„მე რომ ვიტანჯებოდი, ოგბაიძე თავის ბურჯანაძესთან ერთად ხელისუფლებაში იყო“

„მე რომ ვიტანჯებოდი, ოგბაიძე თავის ბურჯანაძესთან ერთად ხელისუფლებაში იყო“

წინასაარჩევნო პროცესის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. ნინო ბურჯანაძის შტაბის წევრები კოალიციიდან ხალხის გადინებაზე აპელირებენ და კოაბიტაციის პროცესს აკრიტიკებენ. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრთა ინფორმაციით, რეგიონებში პარტიის წევრები „ქართული ოცნების“ რიგებს მასობრივად ტოვებენ და ბურჯანაძის პარტიაში წევრიანდებიან.

ოპონენტთა ბრალდებებს ხელისუფლების წარმომადგენლები ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებიან და ყურადღებას კონკურენტთა საარჩევნო ტაქტიკაზე ამახვილებენ.

ვინ რა ილუზიის შექმნას ცდილობს, არის თუ არა „დემოკრატიული მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ კონკურენტი და რითი აჯობა ხარატიშვილმა თარხნიშვილს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც for.ge-მ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილთან ჩაწერა:

რა ინფორმაციას ფლობთ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე - მართალია, რომ თქვენს რიგებს ხალხი მასობრივად ტოვებს?

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქმეც უფრო მარტივადაა. წინასაარჩევნო პერიოდში, უამრავი ადამიანი სამუშაოდ „ქართული ოცნების“ შტაბებში მოდიოდა. მათ შორის, ბრძანდებოდნენ ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებიც. კოალიციის კარები ყველასთვის ღია იყო და შექმნილ ვითარებაში, პარტიული ნიშნით ადამიანების გარჩევა წარმოუდგენელი იყო. სხვადასხვა პარტიიდან ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ, ზოგიერთი კი უპარტიო იყო. ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რომელიც საარჩევნო პერიოდშიც გრძელდებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ თავის პარტიას დაუბრუნდეს და „ოცნების“ შტაბი დატოვოს. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ამ პროცესს მასობრივი სახე არ აქვს და ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. კოალიციიდან ხალხის გადინების თაობაზე დასახელებული ციფრები გვარიანად გადაჭარბებულად მეჩვენება.

ეს ერთგვარი ტაქტიკაა, რომელსაც წინასაარჩევნოდ, ქალბატონი ბურჯანაძის შტაბი იყენებს და ვერ ვიტყოდი, რომ ეს კეთილსინდისიერი საქციელია, მაგრამ მსგავს ხერხს მოწინააღმდეგებეები ხშირად მიმართავენ. ალბათ, ბურჯანაძეს ან მის შტაბს სურს, ილუზია შექმნას, რომ ქვეყანში ახალი ტალღა დაიწყო და „ქართულ ოცნებას“ მათი სახით - რეალური კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა, ეს მოსაზრება რეალობიდან შორსაა, რადგან კოალიციიდან მასობრივად წასული ადამიანები ვერსად ვიხილეთ. ჩვენი რიგები მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა და მათი უფლებაა საქმიანობა სადაც სურთ, იქ გააგრძელონ.

თუმცა, საუბარია, რომ ნინო ბურჯანაძის გამო, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს. დემოკრატიულ მოძრაობასძლევამოსილ კონკურენტად არ მიიჩნევთ?

