ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ ძალიან მალე საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს წააკითხებს.
როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ, რომელიც მისი მეგობარია, რესტორანში, კუდ-ს თანამშრომელთა შეკრებაზე მოისმინა, როგორ საუბრობდა კუდ-ის რამდენიმე თანამშრომელი, რომ მალე საზოგადოებას ზურაბ ნოღაიდელის ნეკროლოგს წააკითხებენ.
დაიგეგმა თუ არა მისი ლიკვიდაცია და რა მოქმედებით უპასუხებს ვახო სანაიას? ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს ესაბურა.
რამდენად სანდოა თქვენი მეგობრის ნაამბობი? ფიქრობთ, რომ თქვენი ლიკვიდაციის გეგმა განიხილება შსს-ში?
ზურაბ ნოღაიდელი: ცხადია. თუმცა ამის არ მეშინია. უბრალოდ ამ ხალხს უნდა, რომ ასე იყოს. არასერიოზულად ვუყურებ ამას. ჩემი კი არა, სააკაშვილის და მერაბიშვილის ნეკროლოგს წავაკითხებ ძალიან მალე საზოგადოება და ეს იქნება პოლიტიკური ნეკროლოგი. ასევე, იმ ადამიანების ნეკროლოგს, ვინც იქ იყვნენ და იქადნებოდნენ ჩემი ნეკროლოგის წაკითხვით. ისინი აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს.
და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც რესტორანში საუბრობდნენ?
- ესენი არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კუდ-ის ე.წ. შემსრულებელი თანამშრომლები არიან, რომლებიც აუცილებლად პასუხს აგებენ.
ფიქრობთ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანების მკვლელობას უკვეთავს?
- ამას კი არ ვფიქრობ, არამედ ასეა. კარგად ვიცნობ მათ და მინდა ვუთხრა, რომ ჩემი მოკვლა ადვილი არ იქნება. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - ხელისუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი. მაგრამ, ხალხს ვერავინ ვერასდროს ვერ მორევია. საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე არჩევნების მოგება შეუძლებელია.
სააკაშვილს კი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არა აქვს იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები მოიგოს.
ადგილობრივ არჩევნებს წააგებს და შესაბამისად შეიცვლება ადგილობრივი ხელისუფლება, შემდეგ უკვე დადგება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი, ანუ თანმიმდევრულად და ნელ-ნელა კონსტიტუციურად შეიცვლება ხელისუფლება, რაც არის ჩვენი ამოცანა. მაგრამ, თუ ის ეცდება არჩევნების გაყალბებას და ხელისუფლების უზურპაციას, მაშინ ამას მოჰყვება ადეკვატური შედეგები და რაც უნდა იმუქრებოდნენ კუდ-ის მხდალი თანამშრომლები, შედეგი იქნება ერთი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია.
"იმედის" "სპეციალური რეპორტაჟის" სიუჟეტში ქვეყნის მტრების სიის სათავეში თქვენ ფიგურირებდით. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ამ გადაცემას ვპასუხობ თანმიმდევრული მოქმედებით. იმით, რომ მაისში საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება. რაც შეეხება ვახო სანაიას, ის პასუხს აგებს საკუთარი სინდისის წინაშე. კონკრეტულ იურიდიულ მოქმედებებს ნამდვილად არ მივმართავ. ამ გადაცემაში კარგად დავინახეთ, რომ სააკაშვილი არის სრულ ისტერიაში და ეს იყო ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. დაუსაბუთებელი ბრალდებების და იარლიყების მოკერების გარდა არაფერი არ იყო.
როცა სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრაზე ილაპარაკა დიალოგის დაწყებაზე, ეს შეიძლება და მე თურმე არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. ასე არაა. ეს არაა სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის ქვეყანა. მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად და აუცილებლად შევუნარჩუნებთ საქართველოს გაერთიანების შანსს.