მარტ ლაარი: რუსულ-ქართული ომი და 10 გაკვეთილი ესტონეთისთვის

მარტ ლაარი: რუსულ-ქართული ომი და 10 გაკვეთილი ესტონეთისთვის

მარტ ლაარი (ესტონეთის თავდაცვის მინისტრი 2011-2012 წწ.) წერს იმაზე, თუ რა შეიძლება ისწავლოს ესტონეთმა რუსულ-ქართული ომისგან, რომელიც 5 წლის წინ მოხდა.

რამდენიმე დღეში შესრულდება ხუთი წელი რუსულ-ქართული ომის დაწყებიდან. ამ ომზე ბევრი დაიწერა და ფილმიც კი გადაიღეს. თუმცა ბევრი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება. მაგალითად: სხვადასხვა აზრი არსებობს იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის დაიწყო ომი და როდის დამთავრდა; ვინ დაიწყო ეს ომი; ვინ არის დამნაშავე. ამიტომ, მე გვერდზე გადავდებ საკითხის პოლიტიკურ ასპექტებს და ყურადღებას გავამახვილებ იმ 10 გაკვეთილზე, რომელიც სასარგებლო იქნება ესტონეთის თავდაცვისათვის.

1. ილუზიას მწარე სიმართლე სჯობს. იმ დროს, როდესაც რუსეთი წლების განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, საქართველო ამას არ აკეთებდა. საქართველომ დაუშვა ის, რომ ომში ჩაითრიეს მისთვის ყველაზე არასასურველ დროს. მისი საუკეთესო შენაერთები ერაყში მსახურობდნენ, სხვები ერაყისკენ მიემგზავრებოდნენ ამ შენაერთების შესაცვლელად. მიმდინარეობდა ჯარის ნაწილის გადაიარაღება და აღჭურვილობის შეკეთება, უამრავი ოფიცერი – შვებულებაში გავიდა, თავდაცვის მინისტრი – იტალიაში იყო, ისიც შვებულებაში.

ქართული არმია ილუზიაში ცხოვრობდა. საქართველოს დასაცავად სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ომს აფხაზეთის მიწაზე აწარმოებდნენ, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ქართველთა წარმოდგენაში რუსეთის ინტერვენცია შესაძლებელი იყო მხოლოდ 1990-იანი წლების ომის მასშტაბებში. რუსების უფრო მასშტაბური ინტერვენცია სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნდათ და ომისთვის მზადებისას მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობა არ გაუთვალისწინებიათ. ამიტომ შეტაკება რუსულ ჯართან ქართველებისთვის შოკისმომგვრელი და სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა; ისინი დიდხანს ცდილობდნენ ეს განცდა დაეძლიათ. მთელი ქართული ჯარი ილუზიაში ცხოვრობდა და ამიტომ განწირული იყო მარცხისთვის.

2. ომის მსვლელობას შტაბების მუშაობა და ადეკვატური გეგმა განაპირობებს. რუსეთმა ომი დეტალებამდე მოამზადა, ოპერაციებისთვის აბსოლუტურად იყო გაწვრთნილი. ქართული ჯარი იძულებული უნდა გამხდარიყო სამხრეთ ოსეთზე შეტევა დაეწყო. შემდეგ კი ისინი ალყაში უნდა მოექციათ და გაენადგურებინათ. ამის შემდეგ უკვე ადვილი იქნებოდა სრულიად დაუცველ საქართველოზე შეტევა და ხელისუფლების შეცვლა.

ქართველთა გეგმა კი, პირიქით, ძალიან ბუნდოვანი იყო. მათ თავდაპირველ გეგმაში გათვალისწინებული იყო რუსული ძალების შეზღუდული ინტერვენცია, ეს რამდენადმე შეესაბამებოდა რეალობას. მაგრამ შეტევა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე, დაგეგმილი არ ყოფილა. ერთ ბრიგადას ქალაქისთვის მარცხნიდან უნდა შემოევლო, მეორეს – მარჯვნიდან. ისინი ქალაქის მიღმა უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და როკის გვირაბისკენ წასულიყვნენ, რათა აღეკვეთათ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი დახმარების მცდელობა.

ცხინვალი მოგვიანებით უნდა დაეკავებინათ. მაგრამ ბოლო წუთში გეგმა შეიცვალა და ცხინვალზე პირდაპირი შეტევა დაიწყო. წინ წასვლის მაგივრად, ქართული შენაერთები ქალაქისკენ წავიდნენ. ქართული ჯარები არ მივიდნენ არც გუფთის ხიდამდე და არც როკის გვირაბამდე. ამან გადაწყვიტა ომის ბედი.

რამდენიმე წლის წინ ამგვარი პრობლემები ჰქონდა ესტონეთის არმიასაც, მაგრამ ამ ბოლო წლებში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. შტაბების მუშაობა დაიხვეწა და უფრო რეალისტური გახდა, რაც თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის საფუძველს ქმნის.

