„ვივამედის“ ურჩი პაციენტი, შესაძლოა, უკან, საკანში მიაბრძანონ  

„ვივამედის“ ურჩი პაციენტი, შესაძლოა, უკან, საკანში მიაბრძანონ  

22 მარტს, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ კლინიკა, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკამ ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ სააკაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში მკურნალობას განზრახ არ იტარებს და საკვებსაც საკუთარი სურვილისამებრ იღებს. ის არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციას, ამიტომ კლინიკა მიიჩნევს, რომ მათი რეპუტაციული ზიანის თავიდან არიდებს მიზნით, სჯობს სააკაშვილი კლინიკად გადაიყვანონ.

„ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.

შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. პატივისცემით, სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ ადმინისტრაცია“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელობა.

„ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო - მას (მიხეილ სააკაშვილს) მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ“, - მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა მისმა უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ადვოკატებმა ორი კვირის წინ ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორია მოითხოვეს, რომელიც ამ დრომდე არ მიუღიათ.

სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს: „ყველაზე ნაწყენი ვარ, რადგან ჩემი შვილი კვდება, კლავენ - საზოგადოებას პარტიებად არ ვყოფ, იმის დრო არ მაქვს, ყველასთან სათითაოდ ვარკვიო, ვინ რას გეგმავს, მე შედეგს ვხედავ“.

„არ ვიცი „ვივამედის“ განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, აქ საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე“, -  განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენის განმარტებით, მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ვივამედმა“, როგორც კერძო სამოქალაქო კლინიკამ, რომელსაც იუსტიციის სამინისტროსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ლეგიტიმური წუხილი გამოთქვა. აბაშიძე აცხადებს, რომ აბეზარი სააკაშვილი საკუთარი დესტრუქციული ქმედებებით ამ კლინიკას იმიჯს ულახავს, საკუთარ თვალთმაქცობას და ე.წ. ფსევდო მომაკვდავობას, საკუთარი ქულების დასაწერად იყენებს. ეს ბუნებრივიც არის და არ არის ვალდებული კერძო ბიზნესი დესტრუქციული ადამიანის ხუშტურებზე იაროს და რეპუტაცია გაანადგურებინოს.

„სააკაშვილი არ იღებს საკვებს, მედიკამენტებს, თავს მედპერსონალს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს. არც ერთი სამოქალაქო თუ სარეჟიმო კლინიკა არ არის ვალდებული, რომ ნებისმიერ პაციენტს ძალისმიერი მკურნალობა ჩაუტაროს. ამიტომ აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია „ვივამედის“ განცახდება. ახლა ეს ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ დაწესებულების გადასაწყვეტია. სად შეიძლება ეს აბეზარი პაციენტი გადაიყვანონ, რომელიც არა მხოლოდ თავს ესხმის მედიკოსებს, არამედ უტიფრად აცხადებს, რომ მას აწამებენ. არადა მთელი ქვეყანა ხედავს, რომ ის კლინიკის ლუქსპალატაშია წამოწოლილი და თავის ექიმებს აქეთ ესხმის.

ეს არის სრული ანომალია, რომ სააკაშვილის წონა და დიეტა საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკაავშირებული და ამის პოლიტიკურ სიბრტყეში განხილვა, აბსოლუტურად მიუღებელი და უპრეცედენტოა. ეს არის რევანშისტი სააკაშვილის და მისი ანტურაჟის ერთ-ერთი კომპონენტი, რომ თითქოს მომაკვდავი პრეზიდენტის საქმის სპეკულირებით, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მოახდინონ და რაც მთავარია, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია შეფერხდეს. არც ერთი და არც მეორე არ მოხდება. ევროპის ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან. იმის მიუხედავად, თუ რას ამბობენ ამ ინსტიტუტებში მომუშავე დასაქმებული აქტორები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას უნამუსოდ ამუნათებენ“,- ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა გაირკვას საბოლოოდ სააკაშვილი სად და როდის გადაიყვანონ. აბაშიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგებია კომერციული, კერძო კლინიკის პოზიცია, რომელსაც სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებენ. აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილი მისი გარემოცვის სრულ ტყვეობაშია. მას თავად საბოლოოდ ვერ გადაუწყვეტია უნდა პოლიტიკაში დარჩენა თუ არ უნდა. ასევე ვერ გაუგია, რომელი ქვეყნის პოლიტკოსია, უკრაინის თუ საქართველოსი. მის ჯანმრთელობას და მდგომარეობას მისივე გარემოცვა ქვეყნის საჯიჯგნად და მანიპულაციებისთვის იყენებს. თუმცა აბაშიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ მისცემს.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძეც იფქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯამრთელობას მიზანმიმართულად იზიანებს. კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საბოლოოდ, ქვეყნის შიგნით რეალურად ყველა მიხვდა ეს ადამიანი რა თამაშს თამაშობს და მისი გარემოცვის ერთი სიტყვის აღარავის სჯერა. მიუხედავად ამისა, მისი ოჯახი და გარემოცვა ქვეყნის გარეთ ჯერ კიდევ ახერხებს გარკვეულ პოლიტკურ ძალებში მისი ჯამრთელობით სპეკულირებას. ისინი ლობისტური კომპანიების დახმარებით ქვეყნის იმიჯს ძირს უთხრიან. ამიტომ „ვივამედის“ პრეტენზიები ანალიტიკოსისთვის გასაგებია, მაგრამ ფიქრობს, რომ სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს, რათა ის ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი.

„მგონია, რომ მისი საავადმყოფოში ყოფნა უფრო გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ თანხებთნა არის დაკავშირებული. უბრალოდ, ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ყველაფერზეა წამსვლელი. მას საკუთარი თავის გარდა რეალურად არავინ აინტერესებს. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, ზიანს ისევ ქვეყანა და ხელისუფლება მიიღებს. კარგი ისაა, რომ ქვეყნის შიგნით მისი არავის აღარ სჯერა. საკუთარი მომხრეები კი მის გამო თავს არ იწუხებენ. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე მისი ქცევა მოქმედებს და ის სწორედ ამით მანიპულირებს. ამიტომ ეს ადამიანი ხიფათის მომტანია და მისი მაქსიმალური მეთვალყურეობა საჭირო მგონია.

იმ განცხადებების ფონზე, რასაც ევროპარლამენტარი დეპუტატები აკეთებენ, კორდინირებულად მოქმედებენ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ის, რომ სააკაშვილის მიზეზით ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ. ნახეს, რომ ქვეყანაში ახალგაზრდები ევროკავშირის თემის ირგვლივ ძალიან მგრძნობიარეები არიან და სააკაშვილი ერთ-ერთ კოზირად ჰყავთ შემონახული, მერე რომ დასჭირდეთ ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ააგორონ. ჩვენ ხელისუფლებას სიფხზილე ამიტომ სჭირდება. კაცმა არ იცის სააკაშვილის ნების გარეშე ვინ როგორ იმოქმედებს და ის უბრალოდ მათ ხელში ბრმა იარაღი იყოს“, - ამბობს კიკნაძე.

merab დაამთავროთ იქნება ეს უწი-პუწი.
ეგ პატიმარი, სხვა პატიმრების წამებით სიამოვნებას ღებულობდა.
კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. დედა რას ამბობს, ცოლი რას და შვილი რას, კანონს არ უნდა აინტერესებდეს.
1 წლის უკან