რამდენად გადამდებია საბანკო კრიზისის ნიშნები, რომელიც აშშ-სა და ევროპაში იკვეთება, გაიზიარებენ თუ არა Silicon Valley Bank-ის და Signature-ს ბედს საშუალო ზომის სხვა ამერიკული ბანკები და ჩაითრევენ თუ არა ისინი სისტემაშემქნელ უმხსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებსაც? პარალელურად იკვეთება თუ არა რაიმე ტიპის საფრთხე საქართველოში და რამდენად მდგრადია ჩვენი სისტემა?
ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულიას აზრით, ბანკების აქტივების პრობლემურობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ დააჩქარა, თუმცა გამკაცრება ინფლაციური პროცესების გაღვივებას მოჰყვა. ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურ ბალანსიან ბანკებსაც გაუუარესდა, რომლებიც მანამდე საკრედიტო რისკთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაკლებად უჩიოდნენ.
ბანკის კლიენტებმა მიიღეს დიდი ოდენობით ლიკვიდობა და ეს სახსრები მეტწილად გრძელვადიან სახაზინო ობლიგაციებში განთავსდა. ეს იმ დროისთვის, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა. შემდეგ კი მოვლენები არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარდა. ბანკებისთვის გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რასაც ასე მალე არ ელოდნენ. უზარმაზარმა ფულის მასამ წარმოშვა დიდი ინფლაციური რისკი და დაიწყო მათი რეალიზება.
ამაზე კი ცენტრალური ბანკების რეაქცია იყო ანტიინფლაციური, მანამდე გატარებული ექსპანსიონისტურის (ბაზრისთვის ფულის მიწოდების) საპირისპირო. საფინანსო ინსტიტუტები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თუ ნულოვან განაკვეთებს ემხრობოდნენ, დროის მოკლე პერიოდში დაიწყეს პროცენტების გაზრდა.
ამ ვითარებაში ახლადგამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე მომგებიანობა იზრდება, მაგრამ მცირდება წინა პერიოდის ობლიგაციებზე, რომლითაც გაჯერებული იყო Silicon Valley Bank-ის პორტფელი, საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლები იყო. ამ სხვაობის შესავსებად კი ხდება ძველი ფასიანი ქაღალდების გაიაფება. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების ის პორტფელი, რომელიც ამ ბანკს ჰქონდა, გაუფასურდა.
„ეს არ დარჩენილა შემჩნევის გარეშე. ამას მოყვა რეაქცია, როგორც სარეიტინგო კომპანიების, ასევე კლიენტებისგან, რომლებმაც დაიწყეს ბანკიდან დეპოზიტების გათხოვა (კლიენტებს შორის, სტარტაპებთან ერთად უმსხვილესი ინოვაციური კომპანიებიც იყვნენ). უკან გათხოვილი ანაბრების 80% კი დაუზღვეველი (დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციაში) აღმოჩნდა“, - განუცხადა „ბიზნეს-პარტნიორს“ კაკულიამ.
მსგავს გამოწვევას ტრადიციულად თან სდევს გადაცემის ეფექტი, რომელიც ასევე რეალიზდა და ერთი კონკრეტული ბანკის ურთულესი ფინანსური პრობლემები გაიზიარა კიდევ ორმა, ნიუ-იორკის Signature-მ და First Republic Bank-მა , რომელმაც 10 დღეში კაპიტალიზაციის 3/4 დაკარგა.
რაც შეეხება შვეიცარულ Credit Suisse-ს და იმას, თუ რატომ ჩავარდა ის ასეთ მდგომარეობაში, კაკულია აცხადებს, რომ ორი რეგიონალური, თუმცა, არც თუ პატარა ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრებამ და შემდეგ ამაზე მოქმედმა გადაცემის ეფექტმა, გლობალურად გაზარდა უნდობლობა საფინანსო ინტიტუტების მიმართ.
„ეს ჯაჭვი უნდა გაწყევტილიყო სუსტ წერტილებში, ევროპაში ასეთი სუსტი წერტილი აღმოჩნდა Credit Suisse. ეს შემთხვევითი არ არის. ბოლო 1 წელია ბანკის მდგომარეობიდან გამოყვანის 6 სხვადასხვა გეგმა იქნა მიღებული. ამაში კი აქტიურ მონაწილეობას აქციონერებიც იღებდნენ, ისინი ფინანსურ ინექციებსაც აკეთებდნენ.
მას შემდეგ, რაც ამერიკაში დეპოზიტარებმა თანხების გატანა დაიწყეს, პირველი, ვისაც ბანკის მენჯმენტმა მიაკითხა, იყო უმსხვლესი აქციონერები. მათ სათავეში იდგა საუდის არაბეთის ეროვნული ბანკი. ამ აქციონერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ Credit Suisse-ს არაფერი ეშველებოდა და დამატებითი ფულის ჩადება იქნებოდა კიდევ უფრო დიდი დანაკარგების მომტანი. მხოლოდ ამის შემდეგ, შვეიცარიის ფედერალურმა საზედამხედველო სამსახურმა გადაწყვიტა გადაედგა არაორდინალური ნაბიჯები. ის, რომ აქციონერებს არაფერი ჰკითხეს, ეს ცოტა გაზვიადებული შეხედულებაა“, - განაცხადა კაკულიამ.
Credit Suisse-ის კრახის შემდეგ, ევროზონის ინვესტორები საბანკო არეულობას წინასწარმეტყველებენ. გავლენიანი გამოცემა „ეკონომისტი“ წერს, რომ ამჯერად მთელი ყურადღება მიმართულია გერმანული „დოიჩე ბანკისკენ“, რომელსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა. მისი საკრედიტო დეფოლტის ხელშკრულებები, ვაჭრობის დაზღვევა, ბანკის დავალიანება რეკორდულ დონემდე გაიზარდა. ამის საპასუხოდ ინვესტორებმა ფირმის აქციები 14%-მდე შეამცირეს.
რაც შეეხება ამ გლობალური პროცესის საქართველოზე გავლენას, უშუალოდ საბანკო სექტორის საფრთხეს ნაკლებად ხედავს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, თუმცა ამბობს, რომ რისკი ემუქრება პროექტებს, რომლებსაც ევროპული ბანკები აფინანსებენ.
„საქართველოს საბანკო სექტორში დიდი საფრთხე არ გველის, გარდა იმ პროექტებისა, რომლებსაც შესაძლოა, ევროპული ბანკები აფინანსებდნენ. ჩვენ 2008 წლის კრიზისი გვახსოვს, ბანკები მაშინ გადარჩნენ. თუმცა, როცა ბანკებში ფული მოზიდულია უცხოური საფინანსო ინსტიტუბისგან და სხვა ორგანიზაციებისგან, ასეთ დროს ეს პროექტები დროებით ჩერდება.
საქართველოს საბანკო სისტემა არ არის ჩართული გლობალურ პროცესებში და საფრთხეს ნაკლებად ველოდები. მით უმეტეს, აშშ-ში კრიზისია, მაგრამ მთავრობა ადგილობრივი ბანკების გაკოტრებას არ დაუშვებს. დოლარს ბეჭდავენ მეტი რაოდენობით და თუ საჭირო გახდება, კიდევ დაბეჭდავენ, ბანკები გადარჩებიან, მაგრამ ინფლაცია იქნება“, - აღნიშნა შენგელიამ.