NBA-ში რეგურალური სეზონის დასრულეამდე 1 ტური დარჩა და ყველა ცდილობს საკუთარი ძალების მაქსიმუმი გამოავლინოს. დღეს ეს გოგა ბითაძემ შეძლო, რომელმაც "ორლანდო მეჯიქში" სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა და მსუყე ორმაგი დუბლი მიითვალა.
სათამაშო დრო გაზრდილ ქართველ ცენტრს მეტი შანსი მისცეს და ბითაძემაც საკუთარი სიტყვა თქვა. მან მოხსნებში კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 15-ს შეადგენს. მსგავსი შედეგი საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მიმდინარე სეზონში, "ინდიანაში" თამაშისას, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ჰქონდა.
ამჯერად გოგა "ორლანდოს" მაისურით "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და პირადსარეკორდო 15 მოხსნასთან ერთად 12 ქულა და თითო ჩაჭრა, პასი და დაფარება მიითვალა.
შეხვედრა ნიუ იორკში ჩატარდა და მასპინძელი "ბრუკლინის" გამარჯვებით – 101:84 დასრულდა. ბითაძემ მოედანზე 25:23 წუთი გაატარა და ორლანდოელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. "მეჯიქში" 14 ქულითა და 9 მოხსნით კოულ ენტონიც გამოირჩა, ბითაძის მსგავსად 12 ქულა მოაგროვა ფრანც ვაგნერმა.
34 მოგებითა და 47 წაგებით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატისა და მთლიანად მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრას ორლანდო 9 აპრილს, მაიამიში, ჰითსთან გამართავს.