„პუტინი ტყუილად არსად ჩავა, ბაქოში ვიზიტი ახალი პერიოდის დასაწყისია“

„პუტინი ტყუილად არსად ჩავა, ბაქოში ვიზიტი ახალი პერიოდის დასაწყისია“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 13 ივლისს აზერბაიჯანს ესტუმრა. კრემლის ინფორმაციით, პუტინი სხადასხვა საკითხებზე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციის თანახმად, ბაქოში ვიზიტისას ექვს სხვადასხვა შეთანხებას მოეწერება ხელი. კერძოდ, განიხილავენ კასპიის ზღვის სტატუსისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემებს. პუტინის ვიზიტს დაემთხვევა რუსეთის კასპიის ფლოტის სამხედრო ხომალდების შესვლა ბაქოს პორტში.

რას ნიშნავს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის ბაქოში ვიზიტი, იცვლება თუ არა ამიერკავკასიაში გავლენის სფეროები და ძალთა ბალანსის როგორი გადანაწილებაა მოსალოდნელი? ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო როგორი შეფასება შეიძლება მიეცეს არჩევნების წინ ასეთი დონის ვიზიტს, მითუმეტეს, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლების პროდასავლურ განწყობებზე უკვე რამდენიმე წელიწადია ღიად საუბრობენ?

- შეიძლება ითქვას, რომ ბაქო-მოსკოვის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. იყო დრო, როდესაც მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგალითად, სამი-ოთხი წლის წინ, მაშინ, როდესაც პუტინის მეუღლე ბაქოში რუსული კულტურის ცენტრს ხსნიდა. საქმე თითქმის სტრატეგიულ კავშირებამდე მიდიოდა.

შემდეგ დადგა გამყინვარების პერიოდი, როდესაც გაბალას ელექტროსადგურთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. ეს თითქოს ამერიკელების გამარჯვებად ჩაითვალა და რუსეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებებიც კეთდებოდა. საკითხი ასეც კი დადგა, კარგავდა თუ არა რუსეთი აზერბაიჯანს. ამავე პერიოდში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 49 წლის განმავლობაში, რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების დამცველად მოგვევლინა, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან ასევე საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.

მას შემდეგ რუსულ მედიაში დროდადრო ქვეყნდებოდა სტატიები, რომლის ძირითადი პათოსი იყო, რომ მოსკოვი აზერბაიჯანის დაკარგვას არ შეეუება. აზერბაიჯანულ მედიაში კი ძალიან ხშირად ფიქსირდებოდა პოლიტიკოსების პოზიცია, რომლის თანახმადაც, მათთვის მისაბაძი იყო საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია.

მოგვიანებით დასავლეთმა იგივე შეცდომა დაუშვა, რაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ დაემართა - მისი მოთხოვნები ნელ-ნელა გამკაცრდა და შესაძლოა, ახლაც იგივე შემთხვევა გვაქვს, რაც მოხდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში, როდესაც დასავლეთმა დაკარგა ბელორუსი, უკრაინა. ალბათ, ისღა დაგვრჩენია, ველოდოთ, როდის განმეორდება ეს სცენარი საქართველოსთან მიმართებაშიც.

როგორც ჩანს, როგორც თავის დროზე რუსეთზე, ახლა აზერბაიჯანს ევროპაზე აუცრუვდა გული. რუსული დიპლომატია უკანასკნელ პერიოდში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თითქოს, გორჩაკოვის პერიოდს უბრუნდება და აუჩქარებლად, ყოველგვარი ისტერიის გარეშე ცდილობს, საკუთარი პოლიტიკის გატარებას. აზერბაიჯანი გაცილებით ფასეული და ღირებულია რუსეთისათვის როგორც რესურსების, ისე სატრანზიტო პოტენციალით.

პუტინის ვიზიტი რომ მზადდებოდა, ნიშნები მაისში გამოიკვეთა, როდესაც მედიაში ფიქსირდებოდა პოზიციები, რომ მოსკოვი არ შეეგუება ბაქოს დაკარგვას და როგორმე საერთო ენა უნდა გამოძებნოს მასთან. შეიცვალა აზერბაიჯანში რუსეთის ელჩი და შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი იბრუნებს აზერბაიჯანს.

გარდა ამისა, არჩევნები ახლოვდება აზერბაიჯანში, ვინაიდან ალიევის მთავარი კონკურენტი მოსკოველი აზერბაიჯანელია, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის როლი იზრდება ამ არჩევნებში. შესაძლოა, ალიევს სხვა გზა არ დარჩა და კარგად მიხვდა, რომ ძალაუფლების გადასარჩენად, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს, მასაც სჭირდება რუსეთი.

