„ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ Goal Italia წერს. უფრო კონკრეტულად ინგლისური კლუბების ინტერესზე, რაც აქამდეც გავრცელდა.
იტალიური გამოცემის სტატიაში ის არის საინტერესოა, რომ ყურადღება კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს დაუთმეს. რა თქმა უნდა, წერილში ხვიჩა კვარაცხელიაზეც არის ლაპარაკი.
„ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ არის სერია A-ს ყველა დიდი სიურპრიზი. „დინამო ბათუმიდან“ მოსულმა ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატს ტორნადოსავით გადაუარა და თავიდანვე სპალეტის „ნაპოლის“ ნამდვილ ლიდერად იქცა. ნეაპოლელთა 77-ე ნომერი ერთადერთი არ არის, ვინც ევროპას აჯადოებს. მისი თანამემამულე, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში ბრწყინავს და უკვე ევროპის რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია. ესპანური მედია საუბრობს პრემიერლიგიდან ძლიერ ზეწოლაზე, სადაც „ჩელსის“, „ტოტენჰემს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ. ზაფხულში ის ახლოს იყო „აიაქსში“ გადასვლასთან, რომელიც მზად იყო გამოსასყიდი თანხა, 25 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ მეკარე „ვალენსიაში“ დარჩა, კონტრაქტი გაახანგრძლივა და ახლა მისი გამოსასყიდი თანხა ოთხჯერ მეტია - 100 მილიონი ევრო. პრემიერლიგამ მოქმედება დაიწყო, გიორგი მამარდაშვილისთვის რბოლა ახლახან დაიწყო“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ხსენებული სამი გუნდის გარდა, „ლესტერს“, „ატლეტიკოს“, „პორტუს“, „იუვენტუსსა“ და „ინტერსაც“ უკავშირებენ. თუმცა, რომელი კლუბის ინტერესია რეალური, ეს მომავალში გამოჩნდება.