ირაკლი ალასანიამ დაჭრილი ქართველი სამხედო მოინახულა (ვიდეო)

ირაკლი ალასანიამ დაჭრილი ქართველი სამხედო მოინახულა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა. რამაზ დავითაიასთან ირაკლი ალასანია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. კაპრალი მკურნალობის კურსს ჰაიდელბერგის კლინიკაში გადის. თავდაცვის მინისტრი დავითაიას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესედა და მალე საქართველოში დაბრუნება უსურვა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯარისკაცმა იგრძნოს, რომ დაფასებულია, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ბატონი დავითაიაც არის ჩვენი გმირი, რომელიც ავღანეთში დაიჭრა. მე მიხარია, რომ პროგრესია მისი ჯანმრთელობის კუთხით. უახლოეს პერიოდში ველოდებით მის დაბრუნდებას საქართველოში, სადაც გააგრძელებს რეაბილიტაციას. ჩვენი, საზოგადოების და სახელმწიფოს ვალია, რომ თითოეულ ასეთ გმირ ვაჟკაცს, თანამებრძოლს მოვუფრთხილდეთ და შევუქმნათ ყველა პირობა ცხოვრების ღირსეულად გასაგრძელებლად.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ კაპრალ დავითაიასთან შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელს და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სარდლის მოადილეს, გენერალ რიჩარდ ტრაიონს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მომავალში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გენერლებმა ავღანეთში ქართველების მონაწილეობისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. საუბარი ასევე შეეხო ISAF-ის მისიის მიმდინარეობას და კოალიციის სამომავლო გეგმებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა პოსტ ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ შალიკაშვილის სახელობის მართვის ცენტრი მოინახულა.