რამდენადაც ცნობილია ამ ეტაპზე ალიევი პროდასაველ ლიდერად მოიაზრება, შესაძლებელია ის რუსეთის თამაშში ჩაერთოს?

- აღარ არის ის დრო, როდესაც მხოლოდ სამხედრო ზეწოლით შეიძლებოდა გავლენის მოპოვება. აზერბაიჯანის რეჟიმი არაფრით განსხვავდება ცენტრალური აზიის რესპუბლიკების რეჟიმებისგან, ისევე როგორც ქარიმოვი და ნაზარბაევი არასდოდეს არ დათმობენ ხელისუფლებას და ეს უკვე მონარქიულ პროცესში გადადის, ისევეა აზერბაიჯანშიც.

ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ თვითონ ალიევი თავისი განათლებით შედარებით პროგრესულია, მისი მოდელის გარეგნობის მეუღლე კი მხოლოდ ჰაბიტუსით განსხვავდება ქარიმოვის და ნაზარბაევის მძიმეწონოსანი ცოლებისგან. შეიძლება ვთქვათ, რომ ლიდერი პროდასავლურობის ზღვარზე იმყოფება, მაგრამ თვითონ ქვეყნის წყობა, სახელისუფლებო ვერტიკალი, მენტალობა და ა.შ. ძალზე შორს არის პროდასავლურობისგან. თვითონ საზოგადოება არ არის მზად რომ მოხდეს დემოკრატიული რევოლუცია. ოპოზიციაც ძალზე სუსტია და პროდასავლური ღირებულებებიც.

ამიტომ მგონია, რომ ბაქოში პუტინის ჩასვლა ახალი პერიოდის დასაწყისი იქნება, პუტინი ტყუილად არსად არ ჩადის.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, 13 აგვისტოს, როდესაც რუსულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები გაიმართება, ბაქოში მეგობრული ვიზიტით იქნება კასპიის ფლოტის სარაკეტო გემი - „დაღესტანიდა მცირე საარტილერიო გემივოლგონოდნსკი“ - ეს დეტალი როგორ შეიძლება აიხსნას?

- რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი ვერ იყოფდნენ კასპიის ზღვის შელფს, სადაც ნავთობი მოიპოვება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ვიზიტის შემდეგ სამხედრო კავშირზეც იქნება ლაპარაკი. ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, გასათვალისწინებელი მომენტია, რომ აზერბაიჯანს კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდა ირანთან.

ახლა კი რუსეთმა დადო ხელშეკრულება ირანთან, რომლის თანახმადაც ახალ ატომურ ელექტროსადგურს უშენებს, რაც თავისთავად გამორიცხავს ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკას.

შორსმიმავალი გეგმებია, პუტინის ვიზიტი ყოველთვის თვეების მანძილზე მზადდება. ვთვლი, რომ მოსალოდნელია რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში გარღვევა, რაც საქართველომაც შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენოს, რადგან აზერბაიჯანმა შეიძლება, კეთილგანწყობილი შუამავლის როლი შეასრულოს საქართველოსა და რუსეთს შორის.

ამისათვის საჭიროა, თბილისსა და ბაქოს შორის აღდგეს ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ადრე არსებობდა. არ ვიცი, რას ეფუძნებოდა ეს მეგობრობა, კორუფციულ გარიგებებს, გაზს თუ რამე სხვას, მაგრამ ვიცნობ აზერბაიჯანის პრესას და ძალიან არ მომწონს ჩვენს კრიტიკას ენა რომ შეაჩვიეს. ალბათ, რაიმე გზა უნდა გამოვძებნოთ და ეს საშუამავლო რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენთ.

რუსი ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ თუ ალიევს სურს სააკაშვილისა და ერდოღანის მსგავსად ამერიკისკენ წავიდეს, ეს რუსეთს არ აწყობს, იგივეს აცხადებენ სომხეთის მიმართაც - თუ სომხეთს დასავლეთი უნდა, ჩვენ სხვანაირად მოქცევაც შეგვიძლიაო. ეს კავკასიის რეგიონის მიმართ გამოთქმულ მუქარად უნდა აღვიქვათ?

- აზერბაიჯანთან ან სომხეთთან კონფლიქტი არ იქნება ლოკალური, ისეთი 5-დღიანი კონფლიქტი, როგორც საქართველოსთან იყო. ეს იქნება დიდი ომი და მოსალოდნელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ამერიკა ირანთან სამხედრო აქციას წამოიწყებს. სხვა შემთხვევაში ამიერკავკასიაში ომი არავის აწყობს, რადგან ეს არის დენთის კასრი, უცებ აფეთქდება ყარაბაღი, ჩრდილოეთ კავკასია, საქართველოში რა მოხდება არავინ იცის და პროგნოზები მხოლოდ პესიმისტური კი არა, შემაშფოთებელია.

