტივისტი „დემოკრატიულ მოძრაობას“ შეუერთდება, თუმცა გაურკვევლია ეს იქნება ირაკლი ალასანიას შურისძიება მისი ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების გამო, თუ მმართველ კოალიციასთან კოორდინირებული ქმედება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ჩაჩოჩების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძესთან გადასვლის შესახებ პროპაგანდას სწორედ ის ადამიანები ეწევიან, რომლებიც ალასანიასთნ დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული, ყველას კარგად ახსოვს, რომ ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების შემდეგ, ირაკლი ალასანია ითვლება ყველაზე სუსტ რგოლად ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტში. „თავისუფალ დემოკრატებში“ „შეგზავნილთა“ და „ჩანერგილთა“ შესახებ ხმაურიანი განცხადება, თავის დროზე, „ქართული ოცნებიდან“ დავით საგანელიძემ გააკეთა. მან ირაკლი ალასანის მოუწოდა დროულად გაერიცხა ასეთი ადამიანები პარტიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლებოდა, რომ ეს პარტიის მხრიდან მიზანმიმართულად კეთდებოდა.

ირაკლი ალასანიასთან ურთიერთობის დაძაბვის შესახებ მაშინ ღიად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც, რის შედეგადაც ალასანია ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლეს და შეწყდა საუბარი მმართველი გუნდის მიერ მომავალ პრეზიდენტად ირაკლი ალასანიას კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტებს მართლაც აქვთ საფუძველი ჩათვალონ, რომ გარკვეული შეთანხმების საფუძველზე, მათ „გადაბირებას“ ნინო ბურჯანაძესთან, კოალიციაზე განაწყენებული ალასანია უწყობდეს ხელს.

„თავისუფალი დემოკრატებიდან“ „დემოკრატიულ მოძრაობაში“ გადასაბარგებელთა კანდიდატები უფრო მიზანშეწონილად მეორე ვარიანტს მიიჩნევენ, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ შეეცდება, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძე გავიდეს და არა დავით ბაქრაძე. აქტივისტები თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძესთან გადასვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ბურჯანაძის გაპრეზიდენტებისთვის რეალურ მხარდაჭერას, ალასანიას აქტივისტების ნაწილი ამას უსამართლობად მიიჩნევს, რადგან ისინი „თავისუფალ დემოკრატებში“ ყოფილი „მოქკავშირელისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანის სახის მხარდასაჭერად კი არა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გაწევრიანდნენ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, კოალიციის შემადგენლობის ახალგაზრდა აქტივისტები მთავარ ამოცანად ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას მიიჩნევენ. ამ მიზნის მისაღწევად კი მზად არიან გადაჯგუფდნენ ნებისმიერ საარჩევნო ბანაკში.

კოალიციის მხრიდან დირექტივების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდების მასპინძლობისთვის მზადყოფნის შესახებ ნინო ბურჯანაძის პარტიამ განცხადება უკვე გააკეთა.

ახალგაზრდა აქტივისტების უფუნქციოდ დატოვება კოალიციის შემადგენელ პარტიულ ოფისებში მიზანმიმართულად ხდება თუ არა, ამის შესახებ მსჯელობა მათ დამოუკიდებლად მოუწევთ, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის ლიდერებთან დაკარგული კომუნიკაცია დღემდე აღდგენილი არ არის. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქტივისტებს ლიდერებმა პოლიტიკური თამაშის კარტები გაუხსნან. თუკი ასე გაგრძელდა, კარების უფრო ფართოდ გაღება სწორედ ნინო ბურჯანაძის პარტიას მოუწევს, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვინც 1-ლ ოქტომბრის არჩევნებზე ნაციონალებთან დაპირისპირებით ყველაფერი გარისკეს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გადაჩოჩების ერთადერთ ალტერნატივად, ღიად თუ შეფარვით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს ასახელებს.

ასე რომ, მავანთა აზრით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ახლო მომავალში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი აქტივისტების საკმაოდ დაბნეულ ჯგუფს მიიღებს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, სავარაუდოდ, დიდხანს დარჩება გაურკვეველი ეს იქნება განაწყენებული მინისტრის საჩუქარი ბურჯანაძისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარცხებლად გაგზავნილი დესანტი მტრის ბანაკში.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა for.ge-სთან აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის ნინო ბურჯანაძისა და მისი შტაბის მიერ მიზანმიმართულად გამოგონილი  ბლეფი, რომელიც საპნის ბუშტივით მალე გაქრება. ალასანიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო ბურჯანაძის მხრიდან.

„ბურჯანაძისათვის არც პირველია და არც ბოლო მსგავსი ინფორმაციების გავრცელება. მას უნდა შექმნას სურათი თითქოს, „თავისუფალი დემოკრატების“ ხარჯზე ძლიერდება. ასეთ ბინძურ მეთოდებს ბურჯანაძის შტაბი ხშირად იყენებს მიზანმიმართულად. ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო და ნინო ბურჯანაძე სატელევიზიო გამოსვლებისას, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს თავის საარჩევნო კამპანიაზე, საუბრობს „თავისუფალ დემოკრატებზე“. რამდენიმე წლის უკანაც ამბობდნენ, თითქოს, ალასანიას პარტიიდან ბურჯანაძის ფლანგზე გადადიოდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ასე რომ, ეს ბლეფიც საპნის ბუშტივით მალე გაქრება“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

აქვე მან ლანჩხუთისა და მარნეულის შემთხვევები გაიხსენა და განმარტა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბურჯანაძის პარტიაში გადაბარგდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები არასოდეს ყოფილან.

გიორგი ცაგარეიშვილის მტკიცებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ლიდერებთან კომუნიკაციის არავითარი პრობლემა არ გააჩნიათ და ისინი აქტიურად მუშაობენ ყველა მიმართულებით.

„ახალგაზრდები ყოველდღიურად არიან ჩართული პარტიის მუშაობაში, ოფისში მოდის უამრავი ხალხი. დღეს მე თავადაც ვიყავი მისული და იქ ახალგაზრდებს ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავინ ბურჯანაძესთან არ გადადის“, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ზოგადად, მოღალატეების მიღება არცერთ პარტიას არ უნდა აწყობდეს.