- კოალიციის კონკურენტი ნებისმიერი პარტიაა, მაგრამ არ მგონია, საქმე მეორე ტურამდე მივიდეს და ბურჯანაძის კანდიდატურა იმგვარად იქნეს წარმოდგენილი, რომ მეორე ტური მივიღოთ და მან ჩვენს კანდიდატს აჯობოს. ეს წარმოუდგენელია! მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია გუშინ გახსნა და დღეს, შიდა ქართლიდან შეხვედრებს იწყებს, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. ჩვენი საარჩევნო კამპანია საკმაოდ მძლავრია, რომლიც იქნება ხანგძლივი და დამქანცველი მართონი. ვისურვებდი, რომ აკრძალული მეთოდებით არ ვიბრძოლოთ, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ წინასაარჩევნოდ დემოკრატიული ფონი შეგვექმნა. საარჩევნო ცვლილებები მივიღეთ, რომლის გათვალისწინებითაც, შევეცადეთ, საკუთარი თავი შეგვეზღუდა და „ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არანაირი ცდუნება არ გასჩენოდა. გვინდა, რომ არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდეს და თანაბარ ბრძოლაში საუკეთესომ გაიმარჯვოს. გიორგი მაგრველაშვილის გამარჯვებაში კი, დარწმუნებული ვარ.

საკუთარი კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებული ხართ, მაგრამ დემოკრატიულ მოძრაობისწარმომადგენლები კოაბიტაციის პროცესზე აპელირებენ. ზოგადოების ნაწილს კი, ეს პროცესი სასტიკად აღიზიანებს და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, მინუსად მიჩნეულ კოაბიტაციას, გამოიყენებს თუ არა ნინო ბურჯანაძის გუნდი და წაგართმევთ თუ არა ხმებს?

- ქალბატონი ბურჯანაძე ამას უკვე იყენებს. მის გარდა, ამ პროცესს სხვა ჯგუფებიც იყენებენ და მათ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ლანძღვა-გინება უკვე დაიწყეს. ზოგიერთ მათგანს ჩემი გამონათქვამიც არ მოეწონა, როცა ვთქვი, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია წესი - თუ როგორ შეიძლება რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. მათ ამგვარ წესს უკვე მიმართეს და რეფერენდუმის ჩატარების მიზნით, 200 ათასი ხელმოწერილის შეგროვებას გეგმავენ. ოპონენტები იტალიისა და შვეიცარიის მაგალითზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თურმე, ამ ქვეყნებში, შუქნიშნის განთავსებაზეც რეფერენდუმი ტარდება, მაგრამ ბატონებო, როცა სიღრმისეულ წიაღსვლებში მიდიხართ, უნდა იცოდეთ, რომ ის არის შვეიცარია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა კონსტიტიტუცია მიიღო და მათ კონსტიტუციონალიზმის უზარმაზარი ტრადიცია აქვთ. ამასთან, მათ არ ჰყავთ მეზობელი - რუსეთი, მათ არ აქვთ ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგული, არ ჰყავთ 400 ათასი დევნილი და არ ჰყავდათ მანიაკი პრეზიდენტი, რომელიც მეგობრებთან ერთად, ციხეებში ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდა. ეს ყველაფერი საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილია და ამდენი არჩევნებით დავინგრევით და სახელმწიფოდ ვერ შევდგებით! წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანა დენთის კასრად იყო წარმოდგენილი და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. დროა საჭირო, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და თუ ადამიანები ხელს შეგვიშლიან, პასუხისმგებლობაც მათ მხარეს იქნება. ხელისუფლებას არავინ არ არის მოჭიდებული და ამორალურია, როცა ჩვენსკენ ხელს იშვერენ, რომ მინისტრები გავხდით და არხეინ ცხოვრებას შევეჩვიეთ. ეს არ არის არხეინი ყოფა და ხელისუფლებას არ ვარ ჩაჭიდებული, პირიქით, ეს დიდი ვალი და პასუხისმგებლობაა. თუ ვინმეს შეუძლია, სჯობს არჩევნებით დაგვამარცხოს და არა იმ ფსიხოზის საშუალებით, რასაც ქვეყანაში ნერგავენ. ამ ადამიანებს, ვადამდელი არჩევნები ახლა მოუნდათ?! თქვე კაი დედმამიშვილებო, ნაციონალებს ცხრა წელი აცადეთ და ვადამდელ არჩევნებზე 2004 წელს არ გისაუბრიათ, არც მაშინ, როცა გირგვლიანს კლავდნენ და არც მაშინ, როცა 2007 წელს გვარბევდნენ და ახლა რამ გაგაგიჟათ?! მესმის, რომ სხვისი ხელით გაკეთებული საქმე კომფორტულია, მაგრამ მაშინ რატომ არ საუბრობდით ვადამდელ არჩევნებზე, როცა შუბის წვერზე ვიყავით?! საქმე გაკეთდა, ეს ჭირი - მიშა სააკაშილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიშორეთ და ახლა არის ვადამდელი არჩევნები საჭირო?! ამას ხალხი გადაწყვეტს და თუ მათ, რიგგარეშე არჩევნები სურთ, ჯერ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ხალხის ნებას ვერავინ შეეწინააღდმეეგება, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ კი არა რომ კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ყველა თანანმდებობა წყალს წაუღია, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს.

