კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. ეს ბოლო 1 თვეში მეორე შემთხვევაა, როდესაც აფთიაქარები წამლების ღირებულების თვითნებურად და ერთბაშად ზრდიან. ჯანდაცვის სამინისტრო კი იმუქრება, რომ უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
ფასების ხელოვნური მატება დაფიქსირდა რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას - ეს კი მნიშვნელოვნად აზარალებს, როგორც მოქალაქეებს, ასევე სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ადასტურებს, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები შეინიშნება.
„ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.
წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს. ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
როგორც ჩანს, ვითარება მკაცრი კონტროლის გარეშე ვერ დარეგულირდება. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მოკვლევას დაიწყებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მოკვლევის შედეგად გამოიკვეთება საქმე გვაქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებასთან თუ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან. საბოლოოდ კი კანონის დარღვევა თუ დადასტურდება, შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიები დაჯარიმდებიან.
„ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვცვლით ჯანდაცვის სამინისტროსთან და უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ მოკვლევის დაწყებას. სავარაუდოდ, იგი წარიმართება ორი მიმართულებით. ესენია, შესაძლო არაკეთილსინდისიერად შეთანხმებული ქმედება მსხვილი ფარმაცევტული ქსელების კუთხით და აღნიშნულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება.
კონკურენციის სააგენტო გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ მოკვლევას დაიწყებს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესი აჩვენებს, რომ კონკურენციის კანონმდებლობა დაირღვა, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს დამრღვევი კომპანიების სანქცირებას. საკითხს პასუხი უნდა გასცეს მოკვლევის პროცესმა“, - განაცხადა ლექვინაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური მატება და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა.