საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა.
მან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას, ლუკა ლოჩოშვილის, რაფაელ ლეაუსა და „მილანის“ შესახებ ისაუბრა.
„კვარაცხელიას ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია. მას აქვს თვისებები, რაც მას დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს. ასაკიდან გამომდინარე, მას დიდი მომავალი ელოდება. ის მაგალითია იმისა, რომ უნდა ვიმუშაოთ და გვჯეროდეს ახალგაზრდების. საქართველოში ის ნამდვილი გმირია და ბავშვებისთვის მაგალითია, რომ მათაც ბევრი იმუშაონ, რომ მიზნებს მიაღწიონ. ტექნიკურად კვარა სრულყოფილი ფეხბურთელია, ყველაფერი აქვს: ძალა, სისწრაფე, დრიბლინგი და კარსაც სწორად ხედავს.
„იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისტორიასა და საფეხბურთო წიგნში შევიდა. „მილანის“ ტიფოზები მაშინ ძალიან გავახარეთ. სტამბოლის ფინალში კი, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სიურეალისტური თამაში იყო, ბურთს უბრალოდ არ უნდოდა ინგლისელთა კარში შესვლა, მახსოვს დამატებით დროში შევას დარტყმა, როდესაც მათმა მეკარემ წარმოუდგენელი სეივი გააკეთა. პენალტების სერიას ფსიქოლოგიურად დაღლილები შევხვდით და სამწუხაროდ, ისე დამთავრდა, როგორც ყველამ იცის. მესამე ფინალში კონცენტრირებული და სოლიდური გუნდი ვიყავით. უკვე ვიცოდით, როგორი გუნდი იყო „ლივერპული“, ამიტომაც, მენტალურად სრულად მზად ვიყავით.
კვარას საოცარი სეზონი აქვს, არ ეტყობა, რომ პირველი სეზონია სერია A-ში, თითქოს იტალიაში 3 წელი მაინც აქვს ნათამაშები. ვფიქრობ, მის შესანიშნავ თამაშში დამსახურება სპალეტისაც მიუძღვის. კვარაცხელია და ლეაუ ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ გარკვეული განსხვავებით. ჩემს სასურველ გუნდში ორივეს ვათამაშებდი, ლეაუს მარცხნივ და კვარას მარჯვნივ. მათ აქვთ მომაკვდინებელი იარაღები, გარდა ამისა, იციან, როგორ შექმნან სივრცე თავდამსხმელებისთვის.
ლოჩოშვილი? საქართველოში ყოველთვის გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ ის, რაც საჭიროა იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში თამაშისთვის. ლოჩოშვილი ახალგაზრდა მცველია, ფიზიკურად ძლიერი, ცაცია. მას შეუძლია გაზრდა და კარგად ითამაშა. ფეხბურთში, თუ აკადემიებში კარგად მუშაობენ, შედეგიც მოდის, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, საინტერესო მოთამაშეები პატარა ქვეყნებშიც არიან. სულ ახლახან საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 17 წლის გაბრიელ სიგუას, რომელიც ძალიან ნიჭიერია და ნამდვილად იმსახურებს ევროპული კლუბებისგან ყურადღებას.
ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „მილანში“? ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება, მილანურ დერბიში გოლი, ასევე კარგად მახსენდება, ყოველ ჯერზე გახარებული კურვა სუდის („მილანის“ ფან-სექტორი) დანახვა. "სან სიროზე" თამაში? „სან სირო“ ჩვენთვის ყოველთვის მე-12 მოთამაშე იყო. როცა „მილანში“ თამაშობ, გულშემატკივრების იმედების გაცრუება არ შეგიძლია. ყოველთვის 110% უნდა გაიღო და შემდეგ შედეგიც მოდის.
„მილანთან" 0:4? „ყოველი თამაში განსხვავებულია, თავისი ისტორია აქვს. „ნაპოლისთვისაც“ და „მილანისთვისაც“ საკვანძო მომენტია, ისინი დეტალურად იცნობენ ერთმანეთს და ვინც ფაქტორს უკეთ გამოიყენებს, ნახევარფინალშიც ის გავა. „ნაპოლის“ გამოცდილი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე დღესვე განიხილეს ეს თამაში და ეცოდინებათ, როგორ უნდა ითამაშონ სათანადო კონცენტრაციით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე საჭიროა.
ლეაუ დამანგრეველი ფეხბურთელია. როგორც ყოფილი მცველი ვამბობ, რომ მისი მეურვეობა პრობლემაა, მას წარმოუდგენელი ფიზიკური უნარები აქვს, აქვს ძალა, დარტყმა. „მილანში“ განვითარება და ევროპაში თავის პოზიციაზე სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნა შეუძლია. შორიდან რომ ვუყურებ, მგონია, რომ მისი ამჟამინდელი სუსტი წერტილი არის ის, რომ ზოგჯერ კონცენტრაციის ხარვეზები აქვს, მაგრამ ეს ყველას ემართება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია“, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე იტალიაში 2001-2010 წლებში „მილანში“, ხოლო 2010-2012 წლებში „ჯენოაში“ თამაშობდა.