პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, კომისიების შექმნას თავი ვერ მოაბა

პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, კომისიების შექმნას თავი ვერ მოაბა

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ მრავალგზის დაანონსებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვერ შექმნა. კონსტიტუციური რეფორმის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია ერთ თვის ფარგლებში შეიქმნებოდა. საუბარი იყო მის პარლამენტის რიგგარეშე სხდომების პერიოდში ჩამოყალიბებაზეც, თუმცა კომისიამ, რომელმაც წინასწარ გაცხადებული გეგმის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს, ამ დრომდე ფორმირებული არ არის და სულ მცირე, საშემოდგომო სესიამდე არ შეიქმნება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო კომისიის ახლო მომავალში ამოქმედების თაობაზე ბევრჯერ ითქვა, „თავის დადგმა“ ვერ მოხერხდა. ამასთან, ხმალაძის ცნობით, დაგეგმილია კომისიის პარლამენტის დადგენილებით შექმნა, რადგან ამით მას ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ექნება.

ექსპერტი კახი კახიშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ამახვილებდა ყურადღებას. მისთვის გაუგებარია რატომ არ შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იმუშავებდა ქვეყნის კონსტიტუციის მოდელზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ კომისია სექტემბერში შეიქმნება.

რატომ ვერ უზრუნველყო ამ მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნა? იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო კომისიის ახლო მომავალში ამოქმედების თაობაზე ბევრჯერ ითქვა, თავის დადგმა ვერ მოხერხდა...

ირინა იმერლიშვილი: არ ვიცი, ეს პარლამენტმა უნდა შექმნას, თუ პრემიერ მინისტრმა. ესეც მოსაფიქრებელია. ფაქტია, რომ აუცილებლად შესაქმნელია და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პარლამენტის შიგნით არსებული ძალების მიერ შექმნილი კომისია, არამედ, იმ ხალხის მიერ, ვინც ამ საკითხში არის პროფესიონალი. ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი სპეციალისტები, როგორც უნივერსიტეტში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლეები და ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არის კონსტიტუციონალისტი და ვინც შეიძლება მართლაც იმუშაოს, სწორედ ამ ხალხის შემადგენლობით უნდა შეიქმნას და ყველაზე მინიმუმ, ერთი წელი თუ მეტი არა, დასჭირდება ამ პროცესს. მე ვფიქრობ, რომ სექტემბერში ეს მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია ერთ თვის ფარგლებში შეიქმნებოდა...

- მე არ ვიცი ეს ვისი შესაქმნელია. შეიძლება პარლამენტის დადგენილებითაც შეიქმნას და ეს ხალხიც შევიყვანოთ. როგორც გითხარით, მე არ ვიცი ვინ უნდა შექმნას. შეიძლება პარლამენტმაც შექმნას თავისი დადგენილებით. საერთოდ, როგორც წესი, სახელმწიფო კომისიები იქმნება ხოლმე პრემიერის გადაწყვეტილებით. სახელმწიფო კომისიების შექმნის პრეცედენტი ამ ხელისუფლებაში ჯერ არ გვქონია. სექტემბერში აუცილებლად უნდა იქნეს ეს გადაწყვეტილება მიღებული.

დაახლოებით, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ შეიძლება გახდებს საკონსტიტიუციო კომისიის თავმჯდომარე. თქვენ ვის ისურვებდით ამ კომისიის თავმჯდომარედ?

- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს - პარლამენტის თავმჯდომარეს. დავით უსუფაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ კომისიის მართვას და ორგანიზებას. მის კომპეტენციაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება.

რამდენად იზიარებით ექსპერტების შენიშვნას, რომ ბევრ საკითხზე ვერ გაამახვილა ამ პარლამენტმა ყურადღება?

- მაგალითად?

თუნდაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი...

- აუცილებლად შესაქმნელია ეს კომისია. ერთხელ და სამუდამოდ, ისე უნდა შეიცვალოს ეს კონსტიტუცია, რომ ათწლეულებს გაუძლოს და ყოველ წელს რაღაცა ცვლილებები არ შედიოდეს კონსტიტუციაში, მაგრამ ამაში პარლამენტის უმოქმედობას ვერ ვხედავ. მართლაც დაძაბულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა და იმას გვსაყვედურობენ, რომ სწრაფი ტემპით ვიღებთ კანონებს და ერთგავარი საყვედური ოპოზიციის მხრიდან ესეც არის.

აქვე გკითხავთ, რომ პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ ვერ უზრუნველყონდობის ჯგუფისშექმნა, რომელიც გააკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ხარჯებს...

- თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ყველა ტიპის ხარჯები, პარლამენტის დასამტკიცებელი გახდა, რაც აქამდე არ იყო და ეს იყო თვითონ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა. „ნდობის ჯგუფის“ საკითხს რაც შეეხება, არ ვიცი, მე არ მაქვს ამის უფლება, რომ ეს გავამჟღავნო, მაგრამ მანდ უფრო სხვა თემები იყო, იგივე პიროვნული.

ეს უკავშირდებოდა გივი თარგამაძეს. ეს კანდიდატურა შესთავაზა უმცირესობამ პარლამენტს...

- დიახ, ასეა.

მაგრამ, რამდენად სწორია მიდგომა, რომ პარალმენტა ვერ უზრუნველყონდობის ჯგუფისშექმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უმცირესობამ შესთავაზა თარგამაძის კანდიდატურა?

- „ნდობის ჯგუფის“ არარსებობა, რომ რაღაცას ხელს უშლის, ან რაღაცა ვერ კონტროლდება, ეს ასე არაა. დანამდვილებით გეუბნებით, რომ ეს ამ წუთას ხელს არ უშლის არანაირი საკითხის გაკონტროლებას.