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ აქ დიდი ომი დაიწყოს. კი, ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ და ყველა მოსაზრებას გააჩნია არსებობის უფლება. თუ სიღრმისეულად განვიხილავთ სავარაუდო შედეგებს, ვერ ვგრძნობ, რომ სადმე დენთის სუნი ტრიალებდეს.

თუმცა აზერბაიჯანზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთი. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების ცნობით ამ ორი ქვეყნის ჯარების გაერთიანების გეგმაც არსებობს და ისიცნობილია, რომ თურქეთს ძალზე მჭიდრო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან. ეს რუსეთისთვის წინაღობა არ არის?

- როგორც ცნობილია, რამდენიმე შეხვედრა მოხდა აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიების შტაბების ხელმძღვანელებს შორის და როგორც ჩანს, თურქეთისათვის ასეთი ვალდებულების აღება ძალიან რთულია. აზერბაიჯანისთვის ეს იოლია, მაგრამ ნატოს წევრი თურქეთისათვის ასეთი გადაწყვეტილება ურთულესია. თურქეთი ვერ იკისრებს ვალდებულებას, რომ ავტომატურად ჩაერთოს კონფლიქტში, ყარაბაღის დაბრუნებას ვგულისხმობ. ბრიუსელი თურქეთს ამის უფლებას არასოდეს მისცემს.

თუკი აზერბაიჯანული არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება, რომ აზერბაიჯანში რუსული გავლენა ძლიერდება, გამოდის რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორი რუსული გავლენის ქვეშ აღმოჩნდება. რჩება საქართველო...

- ეს ნიშნავს საქართველოს რბილ იზოლაციას, ვინაიდან რაც არ უნდა გაძლიერდეს მოსკოვის გავლენა ბაქოზე, არც აზერბაიჯანის და არც სოხეთის ხელისუფლება საქართველოს ღია კრიტიკაზე არ წავა. ერევანს ერთი სომხური საწარმოც კი აღარ გააჩნია, ისეთი გავლენის ქვეშაა, მაგრამ სარქისიანის მხრიდან ერთ ანტიქართულ განცხადებასაც კი ვერ მოისმენთ.

რიტორიკის დონეზე ეს მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ ენერგეტიკის საკითხებში აზერბაიჯანთან შეღავათიან რეჟიმში თანამშრომლობის ბედნიერება გვაქვს, ეს საკითხები შეიძლება გადაიხედოს და ბაქოს გადაწყვეტილებებში რუსეთის როლი გაიზარდოს.

ასეთ შემთხვევაში, საქართველო იძულებული გახდება, უფრო აქტიურად ეძებოს რუსეთთან თანამშრომლობისაკენ მიმავალი გზები და ერთხელ და სამუდამოდ, დღევანდელ ქართულ დიპლომატიას მოუწევს შეეგუოს მწარე რეალობას, რომ ერთდროულად კარგი ურთიერთობა მოსკოვსა და ბრიუსელთან შეუძლებელია.

თუკი ძალთა ბალანსი იცვლება, შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკა უარს ამბობს კავკასიაში საკუთარ გავლენებზე?

- ოფიციალურ უარს ვერც ერთ საჯარო დოკუმენტში ვერადოდეს ვერ ნახავთ, მაგრამ დიპლომატიაში არასდროს არაფერს ნიშნავს რიტორიკა, საჯარო განცხადებები და დოკუმენტები. მთავარი რეალური შედეგია. შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისეთი აქტიური დაინტერესება როგორც 5-6 წლის წინ იყო, დღეს არ შეინიშნება. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სიტუაცია არ შეიცვლება 3-4 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკა კრიზისიდან გამოვა და შეიცვლება ამერიკის ხელისუფლება.

ანუ საქართველო რის იმედად რჩება?

- ბრიუსელის გაუთავებელი დაპირებების იმედად, რომ აუცილებლად შევალთ ნატოში. ხრუშჩოვის ლოზუნგები მახსენდება - კომუნიზმში შესვლას რომ გვპირდებოდა და ეს კომუნიზმი არა და არ ჩანდა. ბრიუსელიც გვეუბნება, რომ საქართველოს მომავალი თაობა იცხოვრებს ნატოს რიგებში - ასეთი დაპირებები სულ იქნება, ხრუშჩოვის დაპირების ბედი ელოდება ამასაც თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო ჯერ კიდევ დაპირებების იმედზეა. აღარც ინვესტიციები შემოდის, ეკონომიკა რა დღეშია, ყველა ხედავს.

შეიძლება ეს კარგიც იყოს, ეგებ, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, ქვეყნის პირველი პირების ჩათვლით, როგორმე მივხვდეთ, რომ სხვის იმედზე ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს, რომ აუცილებელია, ყველა საკუთარი თავის იმედზე იყოს.