თუმცა, საზოგადოების ნაწილი ვადამდელ არჩევნებს იმ მოტივით ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 40 პროცენტსნაციონალებიარ წარმოადგენდნენ. . .

- პარლამენტში ნაციონალების 40 პროცენტი შევიდა, მაგრამ ისინი დაიშალნენ და ეს პროცესი უფრო გაღმავდება მაშინ, როცა მათი კანდიდატი მეორე ადგილზეც ვერ გავა. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიად მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს და პარლამენტში სხვა კონფიგურაცია მივიღოთ. უახლოეს მომავალში, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, რომელიც უამრავი პარტიისთვის ტესტი იქნება. ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას ვიწყებთ და თუ ვინ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში, ამას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თქვენ მეუბნებით, რომ ხალხს 40 პროცენტიანი ნაციონალები არ მოსწონსო, მაგრამ ოპონენტთა გამოსვლას დააკვირდით. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ 40 პროცენტზე კი არ საუბრობენ, არამედ იმას აღნიშნავენ, რომ ვკოაბიტირებთ, მთავარი პროკურატურა უმაქნისია და „ნაციონალური მოძრაობა“ სათანადოდ ვერ დავსაჯეთ, რის გამოც, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ოპონენტების შეფასებები გაღიზიანებთ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენს ხელისუფლებას კოაბიტაცია ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესის გამო, თანამოაზრეებს კარგავთ?

- როცა ხელისუფლებაში ხარ, გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არაპოპულარულია. პერსპექტივაში, ეს პროცესი ქვეყანას გამოადგება. ბიძინა ივანიშვილს, ან რომლიმე სხვა ლიდერს უთქვამს, რომ ყველაფერი ექვს თვეში დასრულდებოდა? - ოპონენტები ამის კონტრარგუმენტს ვერ ასახელებენ.

ანუ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც საზოგადოების ნაწილის დაკვეთაა, უკუნისამდე გაგრძელდება?

- ეს პროცესი ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდება, ანუ, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. ეს პროცესი საკმაოდ მძიმე, რთული და შრომატევადი საქმეა. ჩვენდა საუბედუროდ, უამრავი ადამიანის უფლება იყო შელახული, ქვეყანაში გვყავს დაჩაგრულები და მათ შველა სჭირდებათ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, შველა ერთ დღეში და ექვს თვეში ვერ მოვა.

საზოგადოების განსაკუთრებულ აღშფოთებას ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესები იწვევს. ბაჩო ახალაია მართლდება, ამ ფონზე კი მთავარი პროკურატურა უსუსურია. რატომ გიკვირთ, ხალხის გაღიზიანება?

- ერთი ახალაია არის სამოთხის ანგელოზი და მეორე - მერაბიშვილი.

