მართალია მკვეთრად არა, მაგრამ სავაჭრო ქსელებში პროდუქტების გაიაფება უკვე შეინიშნება. ძირითადად, ეს უკავშირდება ფასდაკლების აქციებს, რომელსაც უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე ადრე. სხვა მხრივ ვითარება უცვლელია. ძირითადი მოხმარების საქონელი მასობრივად არსად გაიაფებულა. ვითარებას სათანადოდ ვერ აბალანსებს მუდმივად გამყარებადი ეროვნული ვალუტაც.
რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი ამტკიცებს, რომ რიგ მარკეტებში ფასების შემცირების ტენდენცია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უკვე შეინიშნება. ყველა სავაჭრო ობიექტს თავისი ინდივიდუალური პირობები აქვს, სააქციო შეთავაზებები და ფასდაკლებები.
„ბუნებრივია, რითეილ სექტორის უპირველესი მიზანი და ამოცანაა, რომ კონკურენტული ფასი შესთავაზოს მომხმარებელს, რომ ის დარჩეს მომგებიან პოზიციაში. ძალიან მონდომებულნი ვართ, რომ დავარეგულიროთ აღნიშნული საკითხი. თუმცა, საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი, რადგან დიდი საოპერაციო ხარჯები აქვს რითეილ სექტორს“, - განმარტა სოფიო ქაშაკაშვილმა.
ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლებას ადასტურებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძეც, ოღონდ მისი ინფორმაციით, ეს უფრო სხვადასხვა ტიპის აქციების სახით ხდება. თუმცა, მისი აზრით, მომხმარებლისთვის მთავარი არის რამდენად შეღავათიანად და უკეთესი ღირებულებით შეიძენს პროდუქტს. ამას აქციის გზით მიიღებს, თუ მუმდივი ფასით არ აქვს მნიშვნელობა. მოქალაქეებს დღეს აქვთ უკეთესი ფასები, ვიდრე იყო თებერვლამდე პერიოდში.
„ჩვენ, თებერვლის დასაწყისში შევარჩიეთ 10 პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი, რომელთაც სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანი წილი აქვს და მათზე გავაკეთეთ ფასნამატის ანალიზი, იმპორტის თვითღირებულებიდან რითეილ ქსელში შეტანის მომენტამდე და შემდგომ, რითეილიდან დახლების ფასთან მიმართებაში. ამის შედეგად გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი ფასნამატები, რომლის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და გააკეთა მოწოდებაც, რომლის შედეგადაც დაიწყო აქტიური პროცესი ეკონომიკურ გუნდს, იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის.
საბოლოო ჯამში, ამ კომუნიკაციიდან თვენახევრის თავზე, სავაჭრო ქსელებში ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე ბევრი აქცია გვაქვს, რაც ფასთაშორის სხვაობაში საკმაოდ ხელშესახებია. იგივე ზეთი, წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, კვერცხი, ბურღულეული, თუ სხვა პროდუქცია აქციების სახით შეთავაზებულია მომხმარებელისთვის. საკვების წრე საკმაოდ ფართოა, რაც ძალიან კარგია. ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ კურსი მყარდება. უნდა აღინიშნოს ისიც, თანამშროლობის შედეგად კონკურენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, როგორც რითეილ, ისე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მხარეებს შორის“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ირაკლი ლექვინაძემ და დასძინა, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო აპრილის დასაწყისში გადაამოწმებს და მონიტორინგს ჩაუტარებს ძირითად პროდუქტებზე ფასებს, რათა დადგინდეს თებერვლიდან მოყილებული რეალური ეფექტი.
რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კი იმ კანონპროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს.
„ამ საკითხზეც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, კონსულტაციებს გავდივართ, ჩართულები ვართ როგორც რითეილი, ისე იმპორტიორები. გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, გარკვეული საკითხები განვიხილეთ, თუმცა პროექტის სამუშაო ვერსია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ყველას მხარე მოსურნეა, რომ დოკუმენტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდეს“, - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს და რეგულაციები საქართველოშიც დაწესდება.