„ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან ნიშნავს ბრძოლის ველიდან გაქცევას“.

„ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან ნიშნავს ბრძოლის ველიდან გაქცევას“.

საპრეზიდენტო მარათონი იწყება, ვინ გახდება პრეზიდენტი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოება გაცილებით შორსმჭვრეტელია და მისთვის, პირველ რიგში, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.

შეიქმნა სიტუაცია, როდესაც საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს პრეზიდენტის ვინაობა და დაფიქრებული, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული განწყობითაც კი მსჯელობს, ვინ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყანას წელში გამართავს. რა მოხდება თუ ივანიშვილი გადადგება და ვინ შეუდგება იმ ტვირთის ზიდვას, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა თავისი ერთსულოვნებით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დაავალა.

ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს პრემიერ-მინისტრის მემკვიდრედ, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ბატონო ვახტანგ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს რომ გადავავლოთ თვალი, ხედავთ რომელიმე ფიგურას, ვინც შეიძლება ივანიშვილის გადადგომის შემთხვევაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის როლი იტვირთოს და საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს?

- რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია ივანიშვილის წასვლის შემთხვევში ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვიდრე ის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, თუმცა ვერსიების დონეზე კანდიდატების განხილვა შედეგს ვერ მოგვიტანს.

თუმცა, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ხდება პრემიერ-მინისტრი და გვინდა თუ არა, ამ თემას ვერ გავექცევით...

- მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს, ძალში შედის კონსტიტუციის ახალი ვარიანტი, რომელიც 2010 წელს მიიღეს და რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის უმაღლესი ხელისუფლების კონფიგურაციას. საქმე ისაა, რომ ახალი კონსტიტუციით, ძირითადი და წამყვანი ფიგურა ხდება რეალურად, პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტს რჩება უფლებები, მაგრამ ეს უფლებები თუ გავითვალისწინებთ, ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო შესწორებებსაც, საკმაოდ შეზღუდული და შეკვეცილია. ასე რომ, ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას განსაზღვრავს პრემიერი და მინისტთა კაბინეტი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნებიც, რადგან აქ დგას უკვე გუნდის პრინციპი. მართალია, პრეზიდენტს შეზღუდული აქვს უფლებამოსილებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მთლად უუფლებოა, მას გადაწყვეტილების მიღების უფლება შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ პრობლემები რომ შექმნას, ამისი ბერკეტები ნამდვილად აქვს ახალი კონსტიტუციითაც.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია პრემიერის საკითხი.

იმ შემთხვევში თუ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იქნებოდა საუბარი, ალბათ, ახალი პრემიერ-მინისტრის გამოვლენა გაცილებით გამარტივდებოდა...

- დღეს უმრავლესობით კოალიციაა წარმოდგენილი პარლამენტში, ხოლო „ნაცმოძრაობა“ უმცირესობაშია და არ მგონია მათგან რომელიმე ძალას ხელს აძლევდეს საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ, რომ თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, კაცმა არ იცის, რა კონფიგურაციის პარლამენტი შეიძლება მივიღოთ. ამიტომ, დღევანდელი პარლამენტის ინტერესებში არ შედის და დღევანდელი კონფიგურაციით არც საპარლამენტო კრიზისი წარმოიქმნება, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, პარლამენტის დათხოვნამდე რომ მიგვიყვანოს. ამიტომაც, როგორც ჩანს, დღევანდელი კოალიცია სულაც არ აპირებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

რაც შეეხება პრემიერს, დღეს გვყავს პრემიერი და ის არ უნდა წავიდეს, როდესაც ქვეყანაში გარდამავალი პერიოდია, არ მგონია, სერიოზული ადამიანის, პოლიტიკოსზე აღარაფერს ვამბობ, გადაწყვეტილება იყოს, რომ სწორედ ამ დროს მიატოვო გუნდი და გახვიდე თამაშიდან. არ მგონია ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, ის ამ ყველაფერს გაიაზრებს. ქვეყნისთვის იქნება საზიანო, თორემ პიროვნულად ვინ იქნება პრემიერი, ნაკლებად მაინტერესებს.

იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მაინც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, პროცედურულად როგორ ხდება, ის მემკვიდრეს თვითონ ასახელებს, თუ პრეზიდენტი ასახელებს ახალ პრემიერს და პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად?

- უმრავლესობასთან კონსულტაციით პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს კანდიდატურა. ამ შემთხვევში პრეზიდენტი განმსაზღვრელი არ არის და უპირატესობა უმრავლესობას ენიჭება. პროცედურულად, ფრაქციებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს თუ უმრავლესობა არ არის, მაგრამ ახლა უმრავლესობა ჩამოყალიბებულია.

თუმცა გადამწყვეტი იქნება არა უმრავლესობის, არამედ ივანიშვილის პოზიცია, თუკი ის მართლაც გადადგება. ყოველ შემთხვევში, ამ ეტაპზე მაინც. პოლიტიკა, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული სფეროა, მოგვიანებით, შესაძლოა, სულ სხვა პოლიტიკური თამაშები დაიწყოს და ახალი პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობამ ისევე გადაირჩიოს, როგორც აირჩია, მითუმეტეს თუ შესწორებები შედის კონსტიტუციაში. პრემიერის გადარჩევას კონსტრუქციული ვოტუმი კი სჭირდება, მაგრამ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რადგან საპარლამენტო უმრავლესობა ამისათვის საკმარისია.

არის თუ არა გარკვეული შეზღუდვები, საიდან უნდა იყოს არჩეული პრემიერ-მინისტრი - ის აუცილებლად უნდა იყოს სამთავრობო გუნდის წევრი თუ ნებისმიერი ადამიანის დასახელებაა შესაძლებელი?

- არაფერი არ არის არც შეზღუდუილი, არც განსაზღვრული, უბრალოდ, ლაპარაკია, რომ უნდა იყოს უმრავლესობის წარდგინებით, ცხადია, რომ უმრავლესობა საკუთარი გუნდის წევრს წარადგენს.

პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებზე, ალბათ, ხელისუფლებაში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები. კულუარებში, თითქოს, რამდენიმე გვარიც დასახელდა დღეს მოქმედი მინისტრებიდან, მათ შორის შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები. დასაშვებად მიიჩნევთ თუ არა, რომ სწორედ დღევანდელი სამთავრობო გუნდიდან დაასახელებს ივანიშვილი საკუთარ მემკვიდრეს?

- საკადრო საკითხებში ივანიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოულოდნელ სვლებს აკეთებს-ხოლმე. ეს დასტურსება თუნდაც იმით, რომ, ალბათ, ივანიშვილის გარდა ყველასთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დასახელება. არ მგონია, რომ რომელიმე ექსპერტი, მედია ან ნათელმხილველიც კი მარგველშვილზე ფიქრობდა, მაგრამ მან გააკეთა ასეთი სვლა და დაასახელა მარგველაშვილი.

ამით იმისი თქმა მინდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებადაც უამრავი ადამიანი სახელდებოდა, მაგრამ ივანიშვილის სვლა იყო სრულიად მოულოდნელი. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა უმრავლესობას ასეთივე მოულოდნელი ფიგურა შესთავაზოს.

ჩამოთვლილი ადამნიანების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს, მაგრამ დანამდვილებით თქმა, რომ რომელიმე მათგანზე შეაჩერებს ივანიშვილი არჩევანს, რა თქმა უნდა, არ შემიძლია.

თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, თუკი ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე შეძლებს პირველი ადგილის მოპოვებას, ამ შემთხვევში შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ივანიშვილმა თავისი განცხადება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, უკან წაიღოს?

- საკმაოდ თეორიული ვარიანტია, ბურჯანაძის პარტია რომ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, „ოცნებიდან“ ხალხი მის გუნდში გადადის, ამაში არაჩვეულებრივი არაფერია. ეს პოლიტიკაა, საარჩევნო პიარია და მიუღებელი არაფერია. შეიძლება, ერთი კაცი გადავიდა და ითქვა, რომ ათი კაცი გადავიდა, არ მგონია, ამ შემთხვევაშიც კი, ბურჯანძის მხრიდან,  დიდ კატასტროფას ჰქონდეს ადგილი. გარდა ამისა, ეს ბურჯანაძის მომხრეების რიცხვსაც ვერ გაზრდის მნიშვნელოვნად.

რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა, ჯერჯერობით, საამისო ნიშნები არ ჩანს, საარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ და როგორ იქნება წამყვანი ფიგურა „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, მარგველაშვილი თუ ივანიშვილი და საარჩევნო კამპანია რა სიძლიერით წარიმართება, ესეც მნიშვნელოვანია. ვისურვებდი მეორე ტურს, რადგან მგონია ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება.

რაც შეეხება თეორიას, რომ თუკი ბურჯანაძე გავა პრეზიდენტად, ივანიშვილი გადადგება თუ არა, კიდევ ვიმეორებ, მგონია, რომ საერთოდ არ უნდა გადადგეს.

ელოდებით თუ არა, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას და, რომ ეს განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნო ტაქტიკა იყო საიმისოდ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების ასე თუ ისე, თანაბარ პირობებში აღმოჩენილიყვნენ? მოგეხსენებათ ისეთი ფიგურის მხარდაჭერა როგორიც დღეს ივანიშვილია, უკვე ფინიშთან დგომის ტოლფასია...

- შემიძლია ვთქვა, რა არის ქვეყნისთვის კარგი. რას გააკეთებს ივანიშვილი, ბუნებრივია, მე არ შემეკითხება. გადაავლეთ თვალი, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს იმ მიმართულებით, რასაც რეალურად დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება ჰქვია.

დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ისევ პიროვნებებზეა დამოკიდებული. ვიდრე ასეთი ვითარებაა, ვიდრე არ შექმნილა სტრუქტურები, მგონია, რომ ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან ნიშნავს ბრძოლის ველიდან გაქცევას. მე ამას ასე აღვიქვამ და ვთვლი, რომ ძალზე არასერიოზულია. შემიძლია, უფრო მკვეთრიც ვიყო და ვთქვა, რომ ჯობდა, საერთოდ არ დაეწყო ის, რაც დაიწყო 2011 წელს. თუ ადამიანი ვერ აანალიზებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, ეს ძალზე ცუდია, მითუმეტეს, თუ მისი გუნდიც ამაში მხარს უჭერს.

დღეს, სამართლიანობაა ამ ქვეყანში თუ ნებისმიერი სხვა რამ, ჩამოკიდებულია ერთ კაცზე - ივანიშვილზე. მან უნდა შექმნას სახელმწიფო სისტემა, რის მერეც მას ან გადაირჩენვენ, ან თვითონ წავა. არ შეიძლება საქმის შუა გზაში მიტოვება.

მან თუ აღარ იცის, რა უნდა გააკეთოს, ან დაიბნა, ესეც მესმის - 2012 წლამდე ის თავისთვის ცხოვრობდა და მისი სახელი მითად იყო ქცეული, ყველას უყვარდა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მის მიმართ დაიწყო რაღაც ინფორმაციების გავრცელება, რაღაც ლაპარაკები, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ, ეს ყველაფერი უნდა იცოდე. თუ არ იცოდა, ესეც გასაგებია, მაგრამ ახლა კიდევ უარესი აღარ უნდა გააკეთოს. ძალით ვერ დააბამ სკამზე, მაგრამ თუ გადადგება, სააკაშვილის პერიოდზე უარესი იქნება. რაც ნაციონალებმა დამართეს ქვეყანას, იმაზე გაცილებით უარესი შეიძლება მოხდეს, თუ ივანიშვილი პრემიერობიდან წავა.

ლაპარაკი იმაზე, რომ ის „ისეთ კაცს“ დატოვებს, პოლიტიკაში ეს არის ზღაპრები. მსოფლიოში „ისეთი“ მემკვიდრე არავის დაუტოვებია, ეს ვერავინ შეძლო და ვერც ივანიშვილი შეძლებს, ისეთი დატოვოს, ყველაფერი მშვიდად და კარგად რომ იყოს.