ისრაელის დელეგაცია „112“-ს და იალღუჯას საწვრთნელ ბაზას ეწვია

ისრაელის დელეგაცია „112“-ს და იალღუჯას საწვრთნელ ბაზას ეწვია

გრძელდება ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის დელეგაციის წევრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო და სპეციალური ღონისძიებების ცენტრის იალღუჯას სასწავლო ბაზა და საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრნენ. ვარჯიშის დროს წარმოდგენილი იყო ტაქტიკური და ანტიტერორისტული კომპონენტებები.

ვიზიტის ფარგლებში, გუშინ გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩთან.

მხარეებმა უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 18 აგვისტოს დასრულდება.