კოაბიტაციის დამთავრება - „პოსლეზე“

კოაბიტაციის დამთავრება - „პოსლეზე“

ინფორმაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგებში მასობრივი გადასვლის შესახებ ირინა იმერლიშვილმა უარყო და განაცხადა, რომ „ოცნება“ მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა. 310-სა (250 წევრი კახეთის რაიონებიდან და 60 მხოლოდ ლანჩხუთიდან) და ორს შორის სხვაობა საგრძნობია, მაგრამ ციფრებზე აპელირება, პრინციპში, სულაც არ არის აუცილებელი. 

„ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების ფორმირება ყველგან რომ დიდი გაუგებრობებითა და ექსცესებით მიმდინარეობს, ეს ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებიდანაც ნათლად ჩანს. კიდევ უფრო მძაფრია პროცესი ადგილებზე და ეს თუნდაც ნოქალაქევში მარგველაშვილის წარდგენის დღესაც დადასტურდა.

ადგილობრივებმა ტელეკამერების წინაშე გააპროტესტეს, რომ ყოფილი „ნაციონალი“ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერად მოევლინათ და დაიმუქრნენ, რომ ამის გამო მარგველაშვილი ხმებს ვერ მიიღებს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ასეთივე სიამტკბილობა (იგულისხმეთ კოაბიტაცია) აქვს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ყველა რეგიონში და თვით დედაქალაქშიც, სიტუაციის პროგნოზირება სულაც არ არის რთული.

„ოცნების“ ყველა აქტივისტი, რომელიც ყველაფრით რისკავდა 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, დღეს იგნორირებულია. „ოცნების“ ადგილობრივ რგოლებში სულ სხვა სახეები დაწინაურდნენ, სამსახურებში არავინ აღუდგენიათ, სამართლიანობის აღდგენა გამარჯვებულმა კოალიციამ მიივიწყა, ხოლო საძულველი კოაბიტაცია იმდენად აღიზიანებს ხალხს, რომ ნოქალაქევში თავად მარგველაშვილმა დადო პირობა, კოაბიტაციას 27 ოქტომბერს დავასრულებო!

27 ოქტომბერს ჯერ ხმებიც არ იქნება დათვლილი, მაგრამ ამასაც რომ დავანებოთ თავი, მარგველაშვილის დაპირების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ის, რაც ათი თვეა, არ ხერხდება, „პლასტელინის კაცმა“ არჩევნების დღესვე უნდა გააკეთოს, როცა კოაბიტაციის მომთხოვნები არც 27 ოქტომბრის შემდეგ აპირებენ სადმე წასვლას. აქ ერთი გამოსავალია: დაპირების ნაცვლად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენებმა კოაბიტაცია დღესვე უნდა დაამთავრონ, რაც, ყველას კარგად ესმის, რომ სრულიად არარეალურია. ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ „პოსლეზე“ ამ დაპირებას ამომრჩეველი აღარ დაიჯერებს. 1 ოქტომბრის არჩევნებამდე „პოსლეზე“ მიცემული არცერთი დაპირება „ოცნებას“ არ შეუსრულებია.

თუმცა მივუბრუნდეთ „ოცნების“ რიგებიდან ბურჯანაძესთან გადასულ აქტივისტებს. არასტრუქტურირებული პარტიიდან ორი კაციც რომ გაგექცეს, უკვე განგაში უნდა ატეხო, მაგრამ სინამდვილეში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა „ოცნებისთვის“: ძირითადი მასა, არა - მათ ჯერაც ჩამოუყალიბებელ სტრუქტურებზე, არამედ იმ მხარდამჭერებზე მოდის, რომლებიც პარტიის მანდატებს არ ფლობენ და რომლებმაც მოაგებინეს არჩევნები კოალიციას. აქტივისტებზე მეტად, „ოცნებას“ ამ მხარდამჭერების გადინება უნდა აწუხებდეს.

არჩევნებამდე კიდევ ორთვე-ნახევარია დარჩენილი და ეს პროცესი რომ შეუქცევად ხასიათს მიიღებს, ამას ყველა ხვდება. ამავე დროს, ეს ამომრჩეველი უარს არ ამბობს „ოცნების“ მიმართ სიმპატიებზე, მაგრამ პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძეს არჩევს და ეს სრულიად ლოგიკურია. არაპოლიტიკოსებით „ოცნების“ საპარლამენტო სიის დაკომპლექტებით არც ბიძინა ივანიშვილია კმაყოფილი, ხოლო პრეზიდენტად ასეთივე არაპოლიტიკოსის წამოყენება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კოალიციამ დასკვნები ვერა და ვერ გამოიტანა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მარტვილის რაიონივით, სხვაგანაც მარგველაშვილს მხარს ლურჯად გადაღებილი „ნაციონალები“ დაუმშვენებენ, არჩევნების შედეგების განჭვრეტა სულაც არ იქნება რთული. ამომრჩეველი, რომელსაც თავს უხეთქავდნენ ეს „ლურჯი მელიები“, მათ დანახვაზე ნამდვილად არ მისცემს ხმას „ოცნების“ კანდიდატს.

გასაოცარია, მაგრამ ბურჯანაძეს ერთნაირად ებრძვის „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ძველი და ახალი ხელისუფლება რეალურ კანდიდატად სწორედ მას განიხილავს. ამომრჩეველს არ უნდა გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება: მძიმე წარსულს და გაურკვეველ აწმყოს ის დანამდვილებით არ აირჩევს, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა. დაახლოებით ისეთი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის სრულიად უდროო წასვლა.

პარტიების დაფინანსების საკითზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ უკვე დაადასტურა, რომ ძველი და ახალი მმართველი ძალა მშვენივრად ახერხებენ მოლაპარაკებას მათთვის სასარგებლო საკითხებზე. ისინი შეთანხმდნენ და დაფინანსების გარეშე მხოლოდ ბურჯანაძის პარტია დატოვეს. ამის გამართლება იმით, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, უადგილოა, რადგან, როცა დაჭირდათ, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებასაც არ მოერიდნენ. მხედველობაში სალომე ზურაბიშვილი მყავს, რომელიც, ამ ორი პარტიის ვარაუდით, ხმებს სწორედ ბურჯანაძეს წაართმევს.

როგორც სხვა საკითხებში, ესეც მცდარი გათვლაა, რადგან უკმაყოფილო ამომრჩეველი არჩევანს კანდიდატის ორიოდე თვისებით კი არ აკეთებს, არამედ დაპირებების შეუსრულებლობის და იმედგაცრუების გამო. ასეთი კი ბევრია არა მარტო „ოცნების“, არამედ „ნაციონალების“ უწინდელ მხარდამჭერებში და ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ისინი ხმას სწორედ ბურჯანაძეს მისცემენ.