საქართველოს პრემიერ-მინისტრი: დარჩეს თუ წავიდეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი: დარჩეს თუ წავიდეს?

თანამდებობაზე ყოფნიდან თითქმის წელიწადის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკად წასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ჯერ არ არის ცნობილი, გადადგება თუ არა ის ოფიციალურად 31 დეკემბერს.

ამასობაში , კი, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მისი ნაადრევი წასვლა ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებასა და სტაბილურობაზე ამა თუ იმ სახის გრძელვადიან გავლენას იქონიებს.

პოლიტიკურ მიმომხილველებს შორის უთანხმოებაა, მართლაც გადადგება თუ არა ივანიშვილი და რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება მისი კოალიცია პრემიერ-მინისტრის გარეშე, სულ რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის არამდგრად ეკონომიკაზე ძალაუფლების დაუგეგმავი გადაცემის გავლენასთან დაკავშირებით.

თუმცა, ლინკოლნ მიტჩელს (კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი) მიაჩნია, რომ გადადგომამ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, შესაძლოა საქართველოს დემოკრატიაზე დადებითად იმოქმედოს.

57 წლის ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა, არც კი მალავს, რომ სძულს პოლიტიკა. აქამდე ის სიმყუდროვეს ამჯობინებდა და ცნობილი იყო ზღაპრული სიმდიდრითა (ზოგიერთი ცნობით, დაახლოებით 4 მილიარდი ევრო) და ფილანთროპიული მოღვაწეობით. ახლა, კი, ის დაჟინებით აცხადებს, რომ სურს ვადამდე გადადგომა, თუკი ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მას პოლიტიკიდან წასვლის საშუალებას მისცემს. „პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა. პოლიტიკაში მოვედი, რადგანაც ეს იყო ჩემი ვალდებულება ხალხის წინაშე. წლის ბოლომდე გადადგომას ვაპირებ. გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო და პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ“, - ივანიშვილის ეს განცხადება გაზეთ „Lietuvos Rytas“ 20 ივლისის ერთ-ერთ სტატიაში გამოქვეყნდა.

12 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე, ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანი საქართველოში ძლიერი ლიდერების ტრადიციის დამსხვრევაა. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში განათლებით ფილოსოფოსისა და განათლების ყოფილი მინისტრის, მარგველაშვილის მხარდასაჭერად ივანიშვილმა განაცხადა: „ (ჩვენ) ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცი და ყველას პატრონი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს“.

მიტჩელი, რომელიც წარსულში ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ არაოფიციალური მრჩეველი გახლდათ, აცხადებს, რომ თუკი ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ვადამდე გადადგება, ძლიერი ლიდერებისა და სუსტი პარტიების „ციკლი“ შეიძლება მართლაც შეწყდეს, რამაც წინა რეჟიმი დაცემამდე მიიყვანა. ეს ტენდენცია, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, ქვეყნის პოლიტიკური განვითარების თანმხლები მოვლენა გახლავთ . „შეგვიძლია, ერთმანეთს მოვუყვეთ, რომ საქართველოში გვაქვს კონკურენტული ორპარტიული სისტემა, რაც კმაყოფილს გაგვხდის რამდენიმე მიზეზით... ჩვენში, ვისაც მართლა შესტკივა გული საქართველოს დემოკრატიისათვის, გაჩნდება კმაყოფილების გრძნობა, რადგანაც ყოველივე ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო დემოკრატიული გახდა და სწორ გზაზე დგას“, - განაცხადა მიტჩელმა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში, - „ჩვენ, დასავლელ დამკვირვებლებს, არ გვაქვს უფლება, ერთი მხრივ, დავგმოთ ერთი პირის დომინირება საქართველოს პოლიტიკაში და, მეორე მხრივ, განვაცხადოთ - იცით, არ გვსურს, რომ ეს კაცი წავიდეს“.