ოპონენტები სწორედ ახალაიასა და მერაბიშვილის განაჩენების გამო გაკრიტიკებენ. შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომის რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც 26 მასის მოვლენებზე ასეთ შეფასებებს აკეთებენ, ამ დროს ლამისაა, ვანო გაამართლონ და ლამისაა, ვანო მერაბიშვილის პულსზე ააგონ დღის მთელი სიახლეები. ამ დროს არავინ კითხულობს იმ ადამიანებს, რომელთა სისხლზე, ოფლსა და მოპარულ წლებზე არის მოსული ახალი ხელისუფლება. ამიტომ, სრულიად გასაგებია ჩემთვის ის იმედგაცრუება, რაც სუფევს რეგიონებში“. . .

- ახალი ხელისუფლება არამარტო ოგბაიძის ოფლითა და სისხლით მოვიდა, არამედ ჩემი, თქვენი და უამრავი ადამიანის ოფლითა და სისხლით. სისხლისა და ოფლის პრივატიზება ძალიან ცუდი თემაა. ისეთი ადამიანები მომრავლდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ყველაფერმა მხოლოდ მათზე გადაიარა. ტანჯვა-წამებამ თითოეულ ჩვენთაგანზე გაიარა. რატომღაც ადამიანები ამ ტანჯვისა და ვაების პრივატიზებას ახდენენ და ამბობენ, რომ ვიღაცამ იტანჯა, ვიღაცამ - არა. ეს შეფასებითი კატეგორიებია და სჯობს, ნუ ჩავუღმავრდებით, რადგან მე რომ ვიტანჯებოდი, ბატონი ოგბაიძე თავის ბურჯანაძესთან ერთად ხელისუფლებაში იყო და ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბერსაც ასე იყო. ამ დღეს რაც მოხდა, არ მავიწყდება! ეს ხომ ასე იყო, თუ მეშლება რამე?! ტანჯვა-წამებაზე აპელირება არ გვინდა! ამაზე საუბარი მაღიზიანებს და ის გარეთ არ გამომიტანია, რაც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გადავიტანე. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს და არ იცოდნენ, როგორი იყო სასამართლო?! ვინ არის კუბლაშილი და სხვები?! სასამართლოს პრობლემას გვინდა ცივილიზებული მეთოდებით გავუმკლავდეთ და არა ისე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, როცა სასამართლოებიდან ხალხი გამოყარა. ჩვენი მიზანია, პროცესები სასამართლო რეფორმით შეიცვალოს.

კარს ვილნიუსის სამიტია მომდგარი და როგორც ჩანს, ეს ხალხს ავიწყდება. ჩვენი ემოციური მოძრაობები სირთულეების მომტანია. მცირე გადაცდომაზე პასუხს ხალხი ჩვენ მოგვთხოვს და გვეტყვის, ამას კი ვიძახდით, მაგრამ ხელისუფლებაში თქვენ იყავით და პროცესები ცივი გონებით უნდა განგესაზღვრათო. ოთხი წლის შემდეგ, ხალხს ანგარიში უნდა ჩავაბაროთ და გაფუჭებულ საქმეზეც პასუხს ჩვენ მოგვთხოვენ. ვილნიუსის სამიტი ჩვენი მომავლის განმსაზღვრელია. შესაბამისად, ამ დღისთვის ძალიან ვემზადებით. საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერას განაპირობებს და თუ არჩევნებს სათანადოდ ვერ ჩავატარებთ, ჩვენთვის ევროპის ფანჯარა დაიკეტება. უამრავი მამოძრავებელი ბერკეტია იმისა, რომ კარგი არჩევნები ჩავატაროთ. ეს არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიულობაზე და ეს ტესტი ჩვენმა კონკურენტებმაც უნდა ჩააბარონ.

თქვენს საპრეზიდენტო კანდიდატს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. თანანმდებობის პირები იქნებიან თუ არა გამიჯნულნი საარჩევნო კამპანიისგან?

