გოგა ბითაძემ NBA-ს სეზონი

გოგა ბითაძემ NBA-ს სეზონი "მაიამისთან" 4 ქულით დაასრულა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონი „მაიამი ჰიტთან“ საგარეო მარცხით დაასრულა - 110:123. სტუმრები მეტოქეს სამი პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდი 14 ქულით წააგეს და ეს საბოლოო მარცხის ფასად დაუჯდათ.

ბითაძემ სეზონის დასკვნით შეხვედრაში 20:19 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში მან 4 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

„ორლანდოში“ საუკეთესოები კევონ ჰარისი (22 ქულა) და კალებ ჰოუსტენი (21 ქულა) იყვნენ, ხოლო „მაიამის“ უდონის ჰესლემმა 24 ქულით ულიდერა. „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 48 წაგებით მე-13 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ ეს სეზონი „ინდიანაში“ დაიწყო, მაგრამ მას კონტრაქტი გაუწყვიტეს და „ორლანდოს“ თებერვალში შეუერთდა, სადაც ქართველმა ცენტრმა გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღო. ბითაძე „ორლანდოში“ საშუალოდ 14.6 წუთში (სულ 16 თამაში) 5.9 ქულას, 5 მოხსნას, 1.3 პასს, 0.4 ჩაჭრას და 1 დაფარებას აგროვებდა. შედარებისთვის „ინდიანაში“ მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 9.6 წუთი (სულ 21 თამაში), 3.3 ქულა, 2.3 მოხსნა, 0.9 პასი, 0.4 ჩაჭრა და 0.5 დაფარება.

შედეგად, გოგა ბითაძის საშუალო სტატისტიკა NBA-ს 2022-2023 წლების სეზონში ასეთი გამოვიდა: 11.8 წუთი (37 მატჩი), 4.4 ქულა, 3.5 მოხსნა, 1 პასი, 0.4 ჩაჭრა და 0.7 დაფარება.