„ადამიანი-ორკესტრი“

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ამ მოსაზრებას ეთანხებადა აცხადებს, რომ ივანიშვილის შესაძლო წასვლა ბიძგს მისცემს საქართველოს დემოკრატიას, თუმცა ყველაფერი ფუჭი იქნება, თუკი სუსტი პოლიტიკური პარტიები შექმნილ პოლიტიკურ ვაკუუმს ვერ შეავსებენ. „თუკი არ გყავს ძლიერი ლიდერები, უნდა გყავდეს ძლიერი და ნორმალური, განვითარებული პოლიტიკური პარტიები, - აცხადებს რონდელი, - ჩვენში გავრცელებული „ადამიანი-ორკესტრის“ პარტიების ტრადიცია უნდა შეწყდეს. დროა, გვყავდეს ნორმალური პარტიები“.

ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ექვსი განსხვავებული პარტიისაგან შედგება და ფართო სპექტრს მოიცავს: მაგალითად, სრულიად ახალ პოლიტიკურ ალიანსებს, როგორიცაა თავად პემიერ-მინისტრის „ქართული ოცნება“, და რესპუბლიკური პარტია (ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური პარტია საქართველოში). თუმცა, პოლიტოლოგ კობა თურმანიძის თქმით, ვერც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა ივანიშვილის პოპულარობის რეიტინგებთან. თურმანიძე აღიშნავს,რომ თავად პარტიის ლიდერებიც კი (მაგალითად, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ივნისის გამოკითხვის თანახმად, ივანიშვილის შემდეგ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი, ) ამომრჩეველთა შორის პოპულარობით ივანიშვილის მხარდაჭერის ხარჯზე სარგებლობენ.

თურმანიძის თქმით, საქართველოს არსობრივად სუსტი პარტიული სისტემა საფრთხის ქვეშ აყენებს ნებისმიერ პოტენციურ სარგებელს, რომელიც შეიძლება ივანიშვილის წასვლას მოჰყვეს, განსაკუთრებით, თუკი ის ლიდერობის შენარჩუნებას არაოფიციალური გზებით გეგმავს. „კოალიციის ერთგულება ემყარება სწორედ მის პირად დამსახურებას წარსულში და სავარაუდო სამომავლო დასმახურებას ქვეყნის მეთაურის რანგში. თუმცა, კი, თავად კოალიცია საწინააღმდეგოს აცხადებს, ის ვერ მისცემს თავს ივანიშვილის დაკარგვის ფუფუნებას“, - აცხდებს თურმანიძე.

მისი თქმით, „წარმოუდგენელია, რომ ის გადადგეს, სრულიად გამოეთიშოს კოალიციას, ხოლო ამ გაერთიანებაში შემავალმა პარტიებმა კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს - ეს სრულიად წარმოუდგენელია. ეს პარტიები, უკეთეს შემთხვევაში, მეგობართა კლუბებს წარმოადგენენ. ისინი არ არიან რეალური პარტიები“.

მეორე მხრივ, მიტჩელი აღნიშნავს, რომ თუკი ივანიშვილი მართლაც გადადგება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს იქნება „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლის ტოლფასი და მთავრობის ეფექტურობა დაიკლებს, ასეთი პრეცედენტი ქვეყნის დემოკრატიას მაინც გააძლიერებს. მიტჩელის თქმით, „ბევრს საუბრობენ, თუ რა მოხდება, თუკი „ქართული ოცნება“ გაუქმდება ან დაიშლება. მოხდება ის, რომ დემოკრატია განვითარდება“.

რონდელის აზრით, რისკი, რომ საქართველოს პოლიტიკის სტაბილურობის დონე იკლებს, მისაღებია, თუკი ეს ნიშნავს დემოკრატიის უწყვეტ განვითარებას. „უკვე დროა, გავემიჯნოთ ძლიერ ლიდერებზე დამოკიდებულებას საქართველოში. უკვე დროა, მიუხედავად გაუსაძლისი ზეწოლისა რუსეთის მხრიდან... დროა, ვისწავლოთ საკუთარი თავის მართვა ძლიერი პიროვნებების გარეშე. ყოველივე ეს რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არ მგონია, რომ არსებობს პოლიტიკა რისკების გარეშე“.

http://www.bne.eu/story5285/Georgias_PM__should_he_stay_or_should_he_go