3. დაზვერვა მხედველობის ტოლფასი რამაა. რუსულ-ქართულ ომში ორივე მხარე ზედმეტად თვითდაჯერებული იყო ამ თვალსაზრისით. რუსეთის დაზვერვას აკლდა ზუსტი ინფორმაცია ქართველებზე; და მათ ვერ შეაფასეს სწორად ქართველთა წინააღმდეგობის უნარი.

ქართულ დაზვერვას რუსეთზე ბევრი მონაცემი ჰქონდა, მაგრამ ამ მონაცემებს თავს ვერ უყრიდნენ და სათანადოდ ვერ აანალიზებდნენ. გარდა ამისა, ისინი ზედმეტად ენდობოდნენ ნატოს თვალთვალის ტექნიკურ შესაძლებლობებს, მათ კი, სამწუხაროდ, ვერ შენიშნეს ის ფაქტი, რომ რუსეთი თავს უყრიდა ჯარს საზღვართან, საიდანაც მათ შეეძლოთ სწრაფად გადმოსულიყვნენ სამხრეთ ოსეთში. ისინი ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი არ დაესხმოდა თავს მეზობელ ქვეყანას. ეს ვარაუდი ახლა, რუსულ-ქართული ომის შემდეგ, გაქარწყლდა, ახლა ყველაფერი სხვა კუთხით ფასდება.

ესტონეთმა ბევრი იშრომა დაზვერვისა და გამაფრთხილებელი სისტემის ჩამოსაყალიბებლად და კარგ შედეგებს მიაღწია. ეს აქტივობა, რაღა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს.

4. ფსიქოლოგიური თავდაცვა მნიშვნელოვანი რამაა. ომის დაწყებამდე რუსეთმა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა განახორციელა. ეს იყო მცდელობა, მსოფლიოს საქართველო აღექვა პატარა, აგრესიულ და არაპროგნოზირებად ქვეყნად, რომელსაც მორალურად გახრწნილი ნაძირლები მართავდნენ. ამიტომ შესაძლებელი გახდა საქართველოს იზოლირება მისი მოკავშირეებისგან, ხოლო მისი საგანგაშო ინფორმაცია – არასანდოდ აღიქმებოდა. ომის მსვლელობისასაც საინფორმაციო ომს უდიდესი როლი ენიჭებოდა. სამართლიანად ამბობენ, რომ რუსეთმა მოიგო საომარი მოქმედებები, მაგრამ საბოლოო ჯამში დამარცხდა საინფორმაციო ფრონტზე.

2007 წლის მოვლენების შემდეგ, ესტონეთმა გააცნობიერა საინფორმაციო ომის აუცილებლობა, მაგრამ იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრზე, იააკ აავიკსოოზე, მისი ფსიქოლოგიური თავდაცვის ინიციატივებისთვის, თავდასხმა სურდათ, ეს ძალისხმევა შეჩერდა. დადგა დრო იმისა, რომ გეგმები შესრულდეს.

5. დღევანდელი ომები თავისი არსით ტოტალურია. როგორც აჩვენა რუსულ-ქართულმა ომმა, თანამედროვე ომში ჩვეულებრივ შეიარაღებასა და მეთოდებს, ემატება ახალი საშუალებები – ესენია საინფორმაციო და კიბერომი. როდესაც ტანკები შეტევაზე მიდიან, კიბერთავდასხმებიც იწყება. იმისთვის, რომ გაეთიშათ საქართველოს საინფორმაციო სისტემები, რუსებმა გამოიყენეს როგორც კიბერშეტევები, ასევე ბომბდამშენები. ესტონეთი აცნობიერებს უფრო ფართო თავდაცვითი სისტემის არსებობის აუცილებლობას, თუმცა შესაბამისი კანონები ჯერაც არ მიგვიღია.

6. რიგიანი სამედიცინო სამსახური და პერსონალი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია. რუსულ-ქართულ ომში, დაახლოებით 1200 ქართველი მეომარი გამოეთიშა საომარ მოქმედებებს, აქედან მესამედი დაჭრილი იყო. დაჭრილთაგან ბევრი შეიძლება დაღუპულიყო, მაგრამ ისინი გადარჩნენ დამცავი ჟილეტებისა და კარგი ჩაფხუტების წყალობით. დაჭრილები სწრაფად გაჰყავდათ ბრძოლის ველიდან, სამედიცინო სამსახური კარგად მუშაობდა.

მხოლოდ ჯარისკაცთა სამი პროცენტი დაიღუპა ჭრილობებისგან. ესტონეთში დიდი ყურადღება ეთმობა სამედიცინო სამსახურის განვითარებას, თუმცა ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ სიარულს ამ მიმართულებით.