- ეს ბრალდება სისულელეა, რადგან რა რესურსი უნდა გამოყენებინა მოქალაქე მარგველაშვილს?! საპრეზიდენტო კანდიდატად ის გუშინ დარეგისტრირდა და თუ ის რომელიმე უწყების ვეტრმფრენს გამოიყენებს ან ავტომობილს, ეს იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ღრმად ნასწავლი იურისტები ხომ არიან და მითხრან, ადამიანი არ იყო რეგისტრირებული და მან რომელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა?! თუ მარგველაშვილი ამ რესურსებს მომავალში გამოიყენებს, მაშინ საქმე გაფუჭდება. მარგველაშვილს ძალიან ბევრი პლიუსი და შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ არჩევნებში მძლავრად გამოვიდეს და წარმატებას მიაღწიოს. დიდი პლიუსია ის, რომ განათლების ყოფილი მინისტრი პრემიერმა და კოალიციამ წარადგინა, თუმცა, მას ღმერთისგან ბოძებული კარგი პიროვნული თვისებები აქვს. ის იყო ბრწყინვალე მინისტრი და ამის შედეგს მოსწავლეები სკოლაში მისვლისას იგრძნობენ, როცა მათ მშობლებს სახელმძღვანელოებში 400 ლარის გადახდა არ მოუწევთ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულიპოლიტიკური გაერთიანებების შესახებკანონით, კოალიცია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს, თუმცა, საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის სხვა რა თანხები გაქვთ?

- საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეა და გარკვეული გათვლები მას ექნება გაკეთებული. ვერ გეტყვით, ფულად გამოსახულებაში ეს კამპანია „ოცნებას“ თუ რა დაუჯდება. არცერთი თეთრი არ იქნება უკანონოდ დახარჯული და ეს იქნება აუდიტის სამსახურში წარდგენილი. ფინანსების კუთხით, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და მონაცემები აუდიტის სამსახურში იქნება წარდგენილი, რომლის რეორგანიზაციაც განხორციელდა. უწყებას მოგელაძის მსგავსი ოდიოზური ფიგურები ჩამოშორდნენ.

რაც შეეხება ზურაბ ხარატიშვილს, მან პოსტი დატოვა და პოლიტიკაში წასვლას აპირებს. მისი გადაწვეტილების მოტივი რა არის?

- ნაკლებად მაღელვებს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხარატიშვილი. ეს იყო ერთდღიანი ახალი ამბავი, რომელიც მის გადადგომასთან ერთად წარსულს ჩაბარდა. ჩემში ამ ადამიანის ნამოღვაწარი არავითარ ემოციას არ იწვევს. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ის უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოექცა და მან უკუღმართი გზით წასვლა ვერ გაბედა, რაც კარგია, რადგან ეს გაბედა მისმა წინამორბედმა თარხნიშვილმა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე პანჩური მიიღო. ეს პერსპექტივა ცესკო-ს თავმჯდომარისთვის ძალიან ნათელი იყო. შენ თუ გააყალბებ არჩევნებს, მიიღებ პანღურს. შესაბამისად, თარნხნიშვილთან შედარებით, ხარატიშვილმა კარგი არჩევანი გააკეთა.

სკეპტიკოსების მხრიდან შეფასებები კეთდებოდა, რომ ხარატიშვილსოცნებამდანაციონალებმაკონკრეტული შედეგებიდაუკვეთეს“, რის გამოც, მან სიტუაციიდან გაცლა ამჯობინა . . .

- ეს კრეტინული ინსინუაციებია. რამდენი ვინმე რამეს წამოაყრანტალებს, ამაზე ფილოსოფიურ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ამ მოსაზრებაზე კომენტარიც არ ღირს. საკუთარ თავს, ფოკუსი გავუკეთეთ?! გამორიცხულია, არჩვენები გაყალბდეს! მაშინ რისთვის ვიწვალეთ, იმისთვის, რომ მოჯადოებულ წრეზე დავბრუნდეთ?!