7. საჰაერო სივრცის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს საჰაერო ძალები მცირეა; ომის განმავლობაში ის მხოლოდ ერთ მისიაში გამოიყენეს. ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა შემთხვევაში, თვითმფრინავს ჩამოგდება ელოდა. თეორიულად, რუსეთის საჰაერო ძალებს შეეძლოთ სრულიად თავისუფლად ეფრინათ საქართველოს საჰაერო სივრცეში. საქართველოს საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ სცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ის მალე დაიმორჩილეს, მას შემდეგ რაც რადარები დაკარგეს. დადუმდნენ.

მობილური ანტისაჰაერო შეიარაღება, რომელსაც მეომრები იყენებდნენ, უფრო ეფექტური აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ასეთი აღჭურვილობა სულ რამდენიმე ჰქონდათ და ზოგიერთი მათ შორის მოძველებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა თავისი აბსოლუტური უპირატესობა ჰაერში ვერ გამოიყენეს. კავშირი რუსეთის საჰაერო და სახმელეთო ძალებს შორის ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელთ, ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც ცაზე გამოჩნდებოდა, ქართული ეგონათ და ესროდნენ. რუსული თვითმფრინავების უმეტესობა ამ ომში თავად რუსებმა ჩამოაგდეს. ავიაცია კი ამ დროს ბომბავდა სახმელეთო ჯარებს.

ესტონეთი ნატოს საჰაერო ფარს ენდობა და არ ხარჯავს რესურსებს საჰაერო ძალების განვითარებაზე, რადგან ესტონურ თვითმფრინავებს მაინც მაშინვე ჩამოაგდებენ. ანტისაჰაერო შეიარაღება ვითარდება; მობილურ რაკეტებთან ერთად ჯერ კიდევ დიდი სივრცეა ასათვისებელი.

8. ნუ გადაყრით ტანკებს და ზარბაზნებს. როგორც რუსულ-ქართულმა ომმა აჩვენა, თანამედროვე ომში არტილერიასაც კი აქვს თავისი ფუნქცია. ომის დასაწყისში ტანკებმა გახადეს შესაძლებელი რუსული ჯარის გაჩერება და ასევე შეასრულეს გადამწყვეტი როლი 2008 წლის 9 აგვისტოს 58-ე არმიის იმ კოლონის განადგურებაში, რომელსაც გენერალი ხრულიოვი ედგა სათავეში. გორის საარტილერიო ბრიგადას რუსულმა წყაროებმაც კი ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. ეს ბრიგადა ებრძოდა ცხინვალთან მოახლოებულ რუსულ ჯარებს.

9. ზერელე გადაწყვეტილებები არ მუშაობს. დოკუმენტზე არსებული ჯარისა და საპარადო შენაერთების მაგიერ, აუცილებელია ყველა შენაერთის ინტეგრირება. სჯობს, ჯარი იყოს მცირერიცხოვანი, მაგრამ უფრო უნარიანი. განა კარგი იყო ის, რომ ქართული ბრიგადებიდან ზოგს კომუნიკაციის დეფიციტი ჰქონდა და ზოგს ტრანსპორტის. ასეთი შენაერთების უნარიანობა საომარ მოქმედებებში ნულის ტოლია. ნელა და მტკივნეულად, მაგრამ ესტონეთი ხვდება ამას. თავდაცვის ახალ სახელმწიფო გეგმაში ამ საკითხებზე მუშაობენ.

10. ნატოს იმედი იქონიეთ, მაგრამ დენთი მშრალად შეინახეთ. საერთაშორისო ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ქართველთა იმედი, რომ ვიღაც მნიშვნელოვან სახმარებას აღმოუჩენდა, გაცამტვერდა. მათ რომ თვითონ არ ებრძოლათ და არ შეეჩერებინათ თუნდაც რამდენიმე დღით რუსების წინსვლა (მიუხედავად ყველა შეცდომისა და არასახარბიელო სიტუაციისა), საქართველო რუკაზე აღარ იარსებებდა და თბილისში ახალ მთავრობას დასვამდნენ. შეცდომების მიუხედავად, სწორედ ქართველებმა დაიცვეს ქართული სახელმწიფოებრიობა.

ესტონეთისთვის ეს გამოცდილება შემდეგს ნიშნავს – ჩვენ უნდა ვიყოთ ინტეგრირებული ნატოსთან და მწყობრად ვთანამშრომლობდეთ მასთან, მაგრამ, ამავე დროს, გულდასმით უნდა ვქმნიდეთ დამოუკიდებელ თავდაცვით შესაძლებლობებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს საკუთარი თავის დაცვის მტკიცე ნება, ანუ სურვილი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფეხზე დავდგეთ და ვიბრძოლოთ. რაც უფრო მტკიცეა ნება, მით უფრო დაცულია ქვეყანა.

foreignpress.ge